"ივანიშვილის რუკაზე, ისევე, როგორც ტრამპისაზე, მილიარდერებისთვის დამახასიათებელი კონფიგურაციაა... პუტინს შამანთა მთელი არმია ემსახურება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის რუკაზე, ისევე, როგორც ტრამპისაზე, მილიარდერებისთვის დამახასიათებელი კონფიგურაციაა... პუტინს შამანთა მთელი არმია ემსახურება"

"ჩვენი პოლიტიკოსები ყოველთვის ნეგატიურ პერიოდში, სავსე მთვარეობისას, მზის დაბნელებისას აწარმოებენ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს. შედეგიც სახეზეა. ქვეყნის საქმე წინ არ მიდის. მხოლოდ ერთი-ორმა პოლიტიკოსმა გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და რთულ საქმეებსაც წარმატებით გაართვეს თავი"

"უახლოეს მომავალში შესაძლოა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პოსტი დატოვოს, ზოგი კი სასამართლოს წინაშე წარდგეს. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი საბანკო და სადაზღვევო სფეროშიც" - ასეთ პროგნოზს აკეთებს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე. მისი თქმით, 2019 წელი როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება. ქალბატონი ქეთი გვარწმუნებს, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმა აქვს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მისი მისია დედამიწაზე. თუ იცი, როგორია შენი მისია, მაშინ ცხოვრება უფრო საინტერესო და შინაარსიანია.

- ქალბატონო ქეთი, ადამიანების მსგავსად, ქვეყანასაც თუ შეიძლება ჰქონდეს თავისი კარმა?

- რასაკვირველია.

- საქართველოს კარმაზე რას გვეტყვით? - საქართველოს ძალიან პრობლემური კარმა აქვს. კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის რუკა.

- რას გულისხმობთ? - ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1991 წლის 9 აპრილის რუკით. აი, სწორედ ამ თარიღშია მთელი პრობლემა. სანამ ეს რუკა არ შეიცვლება, სულ ასეთი არეულები ვიქნებით.

- მაინც რა უნდა შეიცვალოს ან რას ნიშნავს 1991 წლის 9 აპრილის რუკით ხელმძღვანელობა?

- ჩვენ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოვაცხადეთ. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების თარიღი. დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღს ვეღარ შევცვლით, მაგრამ რაღაც ისეთი უნდა მოხდეს ქვეყნის ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა. მაგალითად, შეიძლება მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიღების დღედ უნდა შევარჩიოთ დღე, როდესაც მზისა და მთავრის მდებარეობა ჰარმონიული იქნება. ეს იღბალს მოუტანს ქვეყანას.

- გასაგებია. დედამიწაზე ჩვენი ქვეყნის მისია რა არის? - შრომა. თავი უნდა დავანებოთ წარსულში ყურებას და დავიწყოთ თავგანწირული შრომა, ყველა საქმეში გზა უნდა დავუთმოთ საქმის პროფესიონალებს და საშუალება მივცეთ ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაანძრიოს ხელი. ვისაც რისი კეთება შეგვიძლია, ის ვაკეთოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

- როგორ ფიქრობთ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი, პროფესიონალი კადრები თუ გამოჩნდებიან? - ახალი პოლიტიკოსებიც გამოჩნდებიან და ახალი პოლიტიკური პარტიებიც შეიქმნება. 2021-22 წლიდან უკეთესი პერიოდი გვექნება. მთავარია, რუკა შევცვალოთ.

ქეთი ვაწაძე

- ასტროლოგები ჯერ კიდევ 2019 წლის დადგომამდე ამბობდნენ, რომ ახალი წელი სიმშვიდეს მოგვიტანდა. თუმცა ბოლო ორი თვის განმავლობაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ სიმშვიდეს პირი არ უჩანს. - 2019 წელი ყვითელი ტახის წელიწადია და მიწის სტიქიას განეკუთვნება. ვინაიდან მიწის სტიქიის წლები ყოველთვის შედარებითი სიმშვიდით გამოირჩევა, განსაკუთრებულ ხმაურსა და აურზაურს ნამდვილად არ ველოდებით, თუ არ ჩავთვლით მარტის თვეს. ამ პერიოდში კოლექტივებში, მეგობრულ კავშირებსა და გაერთიანებებში ქაოსი და ფორიაქია მოსალოდნელი. ეს ვითარება აპრილამდე გაგრძელდება. ისე, უნდა ვეცადოთ, რომ 2019 წლის 3 მაისამდე მაქსიმალური თავდაჭერა და გონიერება გამოვიჩინოთ.

- იანვარსა და თებერვალში უკვე არაერთი სკანდალური ფაქტის მომსწრე გავხდით. ე.ი. მარტში კიდევ უფრო მეტ სკანდალს უნდა ველოდოთ. - სკანდალების არა, უბრალოდ, მოულოდნელი ამბების მომსწრე გავხდებით. ეს მოულოდნელობები უმთავრესად ფინანსურ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ზოგადად მსოფლიოში, მთელი შვიდი წლის განმავლობაში საფონდო, საბანკო, სადაზღვევო სფეროებში ბევრი მოულოდნელობის მომსწრე გავხდებით. ზოგი ამბავი ცუდი იქნება, ზოგიც კარგი. "თიბისი ბანკის" საქმე კარგი მაგალითია. ჯერ კიდევ შარშან ვინ იტყოდა, რომ ეს ბანკი მსგავსი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა? შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში ვალუტაც კი შეიცვალოს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ იმ ქვეყნის მთავრობები, სადაც ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულებია. ხომ გაგიგონიათ, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო. სწორედ ასე იქნება.

- ლართან დაკავშირებითაც უნდა ველოდოთ ცვლილებებს? - კი, აუცილებლად უნდა ველოდოთ, უახლოეს მომავალში სტაბილურობა გამორიცხულია.

- ე.ი. ბანკში ფულის დაბანდებას არ გვირჩევთ? - ვისაც საშუალება აქვს, ფული სხვადასხვა ვალუტაში უნდა დააბანდოს.

- ალბათ ივანიშვილის ბიზნესსაც შეეხება გარკვეული ცვლილებები. - რა თქმა უნდა, თუმცა არ ვიცი, ეს ცვლილებები კარგი იქნება თუ ცუდი.

- მისი რუკა არ გაქვთ განხილული? - ადამიანის რუკა რომ განიხილო, მისი დაბადების ადგილი და ზუსტი დრო უნდა იცოდე. ისე, ცნობილია, რომ ივანიშვილის რუკაზე, ისევე, როგორც დონალდ ტრამპის რუკაზე, მილიარდერებისთვის დამახასიათებელი კონფიგურაციაა. ასეთივე კონფიგურაციები ჰქონდა რუკაზე ბენდუქიძესაც.

- კიდევ რომელ ქართველ პოლიტიკოსს ან საჯარო პირს აქვს რუკაზე მილიარდერისთვის დამახასიათებელი კონფიგურაცია? - ვერ გეტყვით, ქართველი პოლიტიკოსები ხომ იშვიათად ინტერესდებიან ასტროლოგიით. რატომღაც არ სჯერათ. არადა, მათი რა მიდის, რომ სცადონ და ასტროლოგის რჩევა გაითვალისწინონ? რატომღაც ჩვენი პოლიტიკოსები ყოველთვის ნეგატიურ პერიოდში, სავსე მთვარეობისას, მზის დაბნელებისას აწარმოებენ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს. შედეგიც სახეზეა. ქვეყნის საქმე წინ არ მიდის. მხოლოდ ერთი-ორმა პოლიტიკოსმა გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და რთულ საქმეებსაც წარმატებით გაართვეს თავი. თუმცა, დანა რომ დაარტყა, ამ ამბავს საჯაროდ მაინც არ აღიარებენ. რატომ აკომპლექსებთ ეს ამბავი, ვერ ვხდები. ბოლოს და ბოლოს, რეიგანი, მიტერანი და ტეტჩერი აღიარებდნენ, რომ პირადი ასტროლოგები ჰყავდათ. რეიგანის ასტროლოგზე წიგნიც კი არის დაწერილი.

- პუტინს თუ ჰყავს ასტროლოგი? - პუტინს მხოლოდ ასტროლოგები კი არა, შამანთა მთელი არმია ემსახურება. სხვათა შორის, მისი ცოლიც ასტროლოგი იყო. ჩვენი ქვეყნის ლიდერებს ან მართლა არ ესმით ასტროლოგიის მნიშვნელობა ან ძალიან ცუდი ასტროლოგები ჰყავთ. არც კი ვიცი, როგორ ახერხებენ, რომ ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს ცუდ დღეებს ამთხვევენ.

- ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში რუსეთის მისია როგორია?

- რუსეთი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რუკაში მტრად მოიაზრება. ჩვენთვის საბედისწერო ქვეყანაა. რუსეთი პირდაპირ სატურნში გვიზის, ამიტომ ის ჩვენთვის ჯალათის, შემზღუდველის როლშია.

- ე.ი. ურთიერთობებს დიპლომატიით ვერ დავალაგებთ? - სწორედ რომ დიპლომატიაა ჩვენი ხსნა. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ კომპრომისებზეც წავიდეთ და ჩვენი იდენტობაც არ დავკარგოთ. ოქროს შუალედია მოსაძებნი. ამიტომ გვჭირდება საქმის პროფესიონალები.

- ქართველი პოლიტიკოსებისთვის როგორი იქნება ეს წელი? - ე.წ. კოსმოსური მასწავლებელი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი სატურნი უკვე ერთი წლის მანძილზე თხის რქის ნიშანში იმყოფება და მომდევნო 2019 წლის განმავლობაშიც ამავე ნიშანში რჩება. რადგან თხის რქა არის საჯარო სამსახური, კარიერა, სატურნის მკაცრი ქამარი განსაკუთრებით საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს მოუჭერს. პოლიტიკოსები, რომლებიც დაპირებებს არ შეასრულებენ, უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ ნაბიჯებს გადადგამენ, სატურნი თხის რქისგან ერთგვარ სასჯელს მიიღებს, მინიმუმ პოსტის დაკარგვით ან უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა, მით უფრო, თუ კორუფციულ გარიგებებში იქნებიან მხილებულნი. სწორედ იმიტომ დგას სატურნი თხის რქაში, რომ გაასუფთაოს, გაწმინდოს, მოაწესრიგოს ეს სივრცე. 2019 წელი განსაკუთრებული სიახლეებით იწყება, რადგან გამარჯვების პლანეტა, იუპიტერი, უკვე თავისსავე ნიშანში, მშვილდოსანშია გადასული, რაც იუპიტერის ძალიან ძლიერ პოზიციად ითვლება. ის საზოგადოებაში მეტ ოპტიმიზმს, წარმატებას, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს. მოსალოდნელია რეფორმების გატარება საგანმანათლებლო სფეროში. ბევრი საშუალება იქმნება უცხოეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზეც. გაიზრდება ექსპორტ-იმპორტი, უცხოური ინვესტიციები, უცხოური გრანტები, ადამიანებს მიეცემათ მეტი მოგზაურობის, ცნობიერების გაფართოების, განათლების მიღების საშუალება. ვისაც უცხოეთში გამგზავრება სურს, სწორედ თქვენი დროა. აღმავალი კვანძის კირჩხიბის ნიშანში ინგრესია (გადასვლა) წინ წამოსწევს ქალთა უფლებებს, დედათა და ბავშვთა პრობლემებს და ხელს შეუწყობს ოჯახის, ეროვნული და ნაციონალური თემებისადმი ყურადღებას. თან ნუ დაგავიწყდებათ, სატურნი თხის რქაშია, ხოლო თხის რქა, როგორც სოციუმის ფუნდამენტი და დამცველი, ვერ აიტანს ქალებისადმი ცუდ მოპყრობას, მათზე ძალადობას.

ხათუნა ბახტურიძე ჟურნალი "გზა"