რა პასუხი მიიღო ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემაზე?
22-03-2019
რა პასუხი მიიღო ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემაზე?
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, ქართული მხარის ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და მათ მიმართ სამართალი აღსრულდეს.

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი
ინცინდენტი, რომელიც მოხდა ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კვლავ ვერ იქნა პასუხები მიღებული შინაგანი ორგანოებისა და პირადი ნივთების გადმოცემასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მოხდეს დამნაშავეთა გამოვლენა და აღსრულდეს მათ მიმართ სამართალი.
ასევე ვისაუბრეთ დავით ბაშარულის გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კვლავაც დარჩა პასუხგაუცემელი. ყურადღება გავამახვილეთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილებისას შექმნილ პრობლემებზე", - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება ხურვალეთში არსებულ ვითარებას, როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელში ახლა ვითარება სტაბილურია. მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით პრევენციულ ხასიათს ატარებს.

"ღონისძიება ატარებს პრევენციულ ხასიათს. გამომდინარე იქიდან, რომ ხურვალეთი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორია, ზოგჯერ საჭიროა სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისთვის ჩატარდეს გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რითაც აიხსნება ის, რაზეც ახლა გვაქვს საუბარი. მე როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ პრევენციული ღონისძიება და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ოკუპირებული რეგიონიდან და საოკუპაციო ხაზიდან ყოველთვის არსებობს პოტენციური საფრთხე. გამიჭირდება ზუსტი პასუხი გაგცეთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვები. ყველა სტრუქტურა არის მობილიზებული, რათა თავიან იქნეს აცილებული ნებისმიერი ინსინუაცია. ხურვალეთში ახლა ვითარება სტაბილურია", - განაცხადა ანთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

არჩილ
23 მარტი 2019 13:28
გაუთიშეთ ოსებს და აფხაზებს დენი, უფასოდ რომ ეძლევათ ქართველი მოსახლეობის ხარჯზე. თან გ აგინებენ და თანაც პრივილეგილებურ მდგომარეობაში არიან ქარველებთან მიმართებაში. ვერ გამიგია, ეს რანაირი პოლიტიკაა.

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები