"გვარის გენეტიკის დადგენა შესაძლებელია 100%-იანი სიზუსტით - ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"გვარის გენეტიკის დადგენა შესაძლებელია 100%-იანი სიზუსტით - ნუგზარ ბაგრატიონმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა, თუმცა..."

როდესაც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძეა, უნდა წარმოადგინოს სიხარულიძის გენეტიკური კოდი. ჩაუტარეს მათ ანალიზი? როგორ ამტკიცებს, რომ სიხარულიძეა", – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ გვარს ერთი გენი აქვს. გვარის გენეტიკის დადგენა შესაძლებელია 100%–იანი სიზუსტით, ამისთვის გვარის რამდენიმე წარმომადგენელმა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.

ანდრიაძის განცხადებით, ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის ფარგლებში გამოკვლევა ჩაუტარდა ბაგრატიონთა რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკის. რაც შეეხება სიხარულიძის გვარს, ასეთი კვლევა მათი ცენტრის მიერ არ ჩატარებულა.

"ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი ჩემი ინიციატივით დაიწყო და საპატრიარქოს საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარეობდა. შემდეგ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს პროექტი დახურა და პატრიარქმა დააფუძნა ცალკე ორგანიზაცია "ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრი" და გავაგრძელეთ ეს საქმიანობა. ამჟამად 1 200 გვარია შესწავლილი. ზოგ შემთხვევაში გენეტიკური კვლევები ამერიკისა და ევროპის ლაბორატორიებში გაკეთდა, ნაწილი – საქართველოში. ამ კვლევაში მოხვდა ბაგრატიონების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ანალიზით გვარი დგინდება, თანაც 100%–იანი სიზუსტით. როდესაც მუხრანბატონის ადვოკატი აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკი სიხარულიძეაო, უნდა წარმოადგინოს სიხარულიძის გენეტიკური კოდი. ჩაუტარეს მათ ანალიზი? როგორ ამტკიცებს, რომ სიხარულიძეა. თუ ამაზე ტელედებატები მოეწყობა, საზოგადოება სიმართლეს იოლად დაინახავს. მე ამისთვის მზად ვარ", – განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, მათ ცენტრში მიიტანეს ანალიზი, რომელიც თქვეს, რომ არის ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკის და აღნიშნულზე შემდეგ ჩაატარეს კვლევა, ხოლო კვლევის შედეგები კონფიდენციალურია.

"ინტერპრესნიუსი"