"ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?!... რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?" - რატომ უწოდეს რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო" - კვირის პალიტრა

"ხომ და­ამ­ტკი­ცა ახლა, რომ არ ვარ­გა?!... რა და­უჯ­და ეს მა­რაზ­მი სა­ხელ­მწი­ფოს?" - რატომ უწოდეს რობერტ სტურუას სპექტაკლს "სამარცხვინო"

12 მარტს რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" წარუდგინეს.

წარმოდგენას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

რეჟისორმა სპექტაკლი სწორედ ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის დადგა, თუმცა ალბათ სტურუას არცერთ სპექტაკლს არ მოჰყოლია საზოგადოების მხრიდან იმდენი ნეგატიური შეფასება, როგორც "ბედი ქართლისას"...

"რა სირცხვილია თეატრალიზებული წარმოდგენა "ბედი ქართლისა"... სტურუა იქით იყოს, ახალგაზრდა მსახიობებს როგორ არ ცხვენიათ?"… - დაწერა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა გოგი გვახარიამ.

"რობერტ სტურუას სპექტაკლი "ბედი ქართლისა" იყო ბოროტსა და კეთილს მიღმა. უბრალო სიტყვებით, როგორიცაა ჩვენში პოპულარული "მარაზმი" ან არაკორექტული კრეტინიზმი ან იდიოტიზმი ამ დადგმას ვერ აღწერ - ის კეთილსა და ბოროტს მიღმა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენში ასერიგად აქტუალური ფრიდრიხ ნიცშე რომ მოვიხმოთ", - ასე შეაფასა სპექტაკლი ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძემ.

სპექტაკლს ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად

კრიტიკულ ფეისბუქ-პოსტებს არანაკლებად მწვავე კომენტარებიც მოჰყვა: "ამ წარმოდგენით ფაქტიურად, საბოლოოოდ დაუმარხავს თავი"; "უბრალოდ, სკოლის ბანკეტისთვის დადგმული წარმოდგენაა"; "მოღალატეობა სცენის რანგში აყვანილი?"; "...რა დაუჯდა ეს მარაზმი სახელმწიფოს?"; "ჩვენ რომ მე-11 საუკუნეში პარლამენტი გვქონდა, თქვენ სად იყავით საერთოოოოდ - ვიღაც ბრიტანეთის დროშა შემოხვეული "სამაზვანეცი ლორდი" ზედ დაჩხაოდა ბრიტანეთის ელჩს. არც ამას ვხუმრობ"; - ეს მხოლოდ მცირედია იმ კრიტიკიდან, რაც რობერტ სტურუას წარმოდგენას "ბედი ქართლისა" სოციალურ ქსელში მოჰყვა...

ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა სპექტაკლის შინაარსთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს თავისი შენიშვნები გაუზიარა:

"სპექტაკლის კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ეხება მხატვრულ და საშემსრულებლო მხარეს, რადგან მხოლოდ რიგითი მაყურებლის პოზიციიდან თუ შევძლებთ შეფასებას, თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც საშინელი იყო. რაც შეეხება არსს: წარმოდგენა მოწყობილი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნის 100 წლის იუბილეს ფარგლებში; ამ თარიღის მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ინსტიტუციური და სამართლებრივი მემკვიდრეობის კუთხით და ამავე დროს იგი დატვირთულია როგორც პოზიტიური შინაარსით, ასევე ტრაგიკული მემკვიდრეობით.

დამფუძნებელმა კრებამ, პირველმა სრულფასოვანმა არჩეულმა საკანონმდებლო ორგანომ, 1919-1921 წლებში შექმნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს სამართლებრივი ფუნდამენტი, კანონმდებლობა და კონსტიტუცია - იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო დემოკრატიული გამოცდილების სინთეზი. კრების დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა პარალელურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და მთლიანად იყვნენ ჩაბმული დიდი "პროექტის" განხორციელებაში - საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად გადაქცევაში. საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ 1921 წლიდან, ეს პროექტი მოკლა - ისევე, როგორც ფიზიკურად გაანადგურა კრების დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მემკვიდრეობის კვალი ამოშალა მეხსიერებიდან...

100 წლისთავზე, ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს ბოლო აკორდად მოწყობილ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ოდნავი ნასახიც კი არ ჩანდა, რომ ხსენებული პერიოდი ჩვენი ისტორიის ნაწილია. ავტორ(ებ)მა წარმოდგენას "არაისტორიული ფანსტასმაგორია" დაარქვეს. ამ შემთხვევაში ხელოვანს ვერ შეედავები, რა მხატვრულ ფორმას აირჩევს საიუბილეო თარიღისადმი წარმოდგენის დასაკავშირებლად, თუმცა რაც ვნახეთ, იმდენად წარმოუდგენელი გადაწყვეტა იყო, რომ კრიტიკაც ჭირს - არა მხოლოდ მხატვრული, შინაარსობრივი კუთხითაც...

რატომ უნდა იყოს გროტესკული, აბსურდული წარმოდგენა მისაღები ფორმა ასეთი დღისათვის? თავისუფალ სამყაროში, ხელოვანს შეზღუდვებს ვერ უწესებენ - შემოქმედება იმითაც ფასობს, რომ ბევრისათვის შეიძლება ემოციურად მძიმედ მისაღები, გამაღიზიანებელი, შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელიც კი იყოს, თუმცა ეს ეფექტი მიზანმა და სათქმელმა უნდა გადაწონოს ხოლმე - მაგალითად, რაიმე მანკიერება გააშიშვლოს, საზოგადოება შეანჯღრიოს, მწარედ შეახსენოს პასუხისმგებლობა და აშ... ჰქონდა ამ წარმოდგენას მსგავსი მიზანი? ჩვენი აზრით - არა. რაიმე მწვავე პრობლემა გააშიშვლა ამ არჩეულმა გამოხატვის ფორმებმა? ანალოგიურად - არა.

სამაგიეროდ, "არაისტორიული" წარმოდგენის პრეტენზია დიდი იყო - ეჩვენებინა ჩვენი "ვარამი და სატკივარი" არგონავტებიდან დღემდე. ამ მცდელობებში კი ვერ წავიდა სადღეგრძელოს პათეტიკის, კომიკურობამდე მიყვანილი მახინჯი ისტორიული კლიშეების იქეთ - რომ ოდითგანვე "ქართველობას გვართმევდნენ", "ერთმანეთს ვჭამდით", "ევროპას ფეხებზე ვეკიდეთ" და აშ...

სპექტაკლში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო მუსლიმი პერსონაჟების უკიდურესად სტერეოტიპულად და დამამცირებლად წარმოჩენა; "აღმოსავლელ მუსლიმ დამპრყობლებად" ნაგულისხმევი პერსონაჟები დახატული იყვნენ ყველა იმ ბნელი და შეურაცხმყოფელი სტერეოტიპების გამოყენებით, რაც კი შეიძლება მოიპოვებოდეს ჩვენს ირგვლივ.

ეს მაშინ, როდესაც იმავე დარბაზში ისხდნენ და სპექტაკლს ღია ეთერშიც უყურებდნენ საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები და მოწვეულ საპატიო სტუმართა შორისაც იყვნენ მეზობელი მუსლიმი მოსახლეობით დომინირებული ქვეყნების ელჩები!" - აღნიშნა საუბრისას ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა.

"ბედი ქართლისას" შესაფასებლად AMBEBI.GE ხელოვნებათმცოდნეებს და თეატრმცოდეეებს დაუკავშირდა, მაგრამ ვინაიდან ისინი თეატრში არავის მიუწვევია, ჩანაწერის მიხედვით პროფესიული ეტიკეტიდან გამომდინარე შეფასებისგან თავი შეიკავეს... სპექტაკლი არც ცნობილ რეჟისორს - გიორგი შენგელაიას უნახავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რობერტ სტურუას მიმართ რადიკალური დამოკიდებულება გამოეხატა AMBEBI.GE-სთან საუბარში: გაგრძელება