"საქართველო ვითარდება და არ უნდა იფიქროთ ქვეყნიდან წასვლაზე. აი, მე უცხოელი ვარ და მინდა, საქართველოში დავრჩე" - კვირის პალიტრა

"საქართველო ვითარდება და არ უნდა იფიქროთ ქვეყნიდან წასვლაზე. აი, მე უცხოელი ვარ და მინდა, საქართველოში დავრჩე"

გაეროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში მაცხოვრებელ მიგრანტთა რაოდენობამ 78 000-ს მიაღწია. მაშინ როცა, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ, საინტერესოა, რატომ ჩამოდიან უცხოელები ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად.

"პალიტრავიდეომ“ გაარკვია, თუ როგორი იყო 4 უცხოელი რესპონდენტის ქართული ოცნება საქართველოში ჩამოსვლამდე:

შერონ კრისტაბელი, 22 წლის, ინდოეთიდან:

იმის გამო, რომ სამედიცინო განათლებას მშობლიური ქვეყნიდან ძალიან მოშორებით ვერ მივიღებდი, გადავწყვიტე  საქართველოში ჩამოვსულიყავი. აქ ჩამოსვლამდე, საქართველოზე თავიდანვე ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა იყო. კარგად არ ვიცოდი პოლიტიკური მდგომარეობა, თუმცა ქვეყნის ადგილმდებარეობის მიუხედავად, ვიცოდი, რომ აქ ცხოვრება უსაფრთხოა.

ჩემი აზრით, მთავრობა ნამდვილად ზრუნავს ხალხზე, ასევე ვფიქრობ, რადგან შემიძლია აქაური მდგომარეობა ჩემი ქვეყნის მდგომარეობას შევადარო. აქ განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხს ყველაფერზე ადვილად მიუწვდება ხელი.

ვფიქრობ, საქართველო უფრო და უფრო მიიწევს ევროპისკენ.

პედრო დიეგო, 27 წლის, პორტუგალიიდან:

"საქართველოში სამსახურიდან გამომიშვეს - პროექტის ფარგლებში თავდაპირველად 3 თვით ჩამოვედი, შემდეგ ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა და დარჩენა გადავწყვიტე. ამჟამად საკუთარი ბიზნესი მაქვს ქართველ პარტნიორებთან ერთად. ვფიქრობ, საქართველოში კიდევ დიდხანს დავრჩები. ჩამოსვლამდე ბევრი რამ ვიცოდი თქვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომ მოლოდინიც დიდი იყო. ვიცოდი, ქართული კულინარიის, ღვინის და კულტურის შესახებ.

ვფიქრობ, მთავრობა რაღაც მხრივ ფიქრობს ხალხზე, თუმცა ხანდახან ავიწყდებათ ისინი, ვგულისხმობ ხელფასებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, ძალიან ბევრი მანქანაა და უკეთესი იქნება თუ ხალხი შეამცირებს მანქანების გამოყენებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ.

საქართველო უკეთესობისკენ იცვლება, აქ ცხოვრება ძალიან სწრაფად ვითარდება"

პორტუგალიელი სტუმრის თქმით, უნდა განვაგრძოთ ვიყოთ ისეთი სტუმართმოყვარეები, როგორიც ვართ. პედრო დიეგო აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, როგორ უმასპინძლონ სტუმარს, როგორ დახვდნენ მათ. მისი აზრით, არ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის დატოვებაზე, რადგან საქართველო ძალიან ლამაზია მისი პატარა ქალაქებით, მთებითა და ზღვით.

"თქვენ უფრო მეტი უნდა გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის და არ უნდა იფიქროთ აქედან საზღვარგარეთ წასვლაზე. მე უცხოელი ვარ და მინდა, საქართველოში დავრჩე", - ამბობს ის.

მარიონ მათიოსი, 30 წლის, საბერძნეთიდან:

"პირველად საქართველოში 2017 წლის თებერვალში ჩამოვედი. ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში თამართან, რომელიც დღეს ჩემი შეყვარებულია, დისტანციურად მქონდა ურთიერთობა. ძალიან უცნაური პერიოდი იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით, უცებ გადავწყვიტე რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და თამარი მენახა. ჩვენი ურთიერთობა კი უფრო გამყარდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე კარგი მოლოდინი არ მქონია, რადგან საბერძნეთში პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონის ქვეყნებზე განსხვავებული შეხედულება გვაქვს.

ვერ ვიტყოდი, რომ აქ ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა, თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია. რაღაცები აშკარად გაძვირდა, რის ყიდვაც 1-2 წლის წინ იაფად იყო შესაძლებელი, დღეს უკვე შეუძლებელი გახდა".

კითხვაზე, თუ რას ურჩევს ის ქართველებს, სტუმარმა საბერძნეთიდან თქვა, რომ არ უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს, არც "ნატოს“, რადგან თუ დღეს ქვეყანა დამოუკიდებელია, შეგვიძლია თავად შევადგინოთ ქვეყნის ფინანსური გეგმა და ჩვენით მოვაგვაროთ ყველა პრობლემა, ევროკავშირში გაწევრების შემდეგ კი ეს შეუძლებელი იქნება.

ეგე აიანი, 22 წლის , თურქეთიდან:

"ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ცოტა ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი, რა მდგომარეობა იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქვეყანაში.

მთავრობა საქართველოში ზრუნავს ხალხზე, მაგრამ ეს არამყარია. მათი დამოკიდებულება შემდეგნაირია: "ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შენ, მაგრამ შენც უნდა დამეხმარო“.

როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ქალაქის ქუჩები ძალიან მოუწესრიგებელი იყო. ახლა ვხედავ, რომ მეეზოვეები მაქსიმალურად ასუფთავებენ გარემოს. ხალხი ზრუნავს ბუნებაზე, რაც ძალიან მომწონს.

საქართველოში რესტორანში შესვლისას ვისურვებდი, რომ გაღიმებულნი დამხვდნენ, ვისურვებდი, მეტ პატივისცემას. ამას ნამდვილად სჭირდება განვითარება. ასევე საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, აქ მოძრაობა ნამდვილად სახიფათოა.