გაზეთში საჩუქარია - კვირის პალიტრა

გაზეთში საჩუქარია

შეავსეთ შტოები და მიხვდებით, რა ძალა აქვს წინაპრების გახსენებას, - უსათუოდ შეიგრძნობთ იმ სისხლის ხმაურს, რომელიც წინაპრებიდან თქვენს ძარღვებში გადმოვიდა, რათა არასოდეს გადავშენებულიყავით.

შთამომავლობის ნორჩი შტო ცარიელია. ისიც შეავსეთ, თუ შთამომავლობა გყავთ. თუ არა და, მომავალში ისე გამრავლდით, როგორც თქვენი წინაპრები. ასე გავგრძელებულიყავით მარადიულობაში!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლს მოუწოდა, მოიძიონ და შეკრიბონ თავიანთი წინაპრების სახელები და გვარები, ჩამოწერონ ისინი ორ ეგზემპლარად; ერთი ეგზემპლარი საპატრიარქოს გადაუგზავნონ, ხოლო მეორე თავად დაიტოვონ და საკუთარი წინაპრები კვირაში სამჯერ მაინც მოიხსენიონ.

"შევავედროთ ჩვენი წინაპრები უფალს, ამით ჩვენ დიდ მადლსა და წყალობას მივიღებთ ღვთისგან. არსებობს კავშირი გარდაცვლილთა და ცოცხლებს შორის. გარდაცვალების წინ ადამიანი ხშირად მის წინაპრებს, მის გარდაცვლილ ნათესავებს ხედავს. ეს არ არის მოჩვენება. სულისა და ხორცის განშორება ძალიან რთულია, რადგან ადამიანი დაბადებულია უკვდავად და მხოლოდ ცოდვის გამო გახდა მოკვდავი", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორ შევავსოთ "წინაპართა ხე"

"წინაპართა ხე" ხუთ თაობას მოიცავს.

შევსებას იწყებთ თქვენი (და თქვენი მეუღლის) მონაცემებით.

მომდევნო "ფირფიტაში" ჩაწერეთ თქვენი მშობლების სახელი და გვარი. შემდგომ ბებია-ბაბუის, მათი მშობლებისა და ა.შ.

თაობები ერთმანეთს ხის ფესვებით უკავშირდება და სხვადასხვა ფერის "ფირფიტებით" არის გამოსახული.

სქემაზე აღნიშნულ წრეებში შეგიძლიათ ჩააკრათ თქვენი და წინაპართა ფოტოები.

ასევე საშუალება გეძლევათ ცალკე გამოყოფილ გრაფებში ჩაწეროთ თქვენი დედმამიშვილებისა და მომავალი თაობის (შვილებისა და შვილიშვილების) გვარ-სახელები.

იბეჭდება მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

KvirisPalitra.Ge