"ია არაჩვეულებრივი ადამიანია, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი რჩეული გამხდარიყო" - კვირის პალიტრა

"ია არაჩვეულებრივი ადამიანია, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი რჩეული გამხდარიყო"

"ჩემთვის იდეალური გადარეული და ჭკვიანი ქალია"

ქართველი კლასიკური გიტარისტი, ფრანკფურტის მუსიკის აკადემიის დოცენტი, უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი - ტარიელ სუარი მისი ცხოვრების გამორჩეულ ეპიზოდებსა და ემოციებს იხსენებს. ბუნებით რომანტიკოსისთვის დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქმნილება ქალია და მოსწონს, როდესაც მათ თვალებში ბედნიერებას კითხულობს...

მუსიკა...

- იქიდან გამომდინარე, რომ სინესთეზიური ნეირონების (არა ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებულ მეცნიერულ დონეზე, არამედ ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულად) აღმომჩენი გახლავართ, ტარიელ სუარი ჩემთვის ასოცირდება მუსიკოს/ნეიროსინესთეზიოლოგთან. მუსიკა ჩემთვის არის მეცნიერების დარგი, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის ნეიროკონფიგურაციის ზრდას, განსაკუთრებით ტოტალურად ყრუებში, რომელთაც მე მუსიკას ვასწავლი, რის შედეგადაც, ისინი უკვე ჩემზე უკეთ უკრავენ და რადგანაც ეს პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი პლანეტის ისტორიის მანძილზე, სწორედ ამიტომ, ოქტომბრის დასაწყისში ვაპირებ მასშტაბური პრეზენტაციის გამართვას, რა თქმა უნდა, ყველა საელჩოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

პირველი გიტარა და კონცერტი...

- ჩემი პირველი გიტარა გახლდათ ლენინგრადის წარმოების, რომელიც მშრალ ხიდზე შევიძინე. პირველი წარუშლელი შთაბეჭდილება კი, რამაც განაპირობა ჩემი დაინტერესება ამ ინსტრუმენტით, გახლავთ ფილმი "გზაჯვარედინი", რის შემდეგაც, ზუსტად ორი თვის თავზე, ჩემი პირველი კონცერტი გავმართე.

პირველი დიდი წარმატება...

- პირველი დიდი წარმატება შვეიცარიაში მქონდა, სადაც ღონისძიებაზე არგენტინელ მუსიკოსებთან ერთად ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები შევასრულე.

გამორჩეული გალა კონცერტი...

- ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გალა კონცერტი ფრანკფურტის მუსიკალური ფესტივალია, რომელშიც არაერთი საინტერესო მუსიკოსი მონაწილეობდა...

აპლოდისმენტი...

- აპლოდისმენტი ჩემთვის არის მსმენელის მხრიდან მოწონების გამოხატულება, რომელიც მუსიკოსებს საათობრივ მეცადინეობასა და შრომას გვიფასებს.

ფილარმონია...

- ფილარმონია სასიამოვნო წარსულია, რომელთანაც ამჯერად აღარაფერი მაკავშირებს.

გერმანია, ფრანკფურტი...

- განსაკუთრებული მოგონება ფრანკფურტში გახლავთ ჩემი პირველი შეხვედრა მარტა არგარეხთან, რომელსაც ჩემს სამუშაო კაბინეტში შევეჩეხე. სხვათა შორის, ჩემთვის ყველა დროის ყველაზე დიდ კომპოზიტორს - ბატონ გია ყანჩელსაც პირველად ფრანკფურტში შევხვდი...

გამორჩეული ეპოქა...

- რაც შეეხება ჩემ მიერ შესრულებული მუსიკის ეპოქებს, შემიძლია გითხრათ, რომ რენესანსის, ბაროკოს, როკოკოს, კლასიციზმის, რომანტიზმის, იმპრესიონიზმისა და მოდერნის ეპოქა ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ქველმოქმედება...

- ჩემ მიერ გაწეული ქველმოქმედებიდან აღარაფერი მახსოვს, თუმცაღა მახსოვს ყველა ის ადამიანი, ვინც ტარიელ სუარის, როგორც პიროვნების ფორმირებას შეუწყო ხელი.

სილამაზე...

- ვფიქრობ, ქალზე დიდი სილამაზე დედამიწაზე არ არსებობს.

იდეალური ქალი...

- ჩემთვის იდეალური გადარეული და ჭკვიანი ქალია, რადგანაც სილამაზით ყველა თავისებურად ლამაზია.

ვარსკვლავი...

- ჩემთვის ვარსკვლავები არიან: გიტარისტი სეგოვია, აინშტაინი, თომას მანი, კაზუო იშიგურო და სხვები, რომელთა ნაშრომები შემდგომ განვითარებაში მეხმარება.

გაზაფხული...

- გაზაფხულობით ყველაზე მეტ დროს მანდილოსნებს ვუთმობ.

ია...

- ია არაჩვეულებრივი ადამიანია. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი რჩეული გამხდარიყო.

სიცოცხლე...

- ჩემთვის სიცოცხლე არის სწავლის პროცესი, რომლის თითოეული დეტალი და წამი მნიშვნელოვანი და უძვირფასესია.

ყველაზე ბედნიერი წამი...

- როდესაც ჩემს ყრუ მოსწავლეს (რომელსაც ხმა არასოდეს გაუგონია) გიტარაზე დაკვრა შევასწავლე.

თავისუფლება...

- თავისუფლებას ვგრძნობ, როდესაც აღმოჩენებს ლოგიკის მიღმა ვაკეთებ.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი

ოჯახი...

- ოჯახში მყავს დედა, რომელიც სასწაულებრივად გრძნობს თავს ჩემი მეგობრების, ფიტოთერაპევტების წამლების დახმარებით, რომელთაც ნამდვილად ეკუთვნოდათ ნობელის პრემია, რომელიც წელს მედიცინის დარგში გასცეს...

სიყვარული...

- სიყვარული არის, როდესაც გიყვარს ყველა, მათ შორის მტრებიც და მადლობა ღმერთს, რომ მე ეს შემიძლია. არ ვგულისხმობ ერთჯერად გაბრაზებას მტრებზე, რომელიც, როგორც წესი, უმალ მავიწყდება.

რომანტიკა...

- ბუნებით საკმაოდ რომანტიკული ვარ და მომწონს, როდესაც ჩემ გვერდით ქალი ბედნიერია.

სევდას მგვრის...

- სევდას მხოლოდ მათი მოწყენილი სახეები მგვრის.

მენატრება...

- მენატრება სოფელი, სადაც ზაფხულობით ვისვენებდი, ძველი სახლი, პაპა-ბებო, ბუხარი, სამოვარი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩემთვის ერთნაირად ძვირფასია. ასევე, მათი დანატოვარი გიტარა, რომელზეც მამაჩემი უკრავდა.

მწვერვალი, რომელიც ჯერ არ დამიპყრია...

- როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც ნობელის პრემია გახლავთ მწვერვალი - ჩემს შემთხვევაში სინესთეზიური ნეირონების აღმოჩენისთვის და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსაც ჰყავდეს ლაურეატი.

შემოქმედებითი სიახლეები და გეგმები...

- ჩემი უახლოესი გეგმაა გამოვცე სახელმძღვანელო, "საშემსრულებლო ალგორითმი", რომლითაც ყველა ყრუ ადამიანი თავისუფლად შეისწავლის მუსიკას.

შვილი...

- რაც შეეხება შვილს, როდესაც გაიზრდება, არა მგონია, ტარიელ სუარის პოვნა გაუძნელდეს.

შეყვარებული...

- შეყვარებული სულ ვარ, ამჟამად გლიური უჯრედებისა და ნეირონების ურთიერთდამოკიდებულებაზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხვა სიყვარულისთვისაც რჩება დრო გიტარისტს, მეცნიერს და უსინათლო ბავშვთა ფონდის პრეზიდენტს, გამოდის, ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე (იცინის).

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"