ეიფელის უცნობი ხიდი საქართველოში და სოფელი სევდიანი ისტორიით - კვირის პალიტრა

ეიფელის უცნობი ხიდი საქართველოში და სოფელი სევდიანი ისტორიით

ეიფელის ხიდი აქ XIX საუკუნის დასაწყისში ააგეს, მანამდე კი მის ადგილას ხის დასაშლელი ხიდი იყო, რომელზეც ქართველი გოგო-ბიჭები გადაჰყავდათ თურქეთში გასაყიდად

ბევრმა არ იცის, რომ ეიფელის ხიდი ბაღდათის სოფელ კაკასხიდში ბესარიონ ქებურიას დაუმონტაჟებია. კაკასხიდელი პაატა გიორგიძის თქმით, ეიფელის ხიდის აგებამდე ამ ადგილზე ხის დასაშლელი ხიდი ყოფილა.

- ბევრმა არ იცის, ამ სოფელში რამდენი უბედურება დატრიალებულა. მადლობა ღმერთს, რომ ისტორია წარსულს ჩაჰბარდა და კაკასხიდის ხიდზე ქართველი ტყვეები აღარ გადაჰყავთ თურქეთში გასაყიდად.

ეიფელის ხიდი აქ XIX საუკუნის დასაწყისში ააგეს, მანამდე კი მის ადგილას ხის დასაშლელი ხიდი იყო, რომელზეც ქართველი გოგო-ბიჭები გადაჰყავდათ თურქეთში გასაყიდად. ჩვენდა სამარცხვინოდ, ზოგს ქართველები ნებით ყიდდნენ, ზოგიერთს იტაცებდნენ, სულგაყიდულ ტყვეთა ვაჭრებს კი ისინი სწორედ ამ ადგილას აგებული ხიდით ჯერ "დაკეცილების" გზაზე გაჰყავდათ, იქიდან კი - ალპურ ზონაში. ალპური ზონიდან ტყვეთა ვაჭრები ეშვებოდნენ ახალციხეში, რომელიც თურქეთს ეკუთვნოდა. თუ მდევარი ტყვეებს "დაკეცილებში" მიუსწრებდა, მაშინ უბედურების გამოხსნა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ალპურ ზონაში მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

- დიდი ტრაგედია გადაუტანია კაკასხიდს ეიფელის ხიდის აგებამდე... - ეიფელის ხიდამდე აქ მორების დასაშლელი ხიდი იმიტომ იყო, რომ ახალციხის მხრიდან თურქების შემოსევისას შლიდნენ, რათა მტერი იოლად ვეღარ შემოჭრილიყო. ისტორიული მესხეთი და ახალციხე 1928 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს. ცხადია, ამის შემდეგ ვეღარც თურქები თარეშობდნენ ძველებურად, თუმცა აქ სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი აუცილებლად უნდა ყოფილიყო - ახალციხის რეგიონს ხომ სტრატეგიული მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს.

რუსეთის იმპერიის გენერალიტეტმაც, როგორც ჩანს, ამიტომ გადაწყვიტა, ბაღდათიდან ახალციხეში გადასასვლელი უმოკლესი გზა ყოფილიყო. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ჩამოიტანეს პარიზიდან არქიტექტორ გუსტავ ეიფელის ხიდი, რომლითაც ამჯერად უკვე რუსეთის ჯარი გადადიოდა ახალციხეში. მას შემდეგ კაკასხიდში ეიფელის ხიდი მყარად დგას.

- ახლაც იყენებენ ამ გზასა და ამ ხიდს? - რასაკვირველია, ეს საუკეთესო საავტომობილო ხიდი ზეკარის ხეობას ბაღდათის სოფლებთან დღესაც აკავშირებს. აქ მალე ახალი გზა გაკეთდება, მაგრამ ეს ხიდი მნიშვნელობას არასოდეს დაკარგავს. ხიდიდან ბაღდათის ალპურ ზონაში, იქიდან კი - ახალციხეში ახლა ტურისტები გადადიან ცხენებით და აქაურობის სილამაზით ტკბებიან.