დენის დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავებული 9 წლის მოზარდი ფოთიდან თბილისში გადმოიყვანეს - კვირის პალიტრა

დენის დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავებული 9 წლის მოზარდი ფოთიდან თბილისში გადმოიყვანეს

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა, კვლევა და სასწრაფო წესით გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში,“- აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"