"გამოძიება აუცილებლად გამოაა­შ­­კ­­ა­რავებს კავშირს FBI-ს აგენტსა და კენ­ედის მკვლელობას შორის" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჟაკლინ კენედის მეგობართან - კვირის პალიტრა

"გამოძიება აუცილებლად გამოაა­შ­­კ­­ა­რავებს კავშირს FBI-ს აგენტსა და კენ­ედის მკვლელობას შორის" - ექსკლუზიური ინტერვიუ ჟაკლინ კენედის მეგობართან

ექსკლუზიური ინტერვიუ ჟაკლინ კენედი-ონასისის მეგობარ ფილიპ მაიერსთან, რომელმაც ჯონ კენედის მკვლელობის ვერსიებზე სკანდალური წიგნი გამოსცა

ფილიპ მაიერსი

"იდუმალებით მოცულ მკვლელობას ფარდა აეხადა", - ასე გამოეხმაურა მედია ჯონ კენედის მკვლელობის საქმეს, როდესაც დონალდ ტრამპმა დოკუმენტებს გრიფი "საიდუმლო" მოხსნა. მას შემდეგ ბევრი დეტალი გახდა ცნობილი, თუმცა 300-მდე დოკუმენტი ისევ გასაიდუმლოებულია.

2017 წელს ამერიკაში გამოიცა ფილიპ მაიერსის წიგნი "ჯეკი, კენედი, შპიონაჟი, მკვლელობა და მე", სადაც კენედის მკვლელობის საქმეში აქცენტი რუსულ აგენტურაზეა. ჟაკლინ კენედი-ონასისი სწორედ ფილიპ მაიერსთან ერთად მუშაობდა ჯონ კენედის მკვლელობის ვერსიაზე. მაიერსმა ჟაკლინის დახმარებით მიაგნო საბჭოთა აგენტურის კვალს, რომელმაც დემოკრატიულ პარტიამდე მიიყვანა. სად გადის ზღვარი რუსეთის ინტერესებსა და დემოკრატებს შორის? - ეს ის კითხვაა, რომლითაც კენედის ქვრივი სიცოცხლის ბოლო წლებში იყო დაინტერესებული.

ფოტოგალერეა

წელს ჟაკლინის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, ფილიპმა კი წიგნი სწორედ მაშინ გამოსცა, როდესაც ტრამპმა კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილი გაასაჯაროვა, თუმცა როგორც ავტორი გვარწმუნებს, ტრამპმა ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ გრიფი "საიდუმლო" დაუტოვა. ამერიკის ყოფილი პირველი ლედის მეგობარი და თანამოაზრე ფილიპ მაიერსი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს, როგორი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი ჟაკლინ კენედი-ონასისი და რა ვერსიები ჰქონდა მას ქმრის მკვლელობაზე.

"ჟაკლინი დარწმუნებული იყო, რომ ტარასიუკი მოკლეს"

- პეტერბურგში ყოფნისას გავიცანი ლეონიდ ტარასიუკი, რომელიც ერმიტაჟის კურატორი და ჯაშუშების ქსელის ორგანიზატორიც გახლდათ. თუ საბჭოთა კავშირი ატომურ დარტყმას გადაწყვეტდა, ტარასიუკს ამერიკა უნდა გაეფრთხილებინა. მოგვიანებით, ის ნიუ-იორკში დასახლდა და მეტროპოლიტენ-მუზეუმში მუშაობდა. იქ გაიცნო ჯეკი... ტარასიუკი 1990 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ჟაკლინი დარწმუნებული იყო, რომ ის მოკლეს და ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ჟაკლინს ტარასიუკის დაღუპვის შესახებ თავისი ვერსიის გახმაურება სურდა და აპირებდა მუშაობის დაწყებას წიგნზე, სადაც ეს ვერსია ფაქტებით ექნებოდა გამყარებული...

ედგარ ჰუვერი

"ჩემთვის ასეთი გულწრფელობა მოულოდნელი გახლდათ ამერიკის პირველი ლედისგან"

ჟაკლინი საოცრად გულწრფელი, იუმორის გრძნობით სავსე ქალი იყო... ჯეკის 1992 წლის მაისში შევხვდი მის ოფისში, "დოლბის" გამომცემლობაში. დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა რეგლამენტით შეხვედრა 15-წუთიანი უნდა ყოფილიყო. აღფრთოვანებული ვუცქერდი თვალებში, ჯეკი კი არ გაურბოდა ჩემს მზერას. ძალიან გამჭრიახი გონება ჰქონდა. სადად ჩაცმული, შარვალსა და სვიტერში, საუბრისას ისეთი უშუალო იყო, გაოცებული ვუყურებდი - ამერიკის პირველი ლედისგან ასეთი გულწრფელობა ჩემთვის მოულოდნელი გახლდათ. ჩვეულებრივი ოფისი ჰქონდა: ლინოლეუმის იატაკით, წიგნებითა და ხელნაწერებით სავსე იაფფასიანი პლასტიკატის მაგიდით. ეს იყო ნამდვილად სამუშაო და არა ფუფუნების საჩვენებელი ადგილი...

წიგნზე მუშაობისას ჟაკლინის სახლშიც მომიწია მისვლამ. პენტჰაუზში ცხოვრობდა. სახლი სავსე იყო ოჯახური ფოტოებით. აღტაცებული ვიყავი მისი ბიბლიოთეკით. წიგნებს შორის იყო ჯონ კენედის PROFILES IN COUR , რომელიც ჟაკლინს მიუძღვნა.

ჯეკის შეეძლო შეუსვენებლად ემუშავა პროექტზე. ზოგჯერ ვკამათობდით კიდეც.

ჯონ კენედიზე ლაპარაკი არ უყვარდა. პირველ შეხვედრაზეც სწრაფადვე გადაიტანა სიტყვა იური ნოსენკოზე, კა-გე-ბეს აგენტზე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი ამერიკის 35-ე პრეზიდენტის მკვლელობაში არ ჩარეულა (იური ნოსენკო აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ცნობილი ფიგურა გახლდათ. როგორც ამბობდა, ლი ჰარვი ოსვალდს, რომელიც მანამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, არაფერი ესაქმებოდა რუსულ აგენტურასთან და ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო).

ჟაკლინს თუ სჯეროდა ნოსენკოს ვერსიის? ის თვლიდა, რომ ტარასიუკის მკვლელობა ნოსენკოსთან კავშირში იყო. ჟაკლინი არ ცდებოდა, რადგან მოგვიანებით მე მართლაც მივაკვლიე საბჭოთა მაღალჩინოსნის ვინაობას, რომელიც კენედისა და ტარასიუკის მკვლელობებში იყო გარეული.

ის, რაც ჟაკლინს უნდოდა ეთქვა

წერილი, რომელიც ჟაკლინ კენედიმ წიგნის ავტორს მიწერა

1994 წელს, როცა ჟაკლინი გარდაიცვალა, ჩვენ უკვე ჯონის მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება გვქონდა... დარწმუნებული ვარ, ჯეკი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მეტყოდა: "არ გაჩერდე, ფილიპ, სიმართლე დაწერე!"

გამოძიება აუცილებლად გამოააშკარავებს FBI-ს აგენტ რობერტ შტრაუსსა და კენედის მკვლელობას შორის კავშირს (შტრაუსს ჰქონდა იურიდიული ფირმა ვაშინგტონში, ასევე ხელმძღვანელობდა დემოკრატიულ პარტიას). ის FBI-ს დირექტორ ედგარ ჰუვერის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ, ჰუვერს კი სძულდა ძმები კენედები. ორივე ქვეყნის მემარჯვენე ფრთას: ამერიკაში ჰუვერის გარემოცვასა და რუსეთში, სავარაუდოდ, ბრეჟნევის გარემოცვასა და კა-გე-ბეს ერთი ინტერესი ამოძრავებდათ - მოეშორებინათ თავიდან კენედი და ხრუშჩDოვიც, რადგან კარიბის კრიზისის შემდგომ მათ შორის ურთიერთობა დათბა. მას შემდეგ, რაც შტრაუსი რუსებმა გადაიბირეს (ამაში დარწმუნებული ვარ), ის უფრო გავლენიანი გახდა, დემოკრატიულ პარტიაში უფრო მაღალი თანამდებობა მისცეს. როდესაც ის პარტიის ფინანსური მენეჯერი გახლდათ, კუბურ-რუსული ფული დემოკრატიულ პარტიაში მიდიოდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ შტრაუსი რუსებზე მუშაობდა. სხვათა შორის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს ის რუსეთში ამერიკის ელჩადაც კი დანიშნეს. აი, ზუსტად ეს იყო, ის რისი თქმაც ჟაკლინ კენედის უნდოდა და ვერ მოასწრო...

24 წლის ჰარვი ოსვალდი კენედის საქმეში დღემდე ერთადერთი ფიგურანტია. თუმცა კენედის საქმის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ თავდასხმამდე ორი თვით ადრე ოსვალდი რუს დიპლომატ ვალერი კოსტიკოვს შეხვდა. ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, კოსტიკოვი კა-გე-ბეს თანამშრომელიც იყო, რომელიც საბოტაჟებისა და მკვლელობის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.

"ტარასიუკის მკვლელობა შტრაუსის ორგანიზებული იყო"

ლეონიდ ტარასიუკი - რატომ გადაწყვიტეთ წიგნის 2017 წელს გამოცემა და არა მანამდე?

- როდესაც ჯეკი გარდაიცვალა, მე ხელთ მქონდა 800-გვერდიანი კვლევა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ტარასიუკის მკვლელობის უკან რაღაც უფრო დიდი იმალებოდა. თუმცა, ბევრი უპასუხო კითხვა იყო და ამიტომ შევიკავე თავი...

როგორც მოგახსენეთ, რობერტ შტრაუსი (ამერიკის ელჩი რუსეთში 1991-1992 წლებში) საბჭოთა აგენტი იყო და საამისო მასალის მოძიება დავიწყე. 2015 წელს უკვე ხელთ მქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ კენედის მკვლელობაში შტრაუსის მონაწილეობაზე დარწმუნებით მესაუბრა და პასუხები გამეცა ბურუსით მოცული კითხვებისთვის. მაგრამ საფრთხეში არ უნდა ჩამეგდო ჩემი რესპონდენტები, მათ შორის, ჩემი რუსი მეგობარი იულია, რომელმაც ტარასიუკზე მომაწოდა ცნობები და ისინი წიგნში შევიტანე - იულია ჰყვება, რომ ტარასიუკი რუსებმა მოიშორეს თავიდან... იულია ახლა 90 წლისაა, ხშირად მიკავშირდება და ერთ დღესაც მიმანიშნა, რომ მის უსაფრთხოებაზე აღარ მენერვიულა. ამის შემდეგ გადავწყვიტე წიგნის გამოცემა. მივედი სკოტ მოიერსსა (ჯეკის თანაშემწე, შემდგომში გამომცემლობა "პენგუინის" რედაქტორი) და სტივ რუბინთან (ჯეკის უფროსთან "დოლბის" საგამომცემლო სახლში), მაგრამ ვერც ერთმა ვერ იკისრა წიგნის გამოცემა, ამიტომაც სხვა გზების ძიება დავიწყე.

- 2017 წელს ტრამპმა გრიფი "საიდუმლო" მოხსნა ჯონ კენედის მკვლელობის მასალებს. თქვენი აზრით, იმ მასალებშიც იკვეთება ის, რაც თქვენ წიგნში გაქვთ განხილული? - იქ არაფერი წერია კენედის მკვლელობაში შტრაუსის მონაწილეობაზე. ბევრი ვერსია განიხილება, მაგალითად, ისიც, რომ შესაძლოა ედგარ ჰუვერი იყო გარეული ჯონის მკვლელობაში, მაგრამ არაფერია ნათქვამი მის კავშირზე საბჭოთა გავლენიან ფიგურებთან. ვერაფერი ვნახე შტრაუსისა და ტეხასელი ნავთობმაგნატების კავშირებზე, მაფიის სავარაუდო მონაწილეობაზე საქმეში და ა.შ.

- თქვენი აზრით, რატომ აღარ გაასაჯაროვა ტრამპმა დანარჩენი ფაილები? - ტრამპს არ სურს პუტინისა და კა-გე-ბეს გაღიზიანება ისტორიის ამ მონაკვეთის გახსენებით. მეტიც, ვფიქრობ, არსებობს FBI-ს პრესტიჟის შელახვის (არასწორი გამოძიების გამო) რისკი.

- თქვენს წიგნში იკვეთება, რომ ტარასიუკი ამერიკის ცენტრალური დაზვერვისთვის მუშაობდა და ის რუსებმა მოიშორეს, ხოლო ორივეს, ტარასიუკისა და კენედის მკვლელობა შტრაუსის ორგანიზებული იყო, მას კი ედგარ ჰუვერი მფარველობდა. - ტარასიუკს სძულდა კომუნისტები და ყველაფერს აკეთებდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის დასახმარებლად. ის განაგრძობდა თანამშრომლობას ამერიკის სპეცსამსახურებთან მეტროპოლიტენ-მუზეუმში მუშაობისას. ამ თანამშრომლობის შესახებ რუსებმა ვერაფერი შეიტყვეს, სანამ რომში იარაღის შესყიდვის საქმეში ტარასიუკის კვალს არ წააწყდნენ. ამის შემდგომ რუსებმა სასწრაფოდ მოიცილეს თავიდან. დარწმუნებული ვარ, მისი მკვლელობა შტრაუსის ორგანიზებული იყო, თუმცა ამას სასამართლოში ვერ დავამტკიცებ...

- ჯეკის უყვარდა ლეონიდ ტარასიუკი? ამას რამდენჯერმე ახსენებთ წიგნში. - ჯეკიმ პირველივე შეხვედრაზე მითხრა: "მე მიყვარდა ეს კაცი" და ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია...

- ამერიკის მთავრობიდან ვინმე თუ დაგიკავშირდათ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ? - უფრო სოციალურ მედიაში გამომეხმაურნენ, უამრავი ვიზიტიორი იყო რუსეთიდან და უკრაინიდან, რა თქმა უნდა, ამერიკიდანაც. 1992 წლის შემდეგ 58-ჯერ ვიყავი რუსეთში და ერთადერთხელ მოვიდნენ მთავრობიდან სასაუბროდ, ისიც როგორც განაღმვის სპეციალისტთან. რაც შეეხება ამერიკას, ჩემი ძველი მეგობრისგან, რომელიც დიდხანს მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში, ვიცი, რომ მათ ჩემზე სრული ინფორმაცია აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მე ჯონ კენედის მკვლელობის ამბავი ძალიან ღრმად შევისწავლე.

იხილეთ ფოტოგალერეა