"რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცველებელი გამოუჩნდება თამბაქოს?!" - კვირის პალიტრა

"რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცველებელი გამოუჩნდება თამბაქოს?!"

რეგულარულ მწეველთა ასაკი ბოლო 5 წლის განმავლობაში 18-იდან 13 წლამდეა ჩამოსული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" განაცხადა. ზოიძის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ის რეაქცია რაც მის განცხადებას მოჰყვა თამბაქოს ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ის აგრესია, რომელიც ერთ განცხადებას მოჰყვა და რომელიც იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მერე დაიწყო საუბარი იმაზე, თითქოს ზოიძე მოითხოვს იმას რომ ჩვენ გაგვიძვირდეს ყველაფერიო. არ იყო ამაზე ლაპარაკი, საუბარი იყო იმაზე, რომ ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა რეგულაციების იმ ნაწილმა, რაც შენობებში მოწევის აკრძალვას გულისხმობს. ამით ჩვენ 2100 პასიურ მწეველს, რომლებიც ყოველწლირად იღუპებიან, გადავარჩენთ. მოქალაქეებმა მიიღეს ეს ინიციატივა, NDI-მ კვლევაც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ 85 % მხარს უჭერს ამ ინიციატივას და 97 %-ში ყველა სამასპინძლე ბიზნესში (კაფეები, რესტორნები, ბარები, სასტუმროები) ეს აკრძალვა სრულდება. მეორე საკითხია რეკლამის აკრძალვა. ეს ინიციატივა კარგია იმისთვის რომ პასიური მწეველები დავიცვათ, რადგან ამ მხრივ მომავალში კატასტროფა გველოდება. მილიონზე მეტი ადამიანი ეწევა და რეგულარულ მწეველთა ასაკი 18 დან 13 წლამდე არის ჩამოსული ბოლო 5 წელიწადში. ანუ 13 წლის ბავშვები ეწევიან."-განაცხადა ზოიძემ.

ზოიძის განცხადებით, თამბაქოზე ფასის ზრდის პარალელურად მნიშვნელოვანია კონტრაბანდული თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან თუ ბაზარზე თამბაქოს ჩამნაცვლებელი გამოჩნდება, რეგულაციას მიზანი ანუ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება, არ შესრულდება.

"ბოლო სამ წელიწადში გაორმაგდა მწეველ ქალთა რაოდენობა, მამაკაცების 60% ეწევა. ამის ფონზე ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ და შევაჩეროთ ეპიდემია, თუ ფასის ფაქტორიც დაემატება, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ნარკოდამოკიდებულებაა იგივე ნიკოტინდამოკიდებულება, დამოკიდებულების კუთხით იგივე ეფექტი აქვს, როგორც კოკაინს. ძალიან უჭირს ადამიანს დანებება თუ ძლიერი მოტივაცია არ აქვს, 10%-ით თამბაქოს ფასის ზრდა 2-3%-ით ამცირებს მოხმარებას. და ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა დაბალია, ეს შედეგი 5%-ია. თუმცა ფასის აწევა იმოქმედებს იმ შემთხვევაშიმ თუ არ იქნება კონტრაბანდა, რა აზრი აქვს ფასის ზრდას თუ ჩამნაცველებელი გამოუჩნდება თამბაქოს?! ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონტრაბანდასთან ბრძოლა", - -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"