პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - კვირის პალიტრა

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გინესის წიგნი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც მოიცავს ცნობებს ადამიანის უდიდესი მიღწევებისა და რეკორდების შესახებ. ახლახან გინესის მესვეურებმა პლანეტის ხანდაზმული ქალბატონი იაპონელი კანე ტანაკა გამოავლინეს.

კანე ტანაკა, 116 წლის იაპონელი ქალი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ის მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს. კანე ტანაკა იაპონიის ქალაქ ფუკუ-ოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა, ოჯახში მეშვიდე შვილი იყო. 19 წლისა გათხოვდა და ოთხი შვილი გააჩინა, ერთი კი იშვილა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მეუღლესთან ერთად ბრინჯის ღვეზელებით ვაჭრობდა. ომში ქმრის დაღუპვის შემდეგ მაღაზიაში მუშაობდა 63 წლამდე.

კანე ტანაკა 103 წლის იყო, ექიმებმა მსხვილი ნაწლავის კიბო რომ დაუდგინეს, თუმცა ოპერაცია კარგად გადაიტანა და ავადმყოფობა დაამარცხა. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, ტანაკა დილის 6 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. ძალიან უყვარს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები, წერს ლექსებს. მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს ყველას ანდობს და ამბობს: "რეცეპტი მარტივია - ოჯახი, ჯანსაღი ძილი და მომავლის რწმენა." როდესაც ჰკითხეს, რამდენ ხანს უნდა იცოცხლოო, კიდევ ხუთი წელიო, - იყო მისი პასუხი.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ ადამიანთა სიაში მეტწილად იაპონელები ლიდერობენ, რასაც მათი კვების რაციონს უკავშირებენ. წინა რეკორდსმენიც იაპონელი ტიიო მიიაკო იყო, რომელიც 2018 წლის ივლისში 117 წლისა გარდაიცვალა.

გინესის მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდხანს ფრანგმა ჟანი ლუის კალმენტმა (1875-1997 წწ.) იცოცხლა. ის 122 წლისა და 164 დღის იყო, როცა გარდაიცვალა.

"ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი"

საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმულები აჭარის მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ.

105 წლის ზექიე დავითაძე დღესაც საოცრად მხნედ გამოიყურება.

"იმ დუნიას მისასლელი ვართ, ამ დუნიას არვინ დავრჩებით. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა..."

შუახევში, სოფელ ნაღვარევში მცხოვრები ზექიე დავითაძე 105 წლისაა. ჰყავს ორი შვილი, რვა შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი.

უხუცესი ქალბატონი ხულოდან, ღორჯომის ხეობის სოფელ ჭახაურიდანაა. ის დღემდე ინახავს თავისი მზითევიდან შემორჩენილ ფახირის გუგუმს (წყლის სპილენძის ჭურჭელი). ქორწილის ამბებს კი ასე იხსენებს:

"ჭახაურიდან დედა მყავდა და ხშირად ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექვსმეტი წლის ვიყავ. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო."

ზექიე ახალგაზრდობაში გარშემო სოფლებში ბებიაქალობდა. 100 ბაღანა მყავს აყვანილიო, ამბობს, ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ვისწავლე, ის კარგი სპეციალისტი იყო და მეც "გამომასპეციალისტაო.

105 წლის ქალბატონი დღესაც საოცრად მხნედ გამოიყურება. "იმ დუნიას მისასლელი ვართ, ამ დუნიას არვინ დავრჩებით. ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა," - გვეუბნება ზექიე ბებია.