"საქართველოში პირველად რომ ჩამოვიყვანე, "შემოგვექორწილა" - რას ჰყვება იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგო - კვირის პალიტრა

"საქართველოში პირველად რომ ჩამოვიყვანე, "შემოგვექორწილა" - რას ჰყვება იაპონიაში გათხოვილი ქართველი გოგო

ალბათ ბევრს უოცნებია, გაზაფხულზე იაპონიაში საკურას დღესასწაულს დასწრებოდა და ამ საოცრების ხილვით დამტკბარიყო. ეს ოცნება მარიამ ინაბამ (გათხოვებამდე - ბეჟანიშვილი) ექვსი წლის წინ აიხდინა. იაპონიაში სასწავლებლად გაემგზავრა, თუმცა იქ თავის ცხოვრების მეგზურს შეხვდა და წყვილმა მალევე იქორწინა. ქართველმა გოგონამ ახალი ცხოვრების რიტმს უპრობლემოდ აუწყო ფეხი. მარიამმა სახლში პატარა მინი-ბაღიც მოაწყო, სადაც პირველ რიგში საქართველოდან წაღებული ქინძი, რეჰანი და კამა გაახარა. ამბობს, რომ იაპონიაში დიდ ყურადღებას აქცევენ გალამაზებულ ეზოებს და ყველა ცდილობს მეზობელზე უკეთესი ბაღი ჰქონდეს.

- დამთავრებული მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იაპონური ენის განყოფილება, მაგრამ რაც იაპონიაში ჩამოვედი, იმდენ პროფესიას დავეუფლე, ზოგჯერ მავიწყდება კიდეც. აქ იაპონიის განათლების სამინისტროს სამწლიანი პროგრამით მაგისტრატურაზე ჩამოვედი თითქმის ექვსი წლის წინ. ვისწავლე რელიგიები, არა მარტო იაპონიის ბუდიზმი და შინტოიზმი, არამედ ცოტ-ცოტა ისლამი, იუდაიზმი, ქრისტიანობა. ახლა ვასწავლი ქართულს და ინგლისურს. ქართულს ერთი იაპონელი ბაბუა სწავლობს უკვე ოთხი წელია. საქართველოში ყოფილა, ძალიან მოეწონა, თუმცა დისკომფორტი იგრძნო, ქართული რომ არ ესმოდა, ამიტომ მიპოვა და დაიწყო ქართულის სწავლა.

- და სწორედ იქ შეხვდით თქვენი ცხოვრების ადამიანს... თქვენი სიყვარულის შესახებ მოგვიყევით...

- დიახ, კიოტოში გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს სრულიად შემთხვევით, წვეულებაზე შევხვდი კოსუკეს. ეს ორივესთვის ერთი ნახვით სიყვარული იყო. არასდროს მჯეროდა რომანტიკული, ერთი ნახვით შეყვარების ისტორიების, მაგრამ თავად აღმოვჩნდი ერთ-ერთ რომანტიკულ „ფილმში“. თავიდან კულტურული სხვაობის გამო გვქონდა პატარა გაუგებრობები, მაგრამ ახლა მალე (11 აპრილს) ხუთი წელი გახდება, რაც შევხვდით ერთმანეთს და ფაქტობრივად გაუგებარი და ამოუცნობი აღარაფერი გვაქვს.

- საქართველოში თუ არის ნამყოფი თქვენი მეუღლე?

- საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. პირველად რომ ჩამოვიყვანე, „შემოგვექორწილა“ (იღიმის). იხილეთ სრულად