"ამდენი წელია, საჭეს ვუზივარ და ვიცი, ვის უნდა გავუჩერო მანქანა და ვის არა" - კვირის პალიტრა

"ამდენი წელია, საჭეს ვუზივარ და ვიცი, ვის უნდა გავუჩერო მანქანა და ვის არა"

"დღეში 50-60 ლარი მაქვს, მაგრამ ეს თანხა ვალში მიდის. სხვაზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ, სულ ვშრომობ და სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ასე იქნება"

ვაკე-საბურთალოს მცხოვრებთ ხშირად ხვდებათ ქუჩაში შინდისფერი "ოპელ–ასტრა", რომლის საჭესთან ასაკოვანი ქალბატონი ზის. ელიკო მენთეშაშვილმა 13 წელია, ტაქსისტობა პროფესიად აქცია. გაზაფხულის ლამაზ დღეს, 8 მარტს არის დაბადებული, წელს 65 წლის გახდა. მხიარულ და ენერგიულ ქალბატონთან მგზავრობა ყველას მოსწონს, ბევრი ერთხელ მგზავრობის შემდეგ ტელეფონის ნომერსაც ართმევს, რომ როცა დასჭირდება, მისი ტაქსი გამოიძახოს. ამბობს, რომ ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში დადის და ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცის.

- 30 წელიწადი მაღაზიაში გამყიდველად ვიმუშავე. მერე მაღაზიის პრივატიზაცია დაიწყო. მორიგების თანახმად, ყველას, ვინც იქ ვმუშაობდით, უნდა შეგვესყიდა, მაგრამ მოგვატყუეს და დაგვტოვეს ყველაფრის გარეშე. ასე დავრჩი უმუშევარი და იმაზე დავიწყე ფიქრი, რა საქმისთვის მომეკიდა ხელი, რომ თავი გამეტანა. მარტოხელა ვარ, ვაკეში კი მაქვს ბინა, მაგრამ არსებობა ხომ მინდოდა და მეც ტაქსის მძღოლობა გადავწყვიტე.

- მანქანის მართვა კარგად იცოდით?

- მანქანის ტარება ახალგაზრდობაში ვისწავლე და მართვის მოწმობაც მქონდა, მაგრამ ჩემი მანქანა არ მყავდა და გამართულად მართვაც არ ვიცოდი. 40 წლის ვიყავი, ჟიგული რომ ვიყიდე. როცა ტაქსაობა გადავწყვიტე, უკვე კარგად ვმართავდი. მაშინ ტაქსის მძღოლი ქალი იშვიათობა იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია. ცდამ გაამართლა და ეს საქმე ჩემს პროფესიად იქცა.

- რა რეაქცია ჰქონდათ, რომ აჩერებდნენ "ჟიგულის" მარკის ტაქსის და საჭესთან ქალს ხედავდნენ? - საბჭოთა "ჟიგულით" ქალი ტაქსისტი მხოლოდ მე ვიყავი. თავიდან უკვირდათ, შემდეგ მიეჩვივნენ. მერე "ოპელ-ასტრა" ვიყიდე და ახლა ამ მანქანით დავდივარ. ახლა ტაქსიზე უკვე იმდენი ქალი მძღოლი მუშაობს, აღარავის უკვირს.

ძმა და ორი და მყავს. როცა გაიგეს მძღოლობა დავიწყე, არ შეუცხადებიათ. ქიზიყელი გახლავართ. 45 წელზე მეტია, თბილისში ვცხოვრობ. ახალგაზრდობაში სულ ვოცნებობდი, ჩემი მანქანა მყოლოდა და ეს ოცნება 40 წლის ასაკში ავიხდინე. გაჭირვებაში სწორედ მანქანა გამომადგა.

ძირითადად, ცენტრალურ უბნებში დავდივარ. ცენტრში ყველა ქუჩა და ჩიხი ვიცი და უფრო მიადვილდება მუშაობა. თანაც ჩემი კლიენტებიც მყავს.

- ხომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მგზავრობის ფული არ გადაუხდიათ? - სამწუხაროდ, კი. ასე ახალგაზრდები იქცევიან, ასაკოვანი ამას არ იკადრებს.

ერთხელ გოგომ გამაჩერა. მივიყვანე კორპუსთან. მითხრა, ავალ სახლში და ფულს ჩამოგიტანო. კარგა ხანს ველოდე, მერე მივხვდი, დამბრუნებელი არ იყო და წამოვედი. ერთხელ ბიჭმაც მომატყუა და ოთხი ლარი არ გადამიხადა. რას ვიზამთ, ასეც ხდება.

- როგორია თქვენი ერთი დღე? - დღის 2 საათის შემდეგ გავდივარ სამუშაოდ და ღამის 3-4 საათამდე ვმუშაობ, რადგან იმ დროს მეტი მგზავრია. მერე დაღლილი შინ ვბრუნდები და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება.

- ღამით მუშაობა ქალისთვის სახიფათო არ არის? - ამდენი წელია, საჭეს ვუზივარ და ვიცი, ვის უნდა გავუჩერო მანქანა და ვის არა.

მგზავრი თუ არ მომეწონება, მანქანაში არ ჩავსვამ. ვაკე ზეპირად ვიცი და ვიცი, ვინ ვინ არის. თუ უცნობს გავუჩერე, სანამ მანქანაში ჩაჯდება, გავესაუბრები ხოლმე. თუ არ მომეწონა, უარს ვეუბნები და გზას ვაგრძელებ.

- ახლა ტაქსიზე რეგულაციების ამოქმედება იწყება. აპირებთ თქვენი ტაქსის შეღებვას, თუ ახალს იყიდით? - ჯერ ტექნიკური დათვალიერება უნდა გავიარო. მანქანა გაზზე მყავს და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაა საჭირო. ჩემი მანქანა შინდისფერია და ალბათ, მომიწევს შეღებვა - სხვა რა გზა მაქვს, ეს მანქანა მინახავს. ჯერ ვერ შევცვლი, რადგან ბინა მაქვს დაგირავებული და ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარი ბინის დახსნაა. ამიტომ რეგულაციებს უნდა დავემორჩილო. ეს გზა რომ მომისპონ, ვეღარ ვიარსებებ.

- დღეში რამდენს შოულობთ? - ტაქსაობა ვაჭრობასავითაა - ვერ იტყვი, რა გამოგივა. დღეში 50-60 ლარი მაქვს, მაგრამ ეს თანხა ვალში მიდის. სხვაზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ, სულ ვშრომობ და სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ასე იქნება.

მგზავრებისგან უამრავ ამბავს ვისმენ, ვიცი ხალხის გულისტკივილი, ვიცი, რამდენი გაჭირვებულია, თუმცა სულ ვფიქრობ, რომ მთავარია, ადამიანს შრომა არ დაეზაროს. ახალგაზრდებსაც ამას ვეტყოდი - არ დაიზაროთ, ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი შრომით აიწყვეთ ცხოვრება.