"საქართველოსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია... ქართველობას ვერ და არ წავშლი"
"საქართველოსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია... ქართველობას ვერ და არ წავშლი"
ფოტო:ნინო არობელიძე
"ყველა ნინო აქ ნინა ხდება..."

ნინო არობელიძე ჩიკაგოში 1998 წელს გაემგზავრა. უყვარდა ხატვა და მუსიკა, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მუსიკა მისი მთავარი პროფესიული არჩევანი გახდებოდა. თავდაპირველად ფრანგული ჯაზის იმპროვიზატორული სტილის მიმართულებით დაიწყო, მოგვიანებით კი არაერთი სხვა მიმდინარეობა მოსინჯა. თანდათან დარწმუნდა, რომ სურდა საკუთარი მუსიკა შეექმნა. გადაწყვიტა კარგად შეესწავლა სიმღერის "ხელობა" და ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯის გადადგმა კლასიკის შესწავლით დაიწყო. ამჟამად ნინო საკუთარ უნიკალურ მუსიკას ჯაზის, პანკის, სოულისა და ქართული ხმების
შერწყმით აზავებს და დაინტერესება-აღფრთოვანებას მსოფლიოს მასშტაბით იწვევს...
ნინოს ჩიკაგოში დავუკავშირდით და მისი განვლილი გზის, ორიგინალური მუსიკის, ამჟამინდელი წარმატების, ოჯახისა და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ (სხვათა შორის, მქონდა შეგრძნება, რომ საუბრის დროსაც მღეროდა...)

- თბილისში დავიბადე. დედა ბიოქიმიკოსი, მამა კი ჰიდრავლიკოსი გახლდათ. დედას საშუალება მიეცა მუშაობა ამერიკაში,
ერთ-ერთ უნივერსიტეტში დაეწყო. ჩამოვედით იმის გასარკვევად, შევძლებდით თუ არა დარჩენას. თავდაპირველად აქ ყოფნას მხოლოდ 2-3 წლით განვიხილავდით.
მაშინ 14 წლის ვიყავი. ქართული, რუსული, ფრანგული კარგად ვიცოდი, ინგლისურს არ ვფლობდი. ენის ბარიერისა და ემოციური ფონის გამო, ყველაზე რთული სწორედ პირველი ექვსი თვე აღმოჩნდა. ჩვენს უბანში ემიგრანტები საერთოდ არ იყვნენ, მხოლოდ ამერიკელები ცხოვრობდნენ.

- მუსიკით სერიოზულად ამერიკაში ჩასვლის შემდეგ დაინტერესდით?
- მუსიკის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი გამაჩნდა. ძირითადად, გიტარა და ფორტეპიანო მაინტერესებდა. მართალია, ამერიკაში სიმღერას საჯარო სკოლებშიც ასწავლიან, მაგრამ საფუძვლიანი მუსიკალური განათლების მიღება ჩვეულებრივი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. სკოლაში მიღებული განათლების შემდეგ, სწავლა პრესტიჟულ, კონსერვატორიის მსგავს უნივერსიტეტში, კლასიკური ვოკალის განხრით გავაგრძელე. დავეუფლე სხვადასხვა ინსტრუმენტს და ვოკალი კლასიკური განხრით დავასრულე. მოგვიანებით პერკუსიაში გავერკვიე, მერე Funk/Soul /Hip ჰოპ პროექტი დავაარსე ჩემს კოლაბორატორ და ახლა უკვე ცხოვრების პარტნიორ პაბლო გორდისთან ერთად. მუსიკას თავად ვწერ და მას ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, სიმებიან და დასარტყმელ ინსტრუმენტზე ვასრულებ. ამჟამად სოლო მუსიკოსი ვარ.

- რა იდეა უდევს საფუძვლად ფსევდონიმს - "გოგონა სახელად ნინო"?
- აქ ნინო უჩვეულო სახელია. ყველა აქ ჩამოსული ნინო ნინა ხდება - ეს თითქოს, დაუწერელი კანონია. მე ფემინისტური ხასიათით გამოვირჩევი, არ მიყვარს, როცა ვინმე ან თუნდაც გარემო მკარნახობს, როგორი უნდა ვიყო. ჩემი თავის აღიარებისა და თვითმყოფადობის ხაზგასასმელად სწორედაც ნინო დავრჩი. თავდაპირველად ამ სათაურით ალბომი გამოიცა, მოგვიანებით კი მისი ფსევდონიმად გამოყენება გადავწყვიტე. ჩემი პირველი სოლო ალბომი 2014 წელს გამოიცა. მანამდე კოლაბორაციული მუსიკოსი ვიყავი, ჯგუფებში ვმღეროდი. უნივერსიტეტში მულტიკულტურული რიტმებით გაჯერებულ ორიგინალურ მუსიკას გავეცანი პოპჯაზის კონცენტრაციით. ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფთან ერთად ალბომი გამოვუშვი. როცა ვიგრძენი, რომ ჯგუფმა თავი ამოწურა, დავტოვე და მალე ჰიპ-ჰოპ ჯგუფში მოვხვდი. თანდათან მემატებოდა რწმენა, რომ აუცილებელი იყო რაღაც ჩემი შემექმნა. ამ პერიოდში კლასიკურ კონცერტებს ვმართავდი, განვითარებას კლასიკური მიმართულებით ვცდილობდი, თუმცა, რასაც დღეს ვაკეთებ, არაკლასიკურად მიიჩნევა. როცა დამოუკიდებელი მუსიკოსი ხარ, თანაბრად გიხდება ბიზნესვუმენის, ორგანიზატორის, პროდიუსერის, პრომოუტერის ფუნქციების შეთავსება. ძირითადად, პერიოდულად ვიყვან დამხმარეებს - მუსიკოსები იქნებიან თუ კოლაბორატორები. შეუძლებელია მარტომ ყველაფრის გაკეთება სრულყოფილად შეძლო.

- კონცერტებს, ღონისძიებებს ქართველებთან ერთად თუ მართავთ?
- ქართველები ხშირად დადიან ჩემს კონცერტებზე. მართალია, ჩიკაგოში ბევრი ქართველი არ ცხოვრობს, მაგრამ გარეუბნებიდან მოდიან და მგულშემატკივრობენ. ხშირად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა ღონისძიებას ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ჩემი მხარდამჭერია.

- მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეთ, საქართველოში აღარ ჩამოსულხართ... ამის რაიმე კონკრეტული მიზეზი არსებობს?
- დიახ, ასეა. საქართველოში ფიზიკურად არ ვყოფილვარ, მაგრამ კონტაქტი არ შემიწყვეტია. მწვანე ბარათის აღებას საკმაოდ დიდხანს ველოდი. მოქალაქეობა შარშან მივიღე. მინდა საქართველოში კონცერტით ჩამოვიდე; მსურს ამერიკაში ჩემი საქმიანობით, გარკვეულწილად, ჩემი ქვეყნის ელჩი ვიყო...

- არაერთ თქვენს სიმღერაში ქართული ტექსტი ისმინება...
- დიახ, საკმაოდ ხშირად. ქართველობას ვერ და არ წავშლი. ქართულ თემატიკაზე შარშან მომიხდა მუსიკის დაწერა ფილმისთვის, რომელიც ქართული ღვინის შესახებ იყო. სხვათა შორის, ორგანიზატორები და პროდიუსერები ქართველები არ იყვნენ. ეს ნამუშევარი ბერლინალეზე კულინარიული განყოფილებისთვის შერჩეული 11 ფილმიდან ერთ-ერთი გახლდათ. მდიდარი გამოცდილება მივიღე, როგორც ფილმის მუსიკის კომპოზიტორმა...

- ოჯახის შესახებ გვითხარით რამე...
- მეუღლე, როგორც გითხარით, ჩემი მუსიკალური და ცხოვრების პარტნიორია. სცენაზე გამოსვლაც ხშირად ერთად გვიხდება. გვყავს ხუთი წლის შვილი, ლეონი. მისთვის მუსიკალური გარემო მშობლიურია. როცა სტუმრად მივდივართ, გაოცებას ვერ ფარავს, თუ სახლში მუსიკალური ინსტრუმენტები ვერ დაინახა...

- საქართველოში დაბრუნებას ხომ არ ფიქრობთ?
- დაბრუნებას არა, თუმცა მინდა წელიწადის რამდენიმე თვე საქართველოში გავატარო. მიზნად მაქვს დასახული ევროპაში გასვლა. კარგი იქნებოდა, თუ იქ მიღებულ პოზიტივს ჩემს ქვეყანასაც გავუნაწილებდი...

შორენა ლაბაძე
ჟურნალი "გზა"

ნინო
23 მარტი 2019 20:34
ნიჭიერი და საუკეთესო გოგო. Girl Named Nino the best singer from Georgia
guruli
21 მარტი 2019 08:52
მაგარია, გვიხაროდეს.
20 მარტი 2019 16:45
ტარმატებები

რუბრიკის სხვა სიახლეები