"შემოგრიალდა ეზოში ჯიპი, გადმოვიდა ბრილიანტებში "ჩამჯდარი" ორი ქალბატონი და..." - რა აიძულებს ადამიანებს ნათესავების თავშესაფარში მიყვანას
19-03-2019
"შემოგრიალდა ეზოში ჯიპი, გადმოვიდა ბრილიანტებში "ჩამჯდარი" ორი ქალბატონი და..." - რა აიძულებს ადამიანებს ნათესავების თავშესაფარში მიყვანას
შუადღე გადასული იყო, როცა მოხუცთა სახლის კარი შევაღე. დიდ დიღომში, ორსართულიან შენობაში ამ ეტაპზე 45 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც წესი, აქ დიდ დარბაზში ყველა ერთად უსხდება სუფრას, თუმცა სიცივეში მობინადრეებს სადილი ოთახებში ურიგდებათ. მართალია, მთელი შენობა თბება, მაგრამ ოთახებში გაცილებით თბილა, ვიდრე სასადილოს დიდ სივრცეში. დერეფანში ორი ქალბატონი შემხვდა, დიდი ქვაბით ღომი და წვნიანი უკვე ჩამორიგებული ჰქონდათ. სასადილოდ მეც მიმიპატიჟეს, მაგრამ მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ დირექტორთან შეხვედრა მქონდა დანიშნული და
არ მინდოდა დამეგვიანა.

უკვე რამდენიმე წელია ლიანა ჩოფლიანი წმინდა ნინოს ორდენსა და მოხუცებულთა სახლს ხელმძღვანელობს. ქალბატონი ლიანა ოთახში არ დამხვდა. მითხრეს, ეზოში იქნებაო. დაველოდე და ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა.
70 წლის ქალბატონმა ლიანამ ოჯახთან ერთად გამოიარა ჯერ აფხაზეთის ომის, ხოლო შემდეგ დევნილობის მძიმე ყოფა. მიუხედავად
გადატანილი ტკივილებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, აქტიური ცხოვრების წესი აქვს. მას თითქოს ჩვევად ექცა სხვების დახმარება, ყოველდღიურად ბევრი კეთილი საქმის კეთება, რაც ძალას მატებს. თქვა, ალბათ საჭირო ვარ და ღმერთი მეხმარება; თან ამდენი მოხუცი ჩემთვის ლოცულობს და მეც ყველაფერს ვასწრებო.

- ქალბატონო ლიანა, საკმაოდ კარგი ეზო გაქვთ, მგონი რამდენიმე დასახელების ხილიც ხარობს...
- დიახ, ასეა... ახლა ღორებთან ვიყავი. ადრე კურდღლებიც მყავდა, მაგრამ ახლა მხოლოდ 2 დედა ღორი გვყავს. ბევრი საკვები გვრჩება და ამით იკვებებიან... ჩემს მოხუცებს ღორის ხორცს არ ვაჭმევ. ღორებს რომ ვზრდით, ვკლავთ. ხორცს ვყიდით და აღებული თანხით ვყიდულობ თევზს, საქონლისა და ქათმის ხორცს.

- რამდენი წელია, რაც ეს მოხუცებულთა სახლი არსებობს და რამდენი ხანია თქვენ ხელმძღვანელობთ?
- 10 წელია ვხელმძღვანელობ. ძველ ებრაულად "ბეთ" სახლს, ხოლო "ელ" ღმერთს აღნიშნავს, ანუ ეს არის "ღმერთის სახლი". საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ასოციაცია "ბეთელთან" არსებული მოხუცთა სახლის შენობა დაახლოებით 20 წლის წინ, მალხაზ სონღულაშვილმა ააშენა. ჯერ მხოლოდ ერთი კორპუსი იყო, 2009 წელს "გაეროს" დახმარებით მეორე მხარეც გარემონტდა და აქ ჩავასახლეთ ცხინვალის ომის შედეგად დევნილები. მათ შორის იყო 2 ორსული და ჩვენთან 2 პატარაც დაიბადა. შემდეგ ის ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილა. ბენეფიციარები ჩეჩნეთიდან გვყავდნენ, რეაბილიტაცია გაიარეს და მათაც დატოვეს აქაურობა. ახლა აქ სულ 45 კაცი ცხოვრობს, როგორც აფხაზეთიდან დევნილები, ისე მოხუცები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, რამდენიმე ახალგაზრდაც მყავს, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება: ერთი ფერადკანიანი პასტორის შვილი აფრიკიდანაა, მეორე ახალგაზრდა ფოთიდან - მას 9 დედმამიშვილი ჰყავს და მამამისს არ აქვს საშუალება სტუდენტს ბინა თბილისში უქირავოს, ხოლო მესამე სტუდენტი ხევსურეთიდანაა.

- ყველაზე ხანდაზმული რა ხნისაა?
- სხვადასხვა ასაკის არიან: 90, 86, 83 წლისები და უმცროსებიც. რამდენიმე ბავშვობიდან აქ ცხოვრობს, წლების წინ სხვადასხვა დაავადება აქვთ გადატანილი და გონებრივად შეზღუდულები არიან.

- მომართვა როგორ ხდება? ხშირად მოჰყავთ შვილებს მშობლები?
- საუბედუროდ, ასეა. რუსეთში ვსწავლობდი, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში დავყავდით. თავს ვიწონებდი, ჩვენთან, საქართველოში მოხუცებს თავშესაფარში არავინ აბარებს-მეთქი. წინაპრებს ხომ ჩვენთან ყოველთვის დიდი პატივით ვექცეოდით. ახლა კი... მაგიდაზე 3 განცხადება მაქვს შესახლების თაობაზე, რომლებიც თებერვლის თვეშია შემოსული. ერთხელ შემოგრიალდა ეზოში დიდი ჯიპი, გადმოვიდა ოქროსა და ბრილიანტებში "ჩამჯდარი" ორი ქალბატონი, დაათვალიერეს თავშესაფარი და მითხრეს, ისე მოგვწონს თქვენთან, მამიდას შემოსახლება გვინდაო. ვკითხე, სად ცხოვრობდა მამიდა აქამდე? აღმოჩნდა რომ აქვე, დიდ დიღომში. ერთ-ერთი ქალბატონის ქალიშვილისთვის ბინა დაუტოვებია, მაგრამ, - ჩემი გოგო გათხოვდა და აბა, რომელ სიძეს უნდა სიდედრის მამიდა სახლშიო?! ასეთი შემთხვევები ბევრია. ცალკე უბედურებაა ბანკები და კაზინოები. ბანკების ვალის გამო ბევრი დარჩა უბინაოდ, ბევრიც კაზინოში თამაშობს და კოტრდება. არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ მიდიან და შვილი მშობელს თბილისში ტოვებს.

- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად ვინ მოგმართავენ: ისინი, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს ასაკოვანი ოჯახი წევრი თავისთან ჰყავდეს და მასზე იზრუნოს, თუ ისინი, ვისაც რეალურად არ აქვს ლუკმაპური, საცხოვრებელი ფართობი და იძულებულია, მშობელი აქ მოიყვანოს?
- როგორ გითხრათ?! ადამიანებზე კარგი წარმოდგენა მაქვს და მაინც ვფიქრობ, რომ ყველას გაჭირვება აიძულებს, ასეთი ნაბიჯი გადადგას... რამდენიმე მაგალითს გეტყვით: გვყავს ერთი, დიაბეტიანი, თან მხედველობის პრობლემები აქვს. ოჩამჩირედან დევნილია, შვილი გარდაეცვალა, რძალი და შვილიშვილები კიევში ცხოვრობენ; მეორეს ქმარი და მული სახლში ცოცხლად დაუწვეს, შვილი დაეღუპა, არავინ დარჩა და ჩვენთან ცხოვრობს; მესამეს შვილიც აფხაზეთის ომში დაიღუპა, თუმცა მეორე შვილი - ქალიშვილი და სიძე ჰყავს ბათუმში. პენსიაც კარგი აქვს, როგორც ოჯახის მარჩენალის დამკარგველს, მაგრამ მაინც აქ მოიყვანეს. ერთი ოჯახიდან სამი წევრი გვყავს: ბებია, მისი შვილი და შვილიშვილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევა თანაბრადაა. იხილეთ სრულად

ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?