დაზიანებული ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო - ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამონგრევა კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია? - კვირის პალიტრა

დაზიანებული ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო - ჟვანიას ქუჩაზე კლდის ჩამონგრევა კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია?

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევამ ბუნებრივი აირის მილი და კორპუსის ეზო დააზიანა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

ჟვანიას 12 ნომერში კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რამაც გაზის გაჟონვა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, შემთხვევა დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა, კლდის ჩამონგრეულმა ნაწილმა დაფარა კორპუსის ეზოს ტერიტორია, დაახლოებით 40 კვ.მ. ადგილობრივების თქმით, კლდის ნაწილის ჩამონგრევა რამდენიმე მეტრში მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა ორჯერ იყო შეჩერებული, რადგან მშენებლობის დროს ქანებმა დაიწყო მოძრაობა. რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიას მუშაობის გაგრძელების ნებართვა მისცა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

"ინტერპრესნიუსი"