"2002-დან 2017 წლის ჩათვლით 1,4 მლნ საქართველოს მოქალაქე­ დარჩა უცხოეთში" - კვირის პალიტრა

"2002-დან 2017 წლის ჩათვლით 1,4 მლნ საქართველოს მოქალაქე­ დარჩა უცხოეთში"

"ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში მოსახლეობა, თუ მეტად არა, ერთი მესამედით მაინც შემცირდა. გამოკეტილი და მიტოვებულია სახლები. შემცირებულია ყველა დიდი ქალაქის მოსახლეობა. ერთადერთი ქალაქი ბათუმია, სადაც მოსახლეობამ იმატა. ასე რომ, ქვეყანაში გაზრდილია 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რაც ნიშნავს, რომ ერის დაბერებაა დაწყებული..."

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რის გამოც საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადს აღარ განიხილავენ. პარალელურად, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ ემიგრანტების მდგომარეობა აშშ-შიც გაართულა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ რიგ ქვეყნებში ქართველები ძარცვა-ყაჩაღობასთან ასოცირდებიან, რაშიც წვლილი კრიმინალ კავკასიელებს შეაქვთ - მათი უდიდესი ნაწილი თავს ქართველად ასაღებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოდან მაინც ათასობით მოქალაქე მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად. ქართველების ინტენსიურ მიგრაციას ეკონომიკური სიდუხჭირეც განაპირობებს.

ეკონომიკის ანალიტიკოსი თათული დუშუაშვილი ერთადერთია, ვინც ქართველი ემიგრანტების სტატისტიკის კვლევა ჩაატარა და შემაშფოთებელი შედეგი მიიღო: 2002-დან 2017 წლის ჩათვლით 1,4 მლნ საქართველოს მოქალაქე დარჩა უცხოეთში გაურკვეველი ვადით საცხოვრებლად, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი კი სამუდამოდაც. არ დაგვავიწყდეს, რომ კვლევა მიახლოებითია და შესაძლოა ემიგრანტთა რაოდენობა მეტი იყოს.

- მძიმე შედეგს რომ მიიღებდით, ალბათ, წინასწარვე იცოდით, მოსახლეობის შემცირება, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლევის გარეშეც ცხადია.

- ბუნებრივია, ემიგრანტთა რაოდენობის ზუსტი მაჩვენებელი ჩვენი კვლევით ვერ მივიღეთ, თუმცა არც დიდი ცდომილება უნდა გვქონდეს. კვლევა ეკონომიკური მაჩვენებლებიდან დავიწყეთ, ვიკვლევდით დასაქმებასა და უმუშევრობას, რა დროსაც ნათელი შეიქნა, რომ ზოგიერთ სექტორში სამუშაო ძალის დეფიციტია. სამუშო ძალა, ძირითადად, 20-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მერყეობს, ეს კი სწორედ ის ჯგუფია, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა სამუშაოს საძიებლად. ამ ხალხის 66% 40 წლამდე ასაკის არის.

- სტატისტიკისთვის მონაცემები საიდან აიღეთ? - უპირველესად, 1994 წლისა და 2014 წლების აღწერებიდან. როდესაც ისინი შევადარეთ, გაირკვა, რომ ამ აღწერების შუა პერიოდში ქვეყანაში 1.2 მლნ მოსახლეობის დეფიციტია და ეს ამავე პერიოდში გარდაცვლილთა მაჩვენებელს არ ემთხვევა. გარდა ამისა, მოვიკვლიეთ ყოველ 6 თვეში უცხოეთში წასულ მოქალაქეთა სტატისტიკა და მის საფუძველზე ვივარაუდეთ, რომ ამ მოქალაქეთა ნახევარი (თუ მეტი არა) უცხოეთში დარჩა სამუშაოდ. ასე რომ, სავარაუდოდ, უფრო ნაკლები მონაცემი გვაქვს, ვიდრე უცხოეთში რეალურად დარჩენილ მოქალაქეთა რაოდენობაა.

- რეგიონებში, ალბათ, ყოველი მესამე სახლი გამოკეტილია. - სამწუხაროდ, ასეა. ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში მოსახლეობა, თუ მეტად არა, ერთი მესამედით მაინც შემცირდა. გამოკეტილი და მიტოვებულია სახლები. შემცირებულია ასევე ყველა დიდი ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის დედაქალაქისაც. ერთადერთი ქალაქი ბათუმია, სადაც მოსახლეობამ იმატა. ასე რომ, ქვეყანაში გაზრდილია 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი, რაც ნიშნავს, რომ ერის დაბერებაა დაწყებული. მაგალითად, თუ 2010-2017 წლებში 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის წილი საშუალოდ 0,4%-ით იზრდებოდა, 2017 წელს ზრდამ 14.6% შეადგინა. სამაგიეროდ, შობადობაში დიდი კლება არ შეინიშნება. კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა 1994-დან 2002 წლამდე, როცა შობადობის მაჩვენებელმა 3%-ით მოიკლო. 2002-დან 2012 წლამდე შობადობა იზრდებოდა, შემდეგ ოდნავ შემცირდა, მაგრამ 2014 წელს დიდი ნახტომი გვქონდა. ამჟამად შობადობა კვლავ ოდნავ შემცირებულია, თუმცა არა საგანგაშოდ.

მიგრანტების დასაბრუნებლად რადიკალური ღონისძიებებია გასატარებელი. მხოლოდ მოწოდება, ჩამოდითო, არაფერს ნიშნავს. თუ ჩამოვლენ, საქმე უნდა ჰქონდეთ, თორემ ისევ წავლენ. ამისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, თანაც ისეთი, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ უცხოეთში მუშაობას. გარდა ამისა, უნდა წახალისდეს უცხოეთში განათლებისთვის წასული ახალგაზრდების დაბრუნება. სხვა შემთხვევაში, ემიგრანტების ნაკადს კიდევ ბევრი ჩვენი მოქალაქე დაემატება და ყოველი მათგანი შეეცდება, რომ ემიგრაციაში ოჯახის წევრებიც წაიყვანოს.