"არც ამის გამო აუხევია ვინმეს ჩემთვის ყურები" - კვირის პალიტრა

"არც ამის გამო აუხევია ვინმეს ჩემთვის ყურები"

"არ შეიძლება ჟურნალისტმა მჭადებივით გამოაცხოს ერთნაირი გადაცემები"

ნატო ონიანი ეკრანზე  "ვარდების რევოლუციის" შემდეგ არავის უნახავს. ტოქშოუ "ტაიმ-აუტი" დაიხურა, წარსულს ჩაჰბარდა ორშაბათის ტრადიციული ინტერვიუ პრეზიდენტთან. შევარდნაძის დროინდელ ტელესივრცეში #1 ჟურნალისტი ახალ ხელისუფლებას "აღარ დასჭირდა", მაგრამ ექვსწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ნატო ონიანი ისევ ბრუნდება - ის საპატრიარქოს ტელევიზიაში მოამზადებს გადაცემებს ნარკომანიაზე.

ნატო ონიანთან ახალ გადაცემაზე უნდა მესაუბრა, მაგრამ იმდენი ვილაპარაკეთ წარსულზე, ახალ გადაცემაზე საუბარი აღარ გამოვიდა და სამომავლოდ გადავდეთ.

- რევოლუციის შემდეგ ანალიტიკური და პოლიტიკური გადაცემები დაიხურა და ამ წმენდაში მოყვა "ტაიმ-აუტიც". ბოლოს საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი ინფორმაციისა და პოლიტიკის დარგში. ჩემს ხელშეკრულებას ვადა 2004 წლის მარტში გაუვიდა და... მას შემდეგ ვიყავი სხვადასხვა კომპანიის პიარმენეჯერი და პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს. ორი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II -მ საპატრიარქოს ტელევიზიაში მიმიწვია.

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდით?

- ფაქტობრივად, ასეა. გადაცემა დახურეს და ხელშეკრულება შემიწყვიტეს. მხოლოდ ის მითხრეს, რომ "ტაიმ-აუტის" ფორმატის გადაცემა საჭირო აღარ იყო, მაგრამ მე მხოლოდ გადაცემის ავტორი არ ვყოფილვარ, ტელევიზიაში თანამდებობა მქონდა.

- ეს რეპრესია იყო?

- ოფიციალურად სამსახურიდან არავის დავუთხოვივარ. უბრალოდ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს და Aამას ვისაც როგორ უნდა, ისეთ ახსნას მოუძებნის.

- გარდა ტელეგადაცემისა, ყოველ ორშაბათს თქვენ მიგყავდათ რადიოინტერვიუ პრეზიდენტ შევარდნაძესთან. თქვენი სახელი და გვარი ასოცირდებოდა პრეზიდენტთან, რომელიც რევოლუციით გაუშვეს.

- მაგრამ ხელისუფლებაში ხომ ყველა ის პოლიტიკოსი მოვიდა, ვინც ასევე იყო შევარდნაძის დროს? ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიაში აღარ უნდა მემუშავა, თავად იყო შევარდნაძის გუნდში.

- ძნელი იყო ექვსი წელი საყვარელი საქმის გარეშე?

- ჩემი ცხოვრება არ იწყება და არ მთავრდება ერთ კონკრეტულ სფეროში საქმიანობით. ადამიანს თვითგამოხატვის ათასნაირი საშუალება აქვს. ჟურნალისტიკაში იშვიათია, რომ ვინმემ საავტორო გადაცემაზე ნებით თქვას უარი. მე ეს 1995 წელს გავაკეთე და ოთხი წლით წავედი ეკრანიდან, ჩავთვალე, რომ დასვენება მჭირდებოდა. თუმც ტელევიზიაში დავრჩი, რადგან თანამდებობა მქონდა.

ეს ბევრისათვის გაუგებარი და მიუღებელი იყო. ტელევიზიის ხელმძღვანელობისაგან მოთხოვნაც იყო, გადაცემა ("ტაიმ-აუტი") რეიტინგულია და ეთერიდან შენი სურვილით რატომ ხსნიო, მაგრამ მე მაინც წავედი. როდესაც მიკროფონსა და სტუდიას ისე გაუთამამდები, რომ ეს შენი ყოველდღიური საქმიანობა ხდება, როდესაც არ ნერვიულობ გადაცემაზე, უნდა წახვიდე. არ შეიძლება ჟურნალისტმა მჭადებივით გამოაცხოს ერთნაირი გადაცემები.

ჩემთვის გადაცემის გაკეთება შემოქმედებაა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ბოლო გადაცემებზე შემოქმედებითად ვეღარ ვიხარჯებოდი. ახალი ენერგიის მოზღვავებას ოთხი წელი დასჭირდა და როდესაც სათქმელი ისევ დამიგროვდა, როდესაც ვიგრძენი, რომ უკვე სხვაგვარად შემიძლია გადაცემის წაყვანა, "ტაიმ-აუტი" აღდგა. ალბათ, გეხსომებათ ბოლოს (2003 წელს) "ტაიმ-აუტს" ჰქონდა დამატება "ტაიმ-აუტი პლუსი", სადაც პოლიტიკაზე კი არა, ზოგად თემებზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე იყო ლაპარაკი, რაც ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ცხოვრება.

ძალიან მიხარია, როდესაც მეუბნებიან, შენი გადაცემა მოგვენატრაო. არასოდეს მიკითხავს  რომელიმე პოლიტიკური გუნდისათვის ჩემს გადაცემაზე აზრი, ჩემთვის მაყურებლის აზრი იყო მთავარი. თანაც იმ პერიოდში გავთხოვდი, ლექციებს ვკითხულობდი და არც უსამსახუროდ დავრჩენილვარ.

- მახსენდება ინგა გრიგოლიას პროტესტით წამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. თქვენ არ იყავით შეზღუდული საქმიანობისას?

-  მე აჩიკო გოგელიასა და ზაზა შენგელიასთან ვმუშაობდი და არასოდეს შევუზღუდივარ ვინმეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. არასოდეს უთქვამთ, ასე რომ გააკეთე, სასჯელს იმსახურებ და მოგხსნითო. თუმც სხვა მხრიდან იყო ჩარევის მცდელობა... არ მინდა ამაზე ლაპარაკი...

ერთ ძალიან ცნობილ გენერალს სახელმწიფო სტრუქტურები რომ შემოსწყრნენ, ჩემი პოზიცია გადაცემაში გამოვხატე, - მართალია, ამ ადამიანთან დღეს პრეტენზიები აქვთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე-მეთქი. თურმე ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ეს თქვა.

შევარდნაძის დროს, როდესაც  გაფორმდა ხელშეკრულება რუსული სამხედრო ბაზის საქართველოში 25 წლით დარჩენის თაობაზე, პროტესტი გამოვხატე ჩემს გადაცემაში - ეს დღე ნამდვილად არ ჩაითვლება საქართველოსთვის ბედნიერ დღედ, რადგან ხელისუფლებამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო-მეთქი. ისიც ვთქვი, რომ ასევე მძიმე გადაწყვეტილება იყო დსთ-ში შესვლა, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელებს ამისთვის არ გავუკიცხივარ.

პრეზიდენტ გამსახურდიას ხელისუფლებიდან წასვლის მერე ყოველ 22 დეკემბერს ჩემს გადაცემაში ამ ამბების მონაწილეებს ვეკითხებოდი: "დღეს მაინც თუ მიიჩნევთ, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება?". ამ კითხვას წლების განმავლობაში ვსვამდი და ბევრს არ სიამოვნებდა. ზოგი ამის მერე არც მესალმებოდა, მაგრამ ამის გამო სანქციები არ დაუწესებიათ ჩემთვის. მეტსაც გეტყვით, ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი (მაშინ რადიოში ვმუშაობდი), ვინც 1992 წლის 7 იანვარს (6 იანვარს გამსახურდიამ საქართველო დატოვა) გაბედა და თქვა, რომ რაც თბილისში მოხდა, სახელმწიფო გადატრიალება იყო და არა დემოკრატიული რევოლუცია.

არც ამის გამო აუხევია ვინმეს ჩემთვის ყურები. თბილისის ომის დროს ორასამდე კაცი დაიღუპა და თუ არ ვიტყოდი, რომ 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს საომარი მოქმედებები სდევდა თან, როგორ უნდა შემეხედა მაყურებლისთვის ან ნაცნობებისთვის? ამის გამო ბევრი მაღალი თანამდებობის პირი არ მესალმებოდა და არც ინტერვიუზე მთანხმდებოდა, მაგრამ მე ვალდებული ვიყავი ფაქტებზე მელაპარაკა.

- ყველაზე საინტერესო ან საყვარელი რესპონდენტი გყავდათ?

- მახსოვს ინტერვიუ რეზო გაბრიაძესთან, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია და უამრავი თემა შემოიტანა ინტერვიუში. მახსოვს ჩემი პირველი რესპონდენტებიც. არასოდეს დამავიწყდება ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილთან ინტერვიუ, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტმა ავიღე. ქალბატონ ნინოს ვუთხარი, სტუდენტი ვარ, პრაქტიკანტი, და თუ შეიძლება ინტერვიუ მომეცით-მეთქი.

კი, გენაცვალე, ახლავეო და მეუღლეს გასძახა, ილიკო, ბავშვს ინტერვიუ უნდაო. ამ დიდი ადამიანების საოცარი თავმდაბლობა არასოდეს დამავიწყდება. ასევე არ დამავიწყდება ინტერვიუ ოთარ მეღვინეთუხუცესთან, როდესაც მან სახალხო არტისტის წოდება მიიღო. ბატონმა ოთარმა არც ერთი ჟურნალისტი არ მიიკარა, მე კი, სტუდენტმა, მოვახერხე მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

- რა გასწავლათ ჟურნალისტიკაში მრავალწლიანმა საქმიანობამ?

- ჩემთვის პირველი წესია - არ ავნო, ანუ არ დაამახინჯო კონტექსტი და რესპონდენტის ნათქვამი. ჟურნალისტიკამ ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა. შეიძლLება რესპონდენტი არ მოგწონდეს, მაგრამ ნათქვამი მაინც არ უნდა დაუმახინჯო. ასევე საშინელებაა ფაქტობრივი შეცდომები ჟურნალისტიკაში.

- ხშირად ადარებენ შევარდნაძის დროინდელი და დღევანდელი ჟურნალისტების მდგომარეობას და ამბობენ, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის გარემო უარესობისკენ შეიცვალა.

- შევარდნაძის დროსაც იყვნენ პროფესიონალი ჟურნალისტები და დღესაც არიან. თუ ჟურნალისტს სურს, ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს და არ უნდა დააბრალოს ვიღაცას, მზღუდავენო. ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირში ახერხებდნენ ჟურნალისტები სათქმელის თქმას.

საინფორმაციო გამოშვებას რომ ვუყურებ, არ მომწონს, ახალი ამბები არ არის მხოლოდ ახალი ამბები, ის ანალიტიკურ გადაცემას ემსგავსება. ხალხს მხოლოდ სამ კითხავზე (სად? რა? როდის?) სჭირდება პასუხი. დასკვნის გაკეთება მაყურებლის საქმეა. თუ ამ წესს დაიცავენ, ტელევიზიით მეტი ინფორმაცია გავა და მაყურებელსაც აზროვნების მეტი საშუალება მიეცემა.

საგანგაშო ვითარებას დღეს ყველა სფეროში ვხედავ და როდესაც ზოგიერთი მხოლოდ ჟურნალისტებში ხედავს საგანგაშოს, მაღიზიანებს. საქართველოში ყველამ იცის, ვინ არის ცუდი ჟურნალისტი, ვინ არის ცუდი მომღერალი, ვინ არის ცუდი მსახიობი და ვინ - ცუდი პოლიტიკოსი, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, ვინ არის ცუდი მათემატიკოსი ან ინჟინერი. რატომღაც ჰგონიათ, რომ ძალიან იოლია ტელევიზიაში მუშაობა, სიმღერა, ქვეყნის მართვა და ფეხბურთის თამაში.

მახსოვს, პატარაობისას ტელევიზიით "მეჟდუნაროდნაია პანორამა" გადიოდა და ერთი პოლიტიკური მიმომხილველი მოჰყვა, აშშ-ში ერთმა მილიონერმა ოქროს ტელეფონი დაამზადებინაო. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება გაიხრწნას საზოგადოება, როდესაც აშშ-ში უამრავი ადამიანი შიმშილით კვდება(!). ეს ადამიანი ოქროს ტელეფონით საუბრობს, მაშინ როდესაც მის მუშას ისეთი დაბალი ხელფასი აქვს, ასეთი ტელეფონი რომ იყიდოს (ღირებულება თქვა) 100 წელი უნდა იმუშაოსო. მამაჩემმა ეს რომ გაიგონა, თქვა, ეს მიმომხილველი გენიოსიაო.

რადგან ტელეფონის ფასი თქვა, ამერიკელი მუშის ხელფასზეც მოგვაწოდა ინფორმაციაო. მერე გამოითვალა და ამ ტელეფონის საყიდლად საბჭოთა მუშას 500 წელი უნდა ემუშავაო, - მითხრა მამა. იმ მიმომხილველმა ამ ხერხით თქვა სათქმელი.

რა თქმა უნდა, გარემო უკეთესი უნდა იყოს და მეტი გარანტიაც ჰქონდეს ჟურნალისტს, მაგრამ უპირველესად მაინც პროფესიონალიზმი მიმაჩნია.