ქუთაისის მთავრობის გერმანელი ხმოსანი - კვირის პალიტრა

ქუთაისის მთავრობის გერმანელი ხმოსანი

გეორგ ფონ შულცი. გეცნობათ? ალბათ, არა, რადგან ამ საოცარი გერმანელის შესახებ ცოტამ თუ იცის, არადა, მან საქართველოს გადაურჩინა უძველესი კულტურის ნაწილი - ბაგრატის ტაძარი და დროისა და ადამიანებისგან შეჭმული ძველი ციხის ნაშთი. ის ქუთაისში არ დაბადებულა, თუმცა მისი ბიოგრაფიის მკვლევარს, პროფესორ იმერი ბასილაძესა და ისტორიკოს ზურაბ დათუაშვილს მიაჩნიათ, რომ ის ქართველებზე მეტად ქართველი იყო.

ქუთაისელი გერმანელი

იმერი ბასილაძე: - ეროვნებით გერმანელი შულცი 1871 წლის 11 მაისს დაბადებულა. ნიკოლოზის სახელობის საიმპერატორო სამხედრო აკადემიის დასრულებიდან მალევე სამხედრო ჩინებიც მიუღია. 1898 წელს ქუთაისის საინჟინრო დისტანციის სამმართველოს სამხედრო ინჟინრად გამოუგზავნიათ. რატომ მაინცდამაინც ქუთაისში, არავინ იცის. მალევე შეჰყვარებია ქუთაისი. ქართული უსწავლია და რუსი მოხელეები წლების განმავლობაში ქართულად გამარჯობის თქმას რომ ვერ ან არ ახერხებდნენ, მალევე გატეხილი ქართულით ალაპარაკებულა. უყვარდა აქაურები, მაგრამ მის რჩევებს რომ არ იჯერებდნენ, გული სწყდებოდა.

შულცი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. თურმე პირადად ამოწმებდა მშენებლობის თითოეულ დეტალს. როგორც ჩანს, შეემჩნია ხელოსნების თუ საშენი მასალით მომმარაგებლების მანკიერებები და მკაცრად აკონტროლებდა ყველაფერს. 1903 წელს, ქუთაისის რეალური სასწავლებლის (დღეს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის) შენობის აგებისას, შულცის მოთხოვნით კომისიამ მშენებლობაზე ანანოვების შემოტანილი მოსაპირკეთებელი ქვის ხარისხი შეამოწმა. რამდენიმეზე იმოდენა ნიჟარები ყოფილა, რომ უსწორმასწორობის აღმოსაფხვრელად გათლისას ქვა უვარგისი ხდებოდა. ინჟინერს დაუყოვნებლივ მათი გამოცვლა და მომწოდებლის დაჯარიმება მოუთხოვია. გერმანული ხარისხით შექმნილი მისი მემკვიდრეობა დღესაც ამაყად დგას ქუთაისში.

თეთრ ხიდსა და ბაგრატის ტაძარზე შეყვარებული

1903-1904 წლებში შულცი ქუთაისის თვითმმართველობის ხმოსნად აურჩევიათ. ოცნებობდა ქუთაისის თეთრი ხიდის რეაბილიტაციასა და ბაგრატის ტაძრის ნანგრევების დაცვასა და აღდგენაზე, რასაც იმდროინდელი ქართული პრესაც მოწმობს:

"თეთრი ხიდის შეკეთებაზე ქალაქი ყოველწლიურად თითქმის ათას მანეთს ხარჯავდა, ყოველ მესამე წელიწადს, ახალი ფიცრების დასაგებად, დაახლოებით 2400 მანეთი სჭირდებოდათ. წელი არ გავიდოდა, 200 მანეთის შესაკეთებელი სამუშაო არ გამომტყვრალიყო. ქალაქის საკრებულოს ხმოსანმა, ინჟინერ-კაპიტანმა ფონ შულცმა, ქალაქის გამგეობას ურჩია, ფიცრების მაგიერ რკინა დავაგოთ, რკინაზე გზატკეცილი, გვერდებზე ასფალტის ტროტუარი გავაკეთოთ, ეს სულ 4451 მანეთი და 55 კაპიკი დაგვიჯდება. ამით ქალაქი ყოველწლიურ უნაყოფო ხარჯს გადარჩება, თანაც ხიდი საიმედო, ჩანგრევისგან დაცული იქნებაო".

ეგონა, ქუთათურებს გაუხარდებოდათ, შეიძლება გაბრაზებულიყვნენ კიდეც, ტომით გერმანელმა როგორ გვაჯობაო, მაგრამ მისი გაანგარიშებანი გაანგარიშებად დარჩა - ქალაქის გამგეობამ უფულობის მიზეზით უარი თქვა მის წინადადებაზე.

შულცს უზომოდ ადარდებდა ბაგრატის ტაძრისა და ძველი ციხის მდგომარეობა. ამიტომაც ქალაქისთავისთვის საგანგებოდ მოუხსენებია:

"უყურადღებოდ არის დატოვებული ეს ძვირფასი ძეგლი: გარშემო მცხოვრებთა ყურადღება კი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მუქთად ქვის სატეხ ქარხნად გადაუქცევიათ და ტაძრის თლილი ჩუქურთმიანი ქვებით ბოსლებისა და თავლების კედლებს იშენებენ... ქალაქის თვითმმართველობის ზნეობრივი მოვალეობაა, დაიცვას ეს ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლი და გარეშესავით გულხელდაკრეფილმა არ უყუროს მის შემუსვრასა და განადგურებას".

შულცმა ბაგრატის ტაძრის ნანგრევების განადგურებისგან დასაცავად ქალაქის გამგეობას შესთავაზა:

"ა. გადაიდოს 150 მანეთი ერთდროულად კედლების ზოგიერთი ჩამონგრეული ადგილის ცემენტით შესალესად;

ბ. გადაიდოს ფული ყოველწლიურად კედლებში აღმოჩენილი ნაპრალების ცემენტით ამოსალესად;

გ. მივიღოთ ზომები, რომ ხალხში გავრცელდეს ძველი ნაშთისადმი ინტერესი და პატივისცემა, რისთვისაც ვისარგებლებთ საიუბილეო წლით (900 წელიწადი სრულდება ტაძრის აგებიდან); ადვილი შესაძლებელია ქართველ ინტელიგენტთა შორის გამოჩნდეს ვინმე ისეთი, რომელიც იკისრებს ამ ტაძრის ისტორიისა და აღწერილობის შედგენას და წიგნად გამოცემას;

დ. სადაც წინათ საკურთხეველი იყო, დაიდგას მარმარილოს ფიცარი ტაძრის მოკლე ისტორიის წარწერით, რაც დაჯდება არა უმეტეს 100 მანეთისა".

ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი: - ქალაქის თვითმმართველობამ შულცის წერილს ყურადღება, ფაქტობრივად, არ მიაქცია. ამიტომაც ინჟინერმა მიმართა გუბერნატორს, რომელმაც, თავის მხრივ, რეაგირებისთვის იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს გადაუგზავნა (საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი 1919-1921 წლებში). თურმე ტაძარი ოფიციალურად არ ირიცხებოდა საეკლესიო უწყების ბალანსზე და ეპარქიას არც სახსრები გააჩნდა მის დასაცავად. საეგზარქოსოც არ იწუხებდა თავს ძეგლის რესტავრაციისთვის. არადა, ლეონიდესაც დაუდასტურებია ტაძრის ქვების გაზიდვის ამბავი.

შულცმა უკან არ დაიხია და საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წინაშე აღძრა შუამდგომლობა... 1905 წელს თანხა გამოიყო და ტაძარს გასამაგრებელი სამუშაოები ჩაუტარდა. ეპარქიის ხელმძღვანელობას სთხოვეს, ყურადღება მიექციათ, რომ ტაძრის ეზოდან ქვები აღარ გაზიდულიყო.

შულცი, რომელიც დააკლდა ქალაქს

1905 წლის აგვისტოდან შულცი ქუთაისს დააშორეს და კუშკის ციხესიმაგრის (რუსეთის იმპერიის სამხედრო ციხესიმაგრე შუა აზიაში, თანამედროვე თურქმენეთის სამხრეთით, ავღანეთთან საზღვრის ახლოს) ინჟინრების ხელმძღვანელად დანიშნეს. ქუთაისზე შეყვარებული გერმანელი 1918 წელს გარდაიცვალა.

იმერი ბასილაძის თქმით, იმდენად დიდია მისი დამსახურება ქუთაისისა და, კერძოდ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობაში, რომ პირველ კორპუსზე უნდა გაკეთდეს შულცის მემორიალური დაფა, როგორც პროექტის ავტორისა და აღმშენებლის. ზურაბ დათუაშვილი კი ფიქრობს, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ ქალაქში დაიდგმება შულცის პატარა ძეგლი, რათა გერმანელი ტურისტებისთვისაც გვეამბა მის შესახებ.

P.S. იმ ქვეყნებში, სადაც მომავალ თაობებს სამაგალითო ადამიანების ცხოვრებას ასწავლიან, ალბათ, შულცის მსგავსთა შესახებ ამბავს სასკოლო სახელმძღვანელოშიც შეიტანდნენ, ქუთაისში კი, სულ ცოტა, ქუჩას მაინც ერქმეოდა გეორგ ფონ შულცის სახელი, იმ კაცისა, რომელმაც ქართული ისტორიის მოსარღვევად გამზადებული არქიტექტურული საუნჯე გადაარჩინა.