"ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ... " - კვირის პალიტრა

"ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ... "

საბჭოთა საქართველო ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის დღიურებსა და ფოტოხელოვან რობერტ კაპას ობიექტივში

ამ ისტორიითა და მისი პერსონაჟებით საბჭოთა სახელმწიფომ ქულები დაიგროვა მთელ მსოფლიოში, ისტორია კი 1947 წელს საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ ჩამოსულმა სახელგანთქმულმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ასევე სახელგანთქმულმა ფოტოჟურნალისტმა რობერტ კაპამ შექმნეს, რომელთაც ომის შემდგომი ბედნიერი საბჭოთა კავშირი აღწერეს. ორი უნიჭიერესი შემოქმედი საქართველოში რუსეთის მოვლის შემდეგ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ მოგზაურობაში საბჭოთა კა-გე-ბეს წარმომადგენელი ტკიპასავით ჰყავდათ მიწებებული, საქართველოს ხიბლის შეგრძნება მაინც მოახერხეს.

კაპამ საქართველოში 500-ზე მეტი ფოტოშედევრი გადაიღო, სტაინბეკი კი "რუსული დღიურების" წერას საბჭოეთიდან წასვლისთანავე შეუდგა, თუმცა წიგნს მაშინ დღის სინათლე არ უხილავს - საბჭოთა კავშირისთვის საშიშად მიიჩნიეს და მხოლოდ 1990 წელს გამოსცეს რუსულად. როგორც ამბობენ, წიგნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს აღმატებით ხარისხში მოხსენიებაც იყო.

საქართველო, როგორც სამოთხე...

სტაინბეკი აღნიშნავდა, რომ ამ ქვეყანას საბჭოთა ხალხი აღმერთებდა, ქართველ მამაკაცებზე კი ქალები გიჟდებოდნენ: "ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით: რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში, გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა "საქართველო"... კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, ისინი მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, თუკი პატიოსნად და ზნეობრივად იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოყოფს თავს, არამედ საქართველოში".

ამის "დასაბუთებას" სტაინბეკი საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეუდგა: "ქართველები ბევრად განსხვავდებოდნენ რუსი ხალხისგან. ადვილი მისახვედრი იყო, სხვა რესპუბლიკების მოქალაქეები რატომ აღმერთებდნენ მათ"... მოგვიანებით, სტაინბეკის მოგზაურობა საბჭოთა დიქტატორების "პატარა ეშმაკობად" შეფასდა - მათ ამერიკელებს სპეციალურად აჩვენეს საქართველო, რომელსაც ომის დროს ნგრევა არ განეცადა და არავინ შიმშილობდა.

ქართული სუფრის "სასწაულები", ანუ "ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან"

"ჯერ მაგიდის დანახვისთანავე დავიხოცეთ: თითქმის თოთხმეტი ფუტის სიგრძის იქნებოდა და ზედ საჭმელი იყო დახვავებული. მთავარ კერძად შემწვარი ქათამი მოგვიტანეს. ჩვენდა გასაოცრად, თითო ულუფაში ნახევარი ქათამი იყო!.. ცივად მოხარშული დედალიც ჩაეწყოთ ცივ მწვანე საწებელში, რომელიც სუნელებითა და არაჟნით იყო შეკაზმული. მაგიდაზე ყველის ჩხირებიც ეწყო, ასევე პამიდვრის სალათა და ქართული მწნილი. ქონდარში მოშუშული ცხვრის ხორციც ჰქონდათ სქელი სოუსით. ქართული პურის ნაჭრები ერთმანეთზე ეწყო, სუფრის შუაგულში კი ხილი დაელაგებინათ. ყველაფერი გემრიელი იყო და სრულიად უცხო გემო ჰქონდა. ამიტომ ყველა კერძის დაგემოვნება გვსურდა, მაგრამ თუკი არ ვჭამდით, გვაძალებდნენ, ჭამეო. ამდენი ჭამისგან უკვე ცუდად ვიყავით... კაპას, რომელიც თავის ვიწრო წელით ამაყობს და არავითარ შემთხვევაში არ იხსნის ქამარს, ღაბაბი დაჰკიდებოდა, თვალები გადმოეკარკლა და თან ჩასისხლიანებოდა... ამასობაში ადგილობრივი ღვინო ჩამოდგეს - გემრიელი, მსუბუქი და არომატული იყო. ვფიქრობ, სწორედ იმ ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან", - წერდა სტაინბეკი.

აკაკის ქნარი...

სტუმრებმა საქართველოში ოთხი ქალაქი მოიარეს: თბილისი, გორი, მცხეთა და ბათუმი. თბილისში ჩამოსვლისთანავე კი თავი ისე იგრძნეს, როგორც შინ: თბილისში ისე აღარ გამოვირჩეოდით, როგორც კიევში, ამიტომ თავს ისე ვგრძნობდით, როგორც სახლშიო, წერდა სტაინბეკი. იქ, სადაც მათი თბილისელი მძღოლი (სტუმრები გაცნობისთანავე დაატყვევა ექსტრემალური ხასიათით) ამერიკული "ჯიპით" ვერ ადიოდა, ფეხით მიუყვებოდნენ. მამადავითზე სტაინბეკს აკაკი წერეთლის საფლავთან სამი ხანდაზმული თბილისელი დახვდა, რომლებიც იმდენად ტკბილად გალობდნენ, რომ აკაკი წერეთლის საფლავი კომპოზიტორის საფლავი ეგონა. იქნებ იმიტომაც, რომ ვერ წარმოიდგინა, პოეტის საფლავზე ქნარი რატომ უნდა ყოფილიყო გამოსახული...

"თბილისელები უფრო შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე რუსები, თანაც უკეთესადაც აცვიათ"

სტაინბეკმა და კაპამ დედაქალაქის ქუჩები და მაღაზიები მოიარეს და გაოცდნენ: "ამ ქალაქმა შეძლო ჩვენი მოხიბვლა. აქ ბევრი რამ არის, რაც უცხოელს გააოგნებს. თბილისელები უფრო მეტად შესახედავები და ხალისიანები არიან, ვიდრე იმ ქალაქების მცხოვრებნი, რომლებიც რუსეთში ვნახეთ, თანაც უკეთესადაც აცვიათ - აქ ტანსაცმელი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ აქაური უნივერმაღები ხალხით არის გაჭედილი... თაროები სავსე იყო, მაგრამ ფასები, განსაკუთრებით ტანსაცმლის, ძალიან მაღალი: პერანგი - 65 რუბლი, რეზინის მაღალყელიანი ფეხსაცმელი - 300 რუბლი, საბეჭდი მანქანა - 3000 რუბლი".

"თბილისი სუფთა აღმოსავლური ქალაქია"

თბილისის ისტორიით მოხიბლული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ:

"თბილისი პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს. მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, ასობით პატარა ბიჭი დაცურავს. და აქ არსად არაფერია დანგრეული, თუ ჟამთა სიავის გამო ჩამონგრეულ ძველისძველ სახლებს არ ჩავთვლით... თბილისი მართლაც უძველესი ქალაქია. წელს მოსკოვი თავის მერვაასე იუბილეს აღნიშნავს, მომავალ წელს კი თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს იზეიმებს. და თან, ეს ახალი დედაქალაქია, ძველი დედაქალაქი კი ამავე მდინარის სანაპიროზე, ოცდაათი კილომეტრის იქითაა... ქალაქშიც და მთის კალთებზეც ძველი ეკლესიებია. საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა და ის ტაძრები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა".

"ჭაღარა მოხუცი იმდენად ლამაზი იყო, ირეალურიაო, იფიქრებდით"

"მამადავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარების რეკვა გავიგონეთ - მქუხარედ რეკდნენ. შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. იქაურობა ხალხით იყო გადაჭედილი...

წირვა-ლოცვას ჭაღარა მოხუცი კაცი უძღვებოდა, ოქროს მიტრა ემოსა და იმდენად ლამაზი იყო, ირეალურიაო, იფიქრებდით. ის კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი იყო, მისი კაბა კი ოქროს ძაფით ნაქსოვი...

ღვთისმსახურება დიდებული იყო, მუსიკოსების გუნდიც წარმოუდგენლად ლამაზად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი ტაძარში მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა".

"საბჭოთა მწერლის საქმე სისტემის ქება-დიდებაა"

ამერიკელი მწერალი ქართველ მწერლებსაც შეხვდა და: "ქართველი მწერლები მკაცრები და თავდაჯერებულები არიან. მათთვის რთულია იმის ახსნა, რომ მართალია სტალინმა თქვა, მწერალი "სულის არქიტექტორიაო", მაგრამ ამერიკაში მწერალი არაფრის არქიტექტორი არაა... საბჭოთაკავშირელი მწერლის საქმე სისტემის ქება-დიდებაა მაშინ, როცა ამერიკასა და ინგლისში კარგი მწერალი საზოგადოების დარაჯი ძაღლია... მხოლოდ დრო აჩვენებს, შეუძლია თუ არა "სულის არქიტექტორს" ისეთივე დიადი ლიტერატურის შექმნა, როგორიც საზოგადოების სადარაჯოზე მყოფ ძაღლს...

ქართველების ძალიან ძველი პოეტი, რუსთაველი, რომელმაც ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" დაწერა, ისევეა დაფასებული, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი. მის პოემას კითხულობენ და იზუთხავენ ბავშვები, მისი სურათები კი ყველგანაა..."

"ქართული ჭიდაობა იაპონურ ჯიუ-ჯიცუს ჰგავს"

ქართულ ფეხბურთთან ერთად, რომლის სიყვარულმა სტუმრები გააოცა (ქართველებს ფეხბურთი ინგლისელებზე მეტად უყვართო), ამერიკელებმა ქართული ჭიდაობაც ნახეს: "ძალიან საინტერესო ჭიდაობაა. ყველაზე მეტად, მგონი, იაპონურ ჯიუ-ჯიცუს ჰგავს. მონაწილეებს ერთმანეთისთვის სხეულის რომელიმე ნაწილში ხელის ჩავლების უფლება არა აქვთ, მხოლოდ პერანგში ან ქამარში ჰკიდებენ. საკმარისია, მებრძოლი დამარცხდეს, რომ მუსიკა წყდება".

ამერიკელები საბჭოთა კავშირის ყველაზე მდიდრული სასტუმროების, "ინტურისტის" ქსელში დაასვენეს ბათუმში, სადაც იმით გააკვირვეს, რომ უთხრეს, ამ მდიდრულ სასტუმროებში საბჭოთა მუშებიც ისვენებენო; მერე კი მშრომელთა ბავშვების ბაგა-ბაღებიც მოატარეს: "საბავშვო ბაღში სამოცამდე ბავშვი დაეტოვებინათ. ისინი იმ ქალების შვილები იყვნენ, ჩაის პლანტაციებში რომ მუშაობდნენ. ბავშვები ბალახში ცეკვავდნენ. კაპას უნდოდა პატარა გოგონა გადაეღო, მაგრამ მან ტირილი დაიწყო: მასწავლებელმა გვითხრა, ჯერ ვერ შეეჩვია აქაურობას, უკრაინელი ობოლია, აქაურმა ოჯახმა იშვილა და ბავშვი თავს უცხოდ გრძნობსო... ამ მდიდარ ქვეყანას ომის დროს არაფერი დაშავებია და ხალხი თავს მოვალედ თვლის, რომ სხვებს დაეხმაროს".

"ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც..."

რობერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოების საუკეთესო ნაწილი სტაინბეკის "რუსულ დღიურებში" მოხვდა, ნაწილი კი კაპას არქივებში.

მათი მოძიებით ბოლო წლებში ქართველი ოფიციალური პირები დაინტერესდნენ. სტაინბეკის მიერ კი ქართველების აღწერილობას მისივე სიტყვებით დავასრულებთ: "საკვირველი ხალხია ეს ქართველები. საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას მათი გატეხა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დააჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას. საქართველოში ყოფნისას ვნახეთ, რომ ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც... ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ... მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხის თვითმყოფადობას ვერაფერი გაანადგურებს!"