ქვებით გაცოცხლებული გმირების საოცარი გალერეა - კვირის პალიტრა

ქვებით გაცოცხლებული გმირების საოცარი გალერეა

მაია ნოდარიშვილი თვითნასწავლი მხატვარია და, ძირითადად, რელიგიურ თემაზე მუშაობს. მასალად ფერად ქვებს იყენებს. არასდროს უმუშავია ფერწერასა და გრაფიკაში. გაბედა, შეეჭიდა და სულ ახლახან დაასრულა "ვეფხისტყაოსნის" დასურათება.

-"ვეფხისტყაოსანზე" მუშაობას რვა წელი მოვანდომე და 45 ილუსტრაცია შევქმენი, - გვეუბნება მხატვარი და ქვებით გაცოცხლებული გმირების საოცარ გალერეას წარმოგვიდგენს.

- სამი წლიდან ვხატავ. ონში სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, გამოფენებში ვმონაწილეობდი. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2000 წელს მშობლიურ ქალაქ ონში გაიმართა. ყველას ეგონა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარებდი, მე კი გეოლოგია ავირჩიე.

90-იან წლებში თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში დავდიოდი. ის პერიოდი დაემთხვა ხატწერის წრის გახსნას სასულიერო აკადემიაში. თავიდან გავიხარე, ვიფიქრე, ვიპოვე, რასაც ვეძებდი და რაც შემიძლია-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი ხატების ასლების გადაღება. ზოგი ახერხებს, შემოქმედიც იყოს და ასლებიც აკეთოს. მე არ შემიძლია.

ჩვენ მხატვრობა გენეტიკაში გვაქვს, უჩა ჯაფარიძის შთამომავლები ვართ. დედა საუცხოოდ ქსოვს თოკებით, ბიძაც მხატვარი იყო, აკადემიაში ასწავლიდა.

- თქვენი ყველა ნამუშევარი რელიგიურ თემაზეა. - სასულიერო აკადემიაში შევისწავლე ტექნოლოგია და ფერების დამუშავება. სამი წელი ფერისცვალების მონასტერში ვიყავი, ავლაბარში, მონაზვნობა მინდოდა... იქ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი, დავიწყე რელიგიური შინაარსის ნახატების ხატვა და მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა.

- რა მასალით ხატავთ? - ნატურალურ ფერად ქვებს ვამუშავებ, ზოგჯერ თაბაშირსაც ვიყენებ. ქვა უნდა იყოს რბილი. დანით ვფხვნი და პიგმენტებს ვუმატებ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვის ნალექი. მას ხსნარში ვურევ და ულამაზესი იოდისფერი გამოდის. დამუშავებულ ქვას კვერცხის გულს, გადადუღებულ წყალსა და ძმარს ვამატებ. ამ ნაზავში იხსნება ქვა და დამუშავებული პიგმენტი. ყველა ნახატს ლაქი სჭირდება, მყარი რომ იყოს და არ გაფუჭდეს. ფერიც უფრო მკვეთრია.

- ოდესმე ნახატი გაგიყიდიათ? - გასყიდად არ მემეტება... ერთ ნამუშევარს 1-2 თვეს ვანდომებ. თუ სერიულია - სამ თვესაც, ამიტომ ბევრი ნამუშევარი არ მაქვს. დავით აღმაშენებლის პორტრეტს, მაგალითად, მთელი წელი მოვანდომე. წინა მხარეს არის მეფის, მეორე მხარეს კი - ბერის სამოსით. ყველა ჩემს ნამუშევარში ორსახოვანია.

- როგორც ამბობთ, "გაბედეთ" და "ვეფხისტყაოსანს" შეეჭიდეთ... - "ვეფხისტყაოსანთან" მიახლოებას დიდი გამბედაობა უნდოდა. ჩემს მთავარ მუზად მე-17 საუკუნის პოეტი და ილუსტრატორი მამუკა თავაქარაშვილი იქცა, რომლის მხატვრობის ხაზი ჩემსას დაემთხვა. მისმა ნამუშევრებმა გამიხსნა გზა, მას მივყევი, თუმცა მისგან არაფერი გადმომიღია. "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობას რვა წელი მოვანდომე. შინაარსს მივყევი და ახლა 45 ილუსტრაცია მაქვს. არ ვთვლი, რომ რამე ახალი შევმატე ამ პოემას, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მას შევეხე. ახლა "შუშანიკის წამებაზე" ვმუშაობ.

- თქვენი ნამუშევრები როდის და სად არის ხოლმე გამოფენილი?

- სულ ორი პერსონალური გამოფენა მქონდა - რაჭასა და თბილისში. გამოფენები არ მიზიდავს, ცოტა შემაწუხებელია ყურადღების ცენტრში ყოფნა.