"ეძღვნება ყველა ემიგრანტ დედას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ" - "ნანილას" წარმატება - კვირის პალიტრა

"ეძღვნება ყველა ემიგრანტ დედას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ" - "ნანილას" წარმატება

ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "ნანილას" ცეკვის დასმა, 9 მარტს, ქალაქ პიზის ვერდის თეატრის სცენა დაამშვენა. მათ მიერ შესრულებულ ცეკვა "იავნანას", დარბაზის საოცარი ოვაცია მოჰყვა. სიტყვა მშვენიერი, შემთხვევით არ გამომიყენებია. გოგონები მართლაც სცენის ვარსკვლავები იყვნენ, საშემსრულებლო მანერით, ქორეოგრაფიითა და სპეციალურად ამ ცეკვისათვის შექმნილი დიდებული სამოსით. რომლებიც, ანსამბლის ერთ-ერთმა მოცეკვავემ, დიზაინერმა თეო ბუცხრიკიძემ შექმნა.

კონცერტი, აქცია "არა, ქალზე ძალადობას!" ფარგლებში ჩატარდა, ასოციაცია "Cambiamo musica"-ს მიერ და მასში არაერთი ცნობილი იტალიელი მსახიობი და მომღერალი მონაწილეობდა. "ნანილა" ერთადერთი უცხოური ჯგუფი გახლდათ და ის საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

ქორეოგრაფ რიტა სიმსივესა და ანსამბლის თავგადადებულმა შრომამ შედეგი გამოიღო და მასპინძელმა ასოციაციამ, "ნანილასთან" სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი უკვე გამოთქვა.

რიტა სიმსივე, ქორეოგრაფი: - ჩვენი ანსამბლი, ასოციაცია "Cambiamo musica"-ს წარმომადგენელმა, "ნანილას" ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტზე შეამჩნია, რომელიც საახალწლოდ ფლორენციაში გავმართეთ. 9 მარტის კონცერტი, ქალთა დღეს მიეძღვნა და მისი შინაარსი და არსი დევს იმაში, რომ ყველამ დაგმოს ქალზე, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირებული, ძალადობა.

ცეკვა "იავნანაც" ამ პრინციპით შევარჩიეთ. ეს ცეკვა, თავისი შინაარსით, ამ სამყაროში ყველაზე უსაზღვრო გრძნობას, დედა-შვილურ სიყვარულსა და ქალის როლს გამოხატავს. გამოხატავს სიყვარულს, რომლის წართმევის უფლებაც არავის აქვს დედამიწის ზურგზე. "იავნანა" მხოლოდ მეორედ ვიცეკვეთ და იგი მივუძღვენით ყველა ემიგრანტ დედას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და უმძიმეს ყოფას, მხოლოდ თავიანთი შვილების ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად უძლებენ.

პ.ს. ამჟამად, "ნანილა" მულტიკულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც 30 მარტს ფლორენციაში გაიმართება.

ნინო მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან