ჯაზის დედოფლის ტრაგიკული ცხოვრების დეტალები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ჯაზის დედოფლის ტრაგიკული ცხოვრების დეტალები (ექსკლუზივი)

ის, რაზეც ელა ფიცჯერალდი არასდროს ლაპარაკობდა

ჯეფრი მარკს ჰოლივუდში შოუბიზნესის ცოცხალ ენციკლოპედიას უწოდებენ. ბრუკლინელმა ბიჭმა ცხოვრების დიდი ნაწილი ვარსკვლავების გარემოცვაში გაატარა. ნიუ-იორკის ღამის კლუბების წევრი, მომღერალი, "ემისა" და "გრემის" ნომინანტი რამდენიმე ბესტსელერის ავტორია. მისი ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული წიგნია "ელა" - ლეგენდარული ელა ფიცჯერალდის ბიოგრაფია, რომლისთვისაც მასალებს ავტორი 20 წელს აგროვებდა. ჯეფრი მარკი ჯაზის დედოფლად წოდებული ელა ფიცჯერალდი არ სწყალობდა მედიას და მისი ცხოვრების ბევრი დეტალი საიდუმლოდ დარჩა. მისმა მეგობარმა და წიგნის ავტორმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის გაეცნო სულ სხვა, უცნობი ელა.

პირველად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ელა ფიცჯერალდის მეგობარი და წიგნის ავტორი ჯეფრი მარკი ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების უცნობი დეტალების შესახებ მოგითხრობთ.

"ბრწყინვალე კარიერის უკან ტრაგიკული ელა იდგა"

"იცით, რა იყო ელას კონცერტების საფირმო ნიშანი? არასოდეს დგამდა ერთ შოუს ორჯერ, არანჟირების 300 ვერსიიდან იმას ირჩევდა, რომელიც იმ საღამოს ემღერებოდა, შესაბამისად, მისი შოუ არასდროს მეორდებოდა. იმ პერიოდში, როცა მე გავიცანი, დიაბეტსა და გულის დაავადებებს ებრძოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდა. მაშინ მთხოვეს, მისი ვოკალური დიაპაზონისა და ავადმყოფობის გათვალისწინებით შემედგინა ახალი რეპერტუარი. ნება დამრთეს შევსულიყავი მასთან კულისებში... ელა იყო საოცრად მორცხვი ქალი, არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს, მხოლოდ პატარა კომენტარებს. მიყვარს იმ ადამიანებზე წერა, რომლებიც პროფესიონალები არიან. ელა იყო და იქნება ჯაზის ისტორიაში უდიდესი მომღერალი. მას დღემდე ტოლი არა ჰყავს. დამისახელეთ რომელიმე ჯაზის მომღერალი დღეს და დაგიმტკიცებთ, რომ მათ შესრულებაში ელას გავლენა იგრძნობა, სწორედ ის არის მათი ინსპირაციის წყარო. აქამდე ელა ფიცჯერალდის სცენის მიღმა ცხოვრების დეტალები არასდროს დაწერილა, არადა, ბრწყინვალე კარიერის უკან ტრაგიკული ელა იდგა. წიგნში თავი მოვუყარე ამერიკის ისტორიის, ფერადკანიანთა ცხოვრებისა და ჯაზის მიმდინარეობის საინტერესო ფაქტებს. წიგნზე მუშაობის იდეა მომაწოდა ვალ ვალენტინმა, ის ელა ფიცჯერალდის ხმის რეჟისორი იყო 1956-1979 წლებში. მან მითხრა, ჯობს ახლავე შეუდგე მუშაობას და კითხვების დასმას, სანამ ყველა დავხოცილვართო".

რამდენიმე ფაქტი მომღერლის ცხოვრებიდან

"მას მუსიკის პირველ ლედის ეძახდნენ; იყო 13 "გრემის" მფლობელი და პირველი შემსრულებელი, რომელმაც ერთ წელიწადში ორი "გრემი" მოიგო. სამოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით ინტონაციის განუმეორებელი იმპროვიზაციით გამოირჩეოდა. იყო პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელსაც თავისი ბენდი ჰყავდა. მოგეხსენებათ, მაშინ ფერადკანიანისთვის ძალიან ძნელი იყო შოუბიზნესში გზის გაკაფვა. ელა გარშემორტყმული იყო თეთრკანიანი მამაკაცებით და მუდმივად დისკრიმინაციული თავდასხმების მსხვერპლი ხდებოდა კანის ფერისა და სქესის გამო. მიუხედავად ამისა, საჯაროდ არასდროს მოუყოლია ამის შესახებ. სანამ ქალთა მოძრაობა შეიქმნებოდა, ელა ფიცჯერალდი მარტო არღვევდა ბარიერებს. სამოქალაქო მოძრაობის განვითარების საწყის ეტაპზე ელა მათ ფინანსებით ეხმარებოდა.

საზოგადოებამ არაფერი იცოდა ელას პირადი ცხოვრების რამდენიმე ფაქტის შესახებ:

ბავშვობაში მას გოგონათა იზოლატორში სასტიკად ეპყრობოდნენ;

15 წლამდე იყო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი;

ჰარლემში ცხოვრების პერიოდში პროსტიტუციით ირჩენდა თავს.

მერილინ მონრო და ელა ახლო მეგობრები იყვნენ. მონრომ თავისი კავშირები გამოიყენა, რომ ფერადკანიანი მეგობრისთვის შოუბიზნესში გზა გაეკვალა.

წიგნში ასევე აღწერილია მომღერლის სიცოცხლის ბოლო წუთები. სიკვდილის წინ ელას ბოლო სურვილი გახლდათ, მისი მუსიკა უკვდავი ყოფილიყო..."

"მინდა მხოლოდ ჰაერის სურნელს ვგრძნობდე"

"1986 წლის სექტემბერში ლეგენდარული მომღერლის ჯანმრთელობა გაუარესდა და სასწრაფოდ შუნტირება დასჭირდა. ექიმებმა დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მხედველობის დაკარგვის მიზეზიც გახდა.

იმდროინდელი პრესა წერდა, რომ ელა ფიცჯერალდი ვეღარ შეძლებდა სიმღერას, თუმცა მან თავისი შეუპოვრობით სრულიად საპირისპირო დაამტკიცა - ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, სცენაზე დადგა და იმღერა.

1990-იან წლებში 200 ალბომი ჩაწერა, 1991 წელს კი კარნეგი-ჰოლში მისი ბოლო კონცერტი გაიმართა.

76 წლის ასაკში ვერაგი დაავადების გამო ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა... მას შემდეგ ელა თავის სამყაროში ჩაიძირა და ამ თემაზე საუბარი აკრძალა.

მეგობრებთან ხშირად ლაპარაკობდა რომანტიკულ და სექსუალურ თავგადასავლებზე, მაგრამ ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებს არავის უმხელდა. სიცოცხლის ბოლო წლები სახლში გაატარა, საათობით იჯდა ბაღში, სადაც ბუნებითა და შვილიშვილთან ურთიერთობით ტკბებოდა. "მინდა მხოლოდ ჰაერის სურნელს ვგრძნობდე, ჩიტების ჭიკჭიკი და ალისას სიცილი მესმოდეს", - ამბობდა ბოლოს.

როდესაც მის ცხოვრებაზე ვწერდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეთქვა მხოლოდ სიმართლე და არა უტრირებული, ან ლამაზად შეფუთული ამბები გადმომეცა. სენსაცია და სკანდალი მიზნად არ მქონია".

მერილინი და ელა

"მერილინ მონრო იყო 50-იანი წლების ლეგენდებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ელას ხმაში პირადი სევდის გამოძახილი აღმოაჩინა. მერილინი ეძებდა ელასნაირ მეგობარს და როცა შეხვდნენ, მაშიIნვე დამეგობრდნენ. მონრო ამბობდა, რომ ელას ხმის გაგონებაზე ჟრუანტელი უვლიდა და მასთან ურთიერთობა ამშვიდებდა. ისინი ერთმანეთს ასწავლიდნენ, როგორ დაეძლიათ ცხოვრებისეული სირთულეები. მერილინ მონრომ ყველაფერი გააკეთა, რომ ელას რასისტული ბარიერები გადაელახა. ელა არასდროს ლაპარაკობდა მისი ცხოვრების ბნელ და ტკივილიან მხარეზე. ეს წიგნი რომ წაეკითხა, ალბათ, იტყოდა: "მე სიმართლე გავამჟღავნე და ის სიყვარულით და პატივისცემით გადმოვეცი".

ცოტა რამ ელა ფიცჯერალდის ცხოვრებაზე

ელა ჯეინ ფიცჯერალდი, მე-20 საუკუნის ლეგენდარული ჯაზის მომღერალი, პრეზიდენტმა რეიგანმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო უფროსმა ბუშმა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

ელა ფიცჯერალდი ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინიის შტატში დაიბადა. მამა მისი დაბადებისთანავე გაუჩინარდა, დედა კი ავტოავარიაში მოყვა და 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ელა 14 წლისა იყო. დედის გარდაცვალებიდან ერთ წლის განმავლობაში მამინაცვალთან იზრდებოდა, შემდეგ კი ჰარლემში, დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ჰარლემში იწყება ელას, როგორც მომღერლის დაბადება. მისი სასიმღერო დებიუტი 17 წლის ასაკში, 1934 წელს "აპოლოს" თეატრში შედგა და წარმატებამაც არ დააყოვნა...

ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა არსებობს მესამე ქორწინების დამადასტურებელი საბუთიც. ელა ფიცჯერალდის პირველი ქმარი იყო ბენი კორნეგეი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააპატიმრეს. ქორწინება სწრაფად იქნა ანულირებული. მეორედ ელამ 1947 წელს ცნობილ ბასისტ რეი ბრაუნზე იქორწინა, წყვილმა ელას ნახევარდის ახალშობილი იშვილა, რომელსაც რეი ბრაუნ-ჯუნიორი დაარქვეს. ელა და ბრაუნი 1952 წელს განქორწინდნენ. როგორც 1957 წლის ივლისში "როიტერსი" იტყობინებოდა, ელა მალულად დაქორწინდა თორ ეინარ ლარსენზე, ოსლოელ ახალგაზრდა ნორვეგიელზე. ელამ ბინაც კი შეიძინა ოსლოში, მაგრამ შვედეთის სასამართლომ ლარსენს ხუთი თვით მძიმე გამასწორებელი შრომა მიუსაჯა ყოფილი მეუღლისთვის ფულის მოპარვის გამო.