"ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შანსი და მე ის უნდა გამომეყენებინა" - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შანსი და მე ის უნდა გამომეყენებინა"

"ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ წარმატება უნდა დაიმსახურო და შეუძლებელი არაფერია"

ანა ამილახვარი 2016 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. პარალელურად ანსამბლში "სუხიშვილები" ცეკვავს. ამ გაზაფხულზე რუსთაველის თეატრის რეპერტუარს ორი ახალი სპექტაკლი შეემატება, პირველის რეჟისორები რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე არიან, ხოლო მეორეზე გოჩა კაპანაძე მუშაობს. ანა ორივე სპექტაკლშია დაკავებული. მას სასაუბროდ თეატრში შევხვდი.

- ანა, ყველა ქართველი მსახიობის ოცნებაა რუსთაველის თეატრში მუშაობა. გაიხსენეთ, როგორ მოხვდით თეატრში?

- რუსთაველის თეატრში მოსახვედრად საოცრად მოტივირებული ვიყავი. ვფიქრობ, ისეთი შერჩევითი ტური, რომელიც აქ იყო, არც ერთ თეატრში არ ყოფილა. კასტინგის შესახებ შემთხვევით, ქუჩაში, ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე და საკუთარ თავზე გავბრაზდი, თუ როგორ გამომეპარა ეს ამბავი. დავურეკე მეგობრებს, რომლებიც რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ და ვთხოვე, დავეკვალიანებინე, რა უნდა გამეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ შერჩევის პირველი ტური მეორე დღეს იყო დანიშნული. ჩემმა მეგობარმა თამთა ინაშვილმა მითხრა, ძალიან სერიოზული კასტინგია და ერთ ღამეში რა უნდა გააკეთოო. თუმცა, მაინც ვთხოვე, საბუთები და სხვა ფორმალური საკითხები მოეგვარებინა და დანარჩენზე თავად ვიზრუნებდი. ღამე გავათენე, თვალი არ მომიხუჭავს და მოვემზადე. სადიპლომო ნამუშევარი გოგი მარგველაშვილის "სამ დაში" ვითამაშე, ნატაშას ვთამაშობდი. სწორედ ეს სპექტაკლი დავამონტაჟე და დიალოგები ისე ავაწყვე, რომ პარტნიორის გარეშე ყოფილიყო შესაძლებელი სიუჟეტის გადმოცემა. კასტინგზე მოვედი და მთელი სპექტაკლი - "სამი და" ვითამაშე. დარბაზში ისხდნენ ბატონი რობერტი, კოტე ფურცელაძე და სხვები. დიდ სცენაზე, რობერტ სტურუას წინ დგომა ჩემთვის ხალხით სავსე სტადიონზე გამოსვლას უდრიდა. ამის შემდეგ იყო მეორე ტური, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში, სადაც ყველას უნდა გვეთამაშა "ჰამლეტიდან" ყოფნა-არყოფნის სცენა. ეს უნდა ყოფილიყო მონოსპექტაკლი. ამის შემდეგ ბატონ რობერტთან უნდა განგვეხილა პიესა და ჩვენი ხედვა, დამოკიდებულება გადმოგვეცა. მოსამზადებლად 2 კვირა გვქონდა. ამ ხნის განმავლობაში, სახლი გადავაკეთე პატარა თეატრად - მოვაწყვე დარბაზი, სცენა, დავაყენე განათება და ყოველდღე, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ნათესავებს ვაიძულებდი მოსულიყვნენ და ჩემი მონოსპექტაკლი ენახათ. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შანსი და მე ის უნდა გამომეყენებინა. ასეთი მომზადებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

- და მიზანდასახულობამ გაამართლა. - დიახ, გაამართლა. საერთოდ, სწორი გაგებით ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ წარმატება უნდა დაიმსახურო და შეუძლებელი არაფერია. რასაც უნდა აკეთებდე, თუ თავდაუზოგავად იშრომებ და სრულ კონცენტრაციას მოახდენ საქმეზე, ვერავინ და ვერაფერი წინ ვერ დაგიდგება. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს.

- შეიძლება გაიხსენოთ შემთხვევა, როცა ცხოვრების სხვა ეტაპზე იყავით ასეთივე მიზანდასახული? - "სუხიშვილებში" რომ მოვხვდი. ისე მოხდა, რომ თეატრში იმ დროს არც ერთ ახალ როლზე არ ვმუშაობდი. ეს ჩვეულებრივი მომენტია და ჩვენს პროფესიაში ხშირად ხდება. ძალიან ენერგიული და შრომისმოყვარე ვარ. შემოქმედებითი პაუზის დროს ცუდად გავხდი და მივხვდი, რომ სერიოზულმა დეპრესიამ შემომიტია. მიუხედავად იმისა, რომ დედა და მეუღლე ვარ, ეს სულ სხვაა და შემოქმედებითი წვა, განვითარება და მუშაობა - სულ სხვა. ეს უმოქმედობის პერიოდი თეატრში ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მაშინ ჩემს თავს ვკითხე, კიდევ რა გაინტერესებს, რა გიზიდავს და რა გჭირდება, რა იქნება შენი სულისთვის საშველი-მეთქი? ჩემი ყველაზე დიდი გატაცება ცეკვაა. ბავშვობიდან ვცეკვავ და არასოდეს გავჩერებულვარ. დედა მოცეკვავე მყავს და 16 წლიდან მასთან ერთად ვიდექი სცენაზე. "სუხიშვილები" ჩემი დიდი ხნის აუხდენელი ოცნება იყო და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ მარგალიტს ოდესმე შევეხებოდი. გადმოცემით ვიცოდი, რამხელა შრომასა და ენერგიას მოითხოვს ეს ყველაფერი და ისიც, რომ 26 წლის გოგოსთვის ანსამბლში მისვლა და განაცხადის გაკეთება, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ამ ასაკში პირდაპირ სამოყვარულო ჯგუფში ხვდები, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიტყვი, რომ გამიმართლა. მიუხედავად ამისა, ძალიან უსუსური აღმოვჩნდი, მე კიდევ ეს მდგომარეობა არ მომწონს (იღიმის). სულსწრაფი ვარ, დილეტანტურად რამის კეთება არ შემიძლია; თუ რამეს მოვკიდებ ხელს, ამაში ყველაფერს ვდებ, ამიტომ მთელი 4 თვე, ყველა ჯგუფთან ერთად ვცეკვავდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იყო ბავშვების, მოზარდების თუ მოყვარულების ჯგუფი, ყველასთან დილიდან საღამომდე ვცეკვავდი და ფეხები დასისხლიანებული მქონდა. მინდოდა იმ დონეზე გამეშალა ფრთები, როგორც საჭირო იყო. ერთ დღესაც დამიბარეს და მითხრეს, რომ დავაინტერესე და ამის შემდეგ მთელი ზაფხული კონცერტები მქონდა, ოპერაში "ქეთო და კოტე" მივიღე მონაწილეობა და კიდევ რამდენიმე სხვა პროექტში. ვერ აღვწერ, ეს რამხელა სიამოვნებაა და პლუს ამას, "სუხიშვილებმა" ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რაც სამსახიობო ოსტატობაში გამომადგა.

- გამორჩეული გარეგნობა გაქვთ. თან, "სუხიშვილების" კრიტერიუმებში ზიხართ წონით, სახის ნაკვთებით... დიეტა ხომ არ დაგჭირვებიათ? - გარეგნობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამის გარეშე წარმოუდგენელია "სუხიშვილებში" მოხვდე. არა, დიეტა არ დამჭირვებია.

- გამორჩეულად საყვარელი ცეკვა გექნებათ... - ყველა მიყვარს, რადგან თითოეული ცეკვა ჩემთვის პერსონაჟია. "ჯუთა" ჩემთვის იყო მეწყერი და წარმოუდგენლად მიმაჩნდა მისი შესრულება. იმდენი დრო დავხარჯე ამ ცეკვის დასაუფლებლად, რომ სიგიჟემდე შემიყვარდა.

- თქვენ როგორ უყურებთ იმ უარყოფით ტალღას, რაც საზოგადოების ნაწილში ჩნდება, "სუხიშვილების" ყოველი ახალი პროექტის გამოჩენისთანავე? - თუ ახალი არ იბადება, ძველი კვდება და ფასს კარგავს. ძველი ფასეული მაშინაა, როცა ახალს შობს. ეს გარდაუვალი პროცესია, სწორედ ამიტომ არის "სუხიშვილები" ნომერი პირველი, რომ კრიტიკის ქარცეცხლის არ ეშინია და საზოგადოებას სულ სიახლეებს სთავაზობს. ხელოვნება, რომელსაც სიახლის ეშინია, უვარგისია.

- თქვენს ორივე საქმეს დიდი დრო მიაქვს. თუ გიფიქრიათ, რომელიმეს დათმობა რომ მოგიწიოთ, რომელს შეელეოდით? - ეს კითხვა ბევრჯერ დამისვეს, მაგრამ პასუხი არ მაქვს, რადგან ორივე სიგიჟემდე მიყვარს... მთელი ცხოვრება ვიცეკვებ და მთელი ცხოვრება ვიდგები სცენაზე, ამაში დარწმუნებული ვარ!

- იყო ბავშვობაში რაიმე სხვა გატაცება და სხვა პროფესიაზე ფიქრი? - ვხატავდი, ვმღეროდი და ახლაც ვმღერი. ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, საბავშვო წიგნებისთვის ილუსტრაციებს ვაკეთებდი, გამოფენებს ვაწყობდი, ედუარდ შევარდნაძეც ნამყოფია ჩემს გამოფენაზე (იღიმის). სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ ყველა ანგარიშს მიწევდა. მათემატიკის მასწავლებელი იმდენად აღფრთოვანებული იყო ჩემი ცეკვით და "შემოქმედებითი წვით", მპატიობდა, მისი საგანი რომ არ ვიცოდი, ნიშანს მიწერდა და ამის მიზეზს, თავის დამოკიდებულებას საჯაროდაც ამბობდა. ხელოვნებისადმი იმდენად ვიყავი მიდრეკილი, რომ ამას ყველა გრძნობდა და ტექნიკური საგნების სწავლაზე აღარ მაწვალებდნენ. თუმცა, აბიტურიენტობის პერიოდში ვისწავლე. აღმოჩნდა, რომ შემძლებია და ჩავაბარე კიდეც. ახლაც ვხატავ, მხოლოდ ზაფხულში, ზეთის საღებავებით მიყვარს ფერებთან თამაში.

- თეატრში საპრემიერო სამზადისია... - დიახ. რობერტ სტურუას და ნიკა ჰაინე-შველიძის სპექტაკლი პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში მედეას ვთამაშობ, ხოლო მეორეზე გოჩა კაპანაძე მუშაობს. ისტორიული დრამაა, რომელშიც 14 ქალი ვართ დაკავებული. მე პრინც იულონს ვასახიერებ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

- საპირისპირო სქესის თამაში საკმაოდ საინტერესოა, არა? - დიახ, აქამდე არასოდეს მითამაშია საპირისპირო სქესი. დედაჩემის როლს, ანუ დარეჯან დედოფლისას ნანა ფაჩუაშვილი ასრულებს. საერთოდ, ისეთი მსახიობების გვერდით მიწევს თამაში, რომ ვერც კი დავიჯერებდი, ყველას ასე თავმოყრილს თუ ვნახავდი და მეც მათ გვერდით ვიდგებოდი.

- მეუღლე და შვილი ახსენეთ. გაგვაცანით ოჯახი... - ჩემი მეუღლე დავით კიკნაძე ბიზნესმენია. მყავს 5 წლის ალექსანდრე, რომელიც ძალიან სასაცილო ბიჭია. ჩემი პროფესიები, როგორც დიდ კაცს, ისე აქვს გათვითცნობიერებული. ძალიან ზრუნავს ჩემზე. ამას წინათ, რეპეტიციაზე მაცილებდა, რაღაც მოძრაობები მაჩვენა და მითხრა, ამის გაკეთება არ დაგავიწყდესო (იღიმის). სხვათა შორის, მოსწონს სახლის თეატრად გადაკეთება, გიჟდება რეჟისურაზე, მე და ჩემს მეუღლეს ტექსტებს გვინაწილებს, ქორეოგრაფიც თავადაა და მუსიკალური გამფორმებელიც; რასაც გეტყვის, მის სიტყვას ვერ გადაუხვევ. საერთოდ, ასეთ სივრცეში გაზრდილი ბავშვები კარგად ხვდებიან, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმეა და ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ, როგორიც ჩვენ.

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"