"თუ სხარტი არ ხარ ადამიანი, ამ ნადირს ვერ გადაურჩები"- რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელიც მგელს შეებრძოლა - კვირის პალიტრა

"თუ სხარტი არ ხარ ადამიანი, ამ ნადირს ვერ გადაურჩები"- რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელიც მგელს შეებრძოლა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. შემთხვევა 19 მარტს, გვიან ღამით მოხდა.

მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინიც დაშავდნენ.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ნადირს 24 წლის წალკელი ახალგაზრდა შიშველი ხელებით შეებრძოლა.

"პალიტრა ნიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ჩართვისას ტარიელ მიქალაძემ დეტალურად გაიხსენა თუ რა მოხდა.

"ორი დღის წინ მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით სახლში, კომპიუტერთან ვისხედით და ამ დროს დაურეკა ძმაკაცს დედამ და ეუბნება: "დედა, სად ხარ, მანდ იყავი, სახლიდან არ გამოხვიდე, მგელი არის სოფელშიო". ჩემთვის შიშის გრძნობა უცნობია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნადირს შევხვედრივარ. სამაგისო ძალაც აღმომაჩნდა, რო დამეცვა ჩემი სოფელი. მე, რა თქმა უნდა ნაჯახი მიმქონდა, ჩემს ძმაკაცს კი- ფიწალი.  ძმაკაცი დედისკენ წავიდა, მაინც შვილია და დედისკენ მიუწევდა გული, მე იმდენად აღარ მომაქცია ყურადღება, მითხრა სახლში შემოდიო, მე მაინც წავედი, ვიფიქრე, ეს მგელი ახლომახლოს სადმე არ იყოს-თქო და გარეთ რომ გავედი, ბიძაჩემის ფართობში, ბოსელთან ახლოს ხმა გავიგონე. როგორც მერე გავიგე ბიცოლაჩემისგან, მგელი ცდილობდა ბოსელში შესვლას. ხმაურზე ძაღლი გამოვიდა და შეებრძოლა მგელს,  ბიცოლაჩემს ეგონა ძაღლი ხმაურობდა. მე კიდე ვუყვიროდი, სახლში შედი, მგელიქ-თქო. ჩვენ როცა ჩავედით ძალიან მძიმე სურათი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ  ქალბატონს დაესხა თავს, რომელსაც სქელი ქურთუკი ეცვა და როგორც ჩანს, ცხოველის კბილმა ვერ შეაღწია, შემდეგ კი ამ ქალბატონის დამხარებას ვინც ცდილობდა იმისკენ გაიწია თურმე  ნადირმა, ოღონდ ესენი უკვე სახლში იყვნენ შესული და მგელი სახლში შეჰყოლიათ, არ მოეშვა ამათ. შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა იატაკის ჯოხი დაარტყა, ნადირმა კი თითი მოაცალა, ამ ამბების შემხედვარე, ვერ მოვითმინე და წავედი მგლის მოსაკლავად...ერთი ერთში დავრჩი მგელთან, შიშის გრძნობა არ მქონია, პირველი ნახტომი რომ გააკეთა ეშვი  ჩამასო სახეში, ძალიან ბასრი ეშვი ჰქონია. თუ სხარტი არ ხარ ადამიანი, ამ ნადირს ვერ გადაურჩები".