ილუზიებისა და გრძნობების მუზეუმები თბილისში - კვირის პალიტრა

ილუზიებისა და გრძნობების მუზეუმები თბილისში

"დამსხვრეული ურთიერთობის" მუზეუმში ყველას შეუძლია თავისი უიღბლო სიყვარულის ისტორია გამოგვიგზავნოს"

ათიოდე დღის წინ თბილისის ყველაზე კოლორიტულ უბანში, ბეთლემის ქუჩაზე, უჩვეულო მუზეუმი გაიხსნა: ის მნახველებს ილუზიის კანონებზე დაფუძნებულ, ძალიან სახალისო და შთამბეჭდავ ექსპონატებს სთავაზობს. ილუზიების მუზეუმის სტუმარს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად სურს: ირბინოს, იცინოს, შენობის ჭერზე იაროს და თავდაყირა დაკიდებულმა ფოტოებიც კი გადაიღოს... პროექტის ავტორებს კიდევ ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი აქვთ. ამ ყველაფერზე ჩვენი სტუმარი, სამუზეუმო სივრცის მარკეტინგის მენეჯერი ნატალია ანანიაშვილი მოგვითხრობს:

- საქართველო მე-15 ქვეყანაა, სადაც ილუზიების მუზეუმი გაიხსნა. პირველი ასეთი მუზეუმი 2015 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიხსნა. შემდეგ ანალოგიური მუზეუმები გახსნეს მსოფლიოს მრავალ ქალაქში: ლუბლიანაში, ვენაში, ბელგრადში, ბერლინში, დუბაიში და ა.შ. ამერიკელებს თავიანთ ქვეყანაში უკვე სამი ასეთი მუზეუმი აქვთ. თბილისის ილუზიების მუზეუმი დღეს ყველაზე დიდია მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ მუზეუმებს შორის.

ილუზიების მუზეუმის სპეციფიკა ისეთია, რომ მთელი დატვირთვა გართობაზე გადადის. ჩვენი სტუმრები ფოტოებს იღებენ და მერე სოციალურ ქსელში ტვირთავენ. სარკეებისა და სტიკერების დახმარებით, ასევე სწორად შერჩეული კუთხის წყალობით იქმნება სხვადასხვა სახის ილუზია, რომელიც სტუმრებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ არის "უსასრულობის ოთახი", რომელიც მთლიანად სარკეებით არის დამუშავებული და ეს სარკეები ისე მოხერხებულად არის განლაგებული, რომ უსასრულო ანარეკლის შთაბეჭდილებას ქმნის. სარკეები ერთმანეთსაც ირეკლავს და იქ მყოფ ადამიანსაც. ამის შედეგად ერთის ნაცვლად რამდენიმე ათეული გამოსახულება ჩნდება. მნახველებს ძალიან მოსწონთ გვირაბი, სადაც ცილინდრში მოთავსებული მოაჯირი ისეთ ასოციაციას ქმნის, თითქოს ბრუნავს, სინამდვილეში ის უძრავია, მნახველებს კი ჰგონიათ, რომ ეს მოაჯირიც უნდა დატრიალდეს და წონასწორობას ვერ ინარჩუნებენ. ერთ-ერთ ოთახში ისეთი ილუზია იქმნება, რომ ადამიანი თავდაყირაა დაკიდებული და ასე მოძრაობს. ამ ოთახში ჭერი იატაკზეა, ხოლო იატაკი " ჭერზე. ეს ყველაფერი ადამიანის ხედვის, აღქმისა და განცდის თავისებურებებზეა აგებული. ჩვენი მუზეუმის ილუზიების კოლექციამ დამკვირვებელი უნდა გაახალისოს, გააკვირვოს და ყოველდღიურ ყოფას მოსწყვიტოს. მიხარია, რომ ეს მყუდრო ადგილი ყველა ასაკის ადამიანს მოსწონს.

- ზაფხული ახლოვდება და თქვენი მუზეუმი, ალბათ, ბევრ ტურისტს მოიზიდავს.

- რა თქმა უნდა. როდესაც ამ მუზეუმის დაარსება გადაწყდა, ადგილი სპეციალურად შევარჩიეთ - ბეთლემის ქუჩა თბილისის ყველაზე ძველ და ისტორიულ ადგილზე მდებარეობს. მალე აქვე მეორე, ასევე თანამედროვე ტიპის მუზეუმი გაიხსნება, რომელსაც "დამსხვრეული ურთიერთობის" მუზეუმი ჰქვია. ყველას შეუძლია, თავისი უიღბლო სიყვარულის ისტორია გამოგვიგზავნოს და თან რაღაც რელიკვიაც მოაყოლოს " თუნდაც უბრალო ნივთი, რომელიც ამ ამბის ნაწილია. ისტორიებს, რომლებსაც ყველაზე საინტერესოდ მივიჩნევთ, სტუმრებს გავაცნობთ, შემდეგ კი ექსპონატები ხორვატიაში დაბრუნდება და ზაგრების მუზეუმს ქართული ისტორიებიც შეავსებს. ეს ძალიან საინტერესო, სენტიმენტალური და განსხვავებული მუზეუმია, რომელსაც ევროპელები "გრძნობების მუზეუმსაც" უწოდებენ. საქართველოში გასართობი მუზეუმების ინდუსტრია ჯერ ახალია, ევროპაში კი ამ ტიპის მუზეუმები ძალიან ბევრ მნახველს იზიდავს.

ხათუნა ჩიგოგიძე