"მანქანითაც რომ გადაგიარონ ფეხზე, ღიმილით გეტყვიან: "აკუნა მატატა" - კვირის პალიტრა

"მანქანითაც რომ გადაგიარონ ფეხზე, ღიმილით გეტყვიან: "აკუნა მატატა"

ზურაბ გურიელიძე შეყვარებულია აფრიკაზე. არ მალავს, რომ ყველა მოგზაურობისას მისი მთავარი ინტერესი ცხოველები იყო. თავისი შთაბეჭდილებებითა და ისტორიებით ზურაბ გურიელიძე "კვირის პალიტრის" სტუმარია.

ზიმბაბვე

1997 წელს მოვხვდი პირველად აფრიკაში, ზიმბაბვეში, კონფერენციაზე. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩანჩქერმა ვიქტორიამ მოახდინა, რომელსაც ადგილობრივ ენაზე მოზი ოა ტუნია ჰქვია და ნიშნავს მოგრუხუნე ნისლს. ჩანჩქერის სიგანე 1 200 მეტრია, აქედან ათასი მეტრი მდებარეობს ზიმბაბვეში, 200 - ზამბიაში. სიმაღლე 500 მეტრიდან 100 მეტრამდეა. გარშემო თითქმის ყველგან წვიმს. შთამბეჭდავი სანახაობაა, ხმაურიანი. სადაც გაიხედავ, ყველგან ცისარტყელაა. ძალიან საინტერესო ადგილია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს გალუმპული გამოდიხარ. ძირითადი პრობლემაა, როგორ გადაარჩინო ფოტოაპარატი. საკუთარ თავზე აღარ ფიქრობ.

ზიმბაბვეში შევხვდი სპილოებს, ჟირაფებს, ანტილოპებს, გარეულ კამეჩებს... სასაცილო სანახავები იყვნენ ჟირაფები, როდესაც ეს უზარმაზარი ცხოველები ხეს ეფარებოდნენ და გვემალებოდნენ.

შევხვდი შონას ტომის წარმომადგენლებს, ვიყავი მათ სოფელში. ტიპური აფრიკული სოფელია. გამაკვირვა მხოლოდ იმან, რომ ყოველ სახლთან დაახლოებით 1 მეტრი დიამეტრის პატარა ფეხებზე შემდგარი სახლები შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ ეს სახლები პატარა ბავშვებისთვის იყო - მტაცებლისგან რომ დაეცვათ, ყოველ ღამით იქ აძინებდნენ, ამოქოლილ კარს მიღმა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სპილოების ეროვნულ პარკში შესანიშნავი დრო გავატარეთ. საინტერესო იყო ოკეანის პირას ვეშაპებთან შეხვედრა. კონცხზე ვიდექით და ველოდით, როდის გამოჩნდებოდნენ. კარგა ხანის შემდეგ ერთი უზარმაზარი არსება გამოჩნდა. გაკვირვებული ვიყავით მისი სიდიდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის არცთუ ისე დიდი ბავშვი-ვეშაპი იყო, ცოტა ხანში კი დედა ვეშაპმა მოაკითხა. აი, მაშინ მივხვდით, რას ნიშნავს, იყო უზარმაზარი. დაახლოებით 20 წუთი თამაშობდნენ, წყალში ხტოდნენ. ეს იყო საოცარი სანახაობა. ვნახე აფრიკული შავფეხა პინგვინებიც.

შემდეგ კვლავ სამხრეთ აფრიკას ვეწვიე, ოღონდ - აღმოსავლეთ სანაპიროს. ერთ-ერთ პარკში მიმავალთ გზაზე გაწოლილი სამი აფთრის ლეკვი დაგვხვდა. არ იძვროდნენ. გზა ძლივს ავუქციეთ. ლომების პრაიდს რომ ვიღებდით, გვანიშნეს, რომ ხიდან ლეოპარდი გადმოგვჩერებოდა. ერთხელ ჩვენს მანქანას სპილო გამოეკიდა. ვერ მივხვდით, რატომ გაგვიბრაზდა. მისგან გამოქცეულებს მოსახვევში სპილოების მეორე ჯოგი დაგვხვდა, მაგრამ მოულოდნელად გზა გათავისუფლდა, ჩვენმა მძღოლმაც დრო იხელთა და სამშვიდობოს გაგვიყვანა. თავის სოფელში გვიმასპინძლა ზულუსების ტომმა.

კენია

კენიაში, ნაკურუს ეროვნულ პარკში ცხოვრობენ დიდი ვარდისფერი ფლამინგოები. რომ მივუახლოვდით, უცებ თავს წამოგვადგა თეთრი მარტორქა. ცნობისმოყვარედ აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე მიბრუნდა და წავიდა. ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავია, რომ შეშინებას ვერც ასწრებ. ნაკურუდან მასაიმარაში გადავინაცვლე. აქაურებს ბევრი რამ აინტერესებთ ჩვენზე. მაგალითად, ერთ-ერთმა იკითხა, მზე ჩადის თუ არა საქართველოშიო. ძალიან გამხიარულდა, როდესაც ჩვენს ფულზე გამოსახული ლომი დაინახა. სიცილით მოკვდა, ჩანს, ქართველებს არ გინახავთ, ლომი როგორიაო.

- მასაების ტომის მეომრებზე მიამბეთ...

- მათ მორანებს ეძახიან.

მასაების იარაღია შუბი და სიმი, დაახლოებით 50 სანტიმეტრი სიგრძის ხანჯალივით იარაღი. ალყაში მოქცეულ ლომს ერთი კუდით იჭერს, დანარჩენები კი შუბს ესვრიან. აუცილებელია, თავდასხმის დროს წამოსულ ლომს შუბი ღია ხახაში ჩასცენ.

- მათთან ქალების წინდაცვეთა ხდება? - ქალების წინდაცვეთა აფრიკის ბევრ ქვეყანაში ხდება, მაგრამ მასაებთან - არა. ეს უფრო დასავლეთ აფრიკის ტომებშია გავრცელებული.

კილიმანჯაროს მთა ვნახე როგორც კენიის, ისე - ტანზანიის მხრიდან. საინტერესო სანახაობაა მდინარე მზიმა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მის სათავეებთან ათეულობით ბეჰემოთი ცხოვრობს. ეს ცხოველი აგრესიულია, არადა, ადამიანებს მშვიდი ჰგონიათ.

ტანზანია

ტანზანიაში 4-ჯერ ვიყავი. განსაკუთრებით მიყვარს სერენგეტის ეროვნული პარკი. აქ ერთ ხეზე წამოწოლილი 15 ლომი აღმოვაჩინეთ. ვნახეთ, როგორ შეებრძოლნენ ერთმანეთს ძუ ლომი და ორი ლეოპარდი.

საინტერესოა ნგორონგოროს კრატერი. ამბობენ, რომ სანამ ვულკანი ამოიფრქვეოდა, ეს ყველაზე დიდი მთა იყო.

მოგეხსენებათ, აფრიკაში ჩრდილი იშვიათობაა. ჰოდა, ერთ-ერთმა ლომმა გადაწყვიტა, ჩვენი მანქანის ჩრდილი გამოეყენებინა - უკანა საბურავს შემოეხვია, სხვა ლომები გვერდით მიუწვნენ და სანამ არ მოსწყინდათ და არ წავიდნენ, ველოდით. ამასობაში დაახლოებით 1 საათი გავიდა. გვითხრეს, რომ ერთ ჯგუფს დაეზარა ლოდინი და ჩვენს მდგომარეობაში აღმოჩენილმა ლომს ფეხზე გადაუარა. გაბრაზებულ მხეცს საპასუხოდ საბურავები დაუგლეჯია.

ტანზანიელები ძალიან ამაყობენ იმით, რომ მათი ქვეყნის სიმბოლო არის ჟირაფი - ძალიან წყნარი და მშვიდი ცხოველი.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ბევრ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია მძიმეა, ტანზანია შედარებით მშვიდია. იქაც და კენიაშიც სუაჰილის ენაზე ლაპარაკობენ. ცნობილია აქაური გამოთქმა - პოლე-პოლე, ანუ ნელ-ნელა. მართლაც არსად ჩქარობენ. ცნობილია ასევე აქაურების გამოთქმა - "აკუნა მატატა", რაც ნიშნავს: "პრობლემა არ არის". მანქანითაც რომ გადაგიარონ ფეხზე, ღიმილით გეტყვიან: "აკუნა მატატა".

აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებულია მანქანის საბურავებისგან დამზადებული ფეხსაცმელი. ერთმა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, სუვენირად ეყიდა და ძAალიან ძვირი დაგვიფასეს. რომ გაიკვირვა, საბურავისგან დამზადებული ფეხსაცმელი ამდენი რატომ ღირსო, უპასუხეს, ეს ჩვეულებრივი კი არ არის, "პირელის" საბურავისგან არის შეკერილიო.

სამხრეთაფრიკული ბრენდული ღვინოები ძალიან ძვირად ფასობს. კილიმანჯაროსთან ახლოს ბანანის ლუდი გავსინჯე, რომელსაც მბეგეს ეძახიან. სასიამოვნო დასალევია.

რამდენჯერმე მოვხვდი იქაურ სკოლებში. ერთი ხის ძირას იყო, მეორე - ხის ღრიჭოებიან ფარდულში. მოსწავლეები დიდი მონდომებით ამბობდნენ ლექსებს. სწავლით კი სწავლობენ, მაგრამ მათი უმრავლესობის ძირითადი საქმიანობა მაინც ლუკმაპურის შოვნაა.

ეკა სალაღაია