"ინდოეთის მოსახლეობის 70%-მა­ უკვე იცის წერა- კითხვა და ამით პარლამენტში დიდად ამაყობენ"
25-03-2019
"ინდოეთის მოსახლეობის 70%-მა­ უკვე იცის წერა- კითხვა და ამით პარლამენტში დიდად ამაყობენ"
ფოტო:ქეთი გუნიავა
"მაჰათმა განდის სახლ-მუზეუმში ჭერიდან მაიმუნები დაგვყურებდნენ. გაგვაფრთხილეს, ტელეფონები უყვართ და ნუ დაანახებთ, თორემ წაგართმევენო"

ინდოეთში ერთთვიანი პროგრამით ტრენინგზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. ქეთი გუნიავა საქართველოს პარლამენტის აპარატიდან იყო მიწვეული. ის ინდო­ეთში გატარებულ დღეებს იხსენებს.

- საქართველოს პარლამენტის აპარატიდან ორნი ვიყავით. ახალჩაფრენილებს ადგილობრივი პარლამენტის წარმომადგენლები დაგვხვდნენ და ნიუ-დელის სასტუმროში დაგვაბინავეს.

ტრენინგები პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრში გვიტარდებოდა. ადგილ­ობრივი პარლამენტის გამოცდ­ილება გაგვიზიარეს და ტელანგანის, ინდ­ოეთის 29-ე ახალშექმნილი შტატის დედაქალაქი ჰაიდარ­აბადიც მოგვატარ
ეს. ეს უძველესი ქალაქი,­ ძველად ალმასებისა და მარგალიტების ვაჭრობის ცენტრი ყოფილა, დღეს კი საინფორმაციო ტექნოლოგიების­ ინდუსტრიის ცენტრია. ჰაიდარაბადში რამოჯის კინოქალაქიც დაგვათვალიერებინეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კინოქალაქადაა აღიარებული - 500 გადასაღებ მოედანსა და 50 პავილიონს მოიცავს.
ქალაქები: აგრა, ჯაიპური და დელი ის ოქროს სამკუთხედია, რომლებიც აუცი­ლებლად უნდა ნახო.
აგრასა და ჯაიპურში­ ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს დროში მოგზაურობ. ცნობილი თაჯ-მაჰალი, ინდოელთა სიამაყე, სწორედ იქ დგას. ტაძარი 400-ზე მეტი წლის წინაა აგებული მოგოლთა იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით. თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის მავზოლეუმი. მის აშენებას 20 წელზე მეტი და 20 ათასი მუშახელი მოუნდა, ხოლო სამშენებლო მასალების გადაზიდვას 1000 სპილო დასჭირვებია. ქათქათა მარმარილოს ტაძრის კედლები სარდიონით, ფირუზით, მარჯნით, მარგალიტითა და სხვა ძვირფასი ქვებითაა შემკული. თაჯ-მაჰალის პირდაპირ შაჰ-ჯაჰანს თავისთვის შავი მარმარილოს მავზოლეუმის აშენება უნდოდა, რომელიც თეთრის ასლი იქნებოდა, თუმცა არ დასცალდა.

ჯაიპური, რაჯასტანის დედაქალაქი, ვარდისფერი ქალაქის სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნეში ბრიტანეთის პრინცი სტუმრებია რაჯასტანს და მის პატივსაცემად ყველაფერი ვარდისფრად შეუღებავთ. ქალაქი მდიდარია ძველი სასახლეებით. აქ ნახავთ რაჯმაჰალის სასახლეს, ქარის სასახლეს, რომელიც უამრავფანჯრიანია და საიდანაც მაჰარაჯას ცოლები უყურებდნენ ქუჩის ცხოვრებას. ჯანტარ-მანტარის ობსერვატორია XVIII საუკუნეშია აგებული. იმ დროს იქ ასტრონომიულ ცხრილებს ადგენდნენ და მზის, მთვარისა და სხვა პლანეტების მოძრაობის ტრაექტორიებს განსაზღვრავდნენ. დღეს მის ტერიტორიაზე ასტ­რონომიული ხელსაწყოების 19 არქიტექტურული ნაგებობა დგას. მათ შორისაა ყველაზე დიდი მზის საათი მსოფლიოში. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა საგარის ტბის შუაგულში აღმართულმა ულამაზესმა ჯალ-მაჰალის სასახლემ და ქარვის ციხესიმაგრემ თავისი თვალწარმტაცი ხედებით.
წლების წინ ვიყავი ინდოეთში და ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. ნიუ-დელის ის ნაწილი, სადაც საელჩოებია, თვალში საცემად გასუფთავებულია, თუმცა ძველ დელიში რომ გადიხარ, იქ შეიძლება გაგიჟდე: კივილ-წივილი, მანქანების საყვირის ხმა, რიქშების ნაკადი. ხალხს მიწაზე სძინავს. ტრენინგზე რასაც გვეუბნებოდნენ, ქუჩაში გამოსულებს განსხვავებული სურათი გვხვდებოდა. მაგალითად, ხედავთ, ბავშვს ხის ძირას სანთელი დაუნთია და მეცადინეობს, გვერდით დედამისი ჩვილს მისწოლია, საშინელი დასანახი იყო.

- განათლების დონე როგორია?
- მთავარ ამოცანად აქვთ დასახული ზოგადი განათლება და პროგრესიც აქვთ. წერა-კითხვა მოსახლეობის 70%-მა­ უკვე იცის და ამით პარლამენტში დიდად ამაყობენ. ძალიან ფასობენ ინგლისში განათლ­ებამიღებულები, თანამდებობები გარანტირებული აქვთ. ტრენინგის დროს ერთი გარეგნობითა და მანერებით გამორჩეული პიროვნება გვესტუმრა, რომელმაც გამოცდილება გაგვიზიარა. კოფი ანანის თანაშემწე აღმოჩნდა. ლონდონში ყოფილა დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა ეროვნული თვითშეგნება ძალიან გამძაფრებული აქვთ ინდოელებს და ისიც არ იყო გამონაკლისი.

- ხალხი როგორია?
- ინდოელები თავს ისე ამოძრავებენ, ვერ გაიგებ, "ჰოს" გეუბნებიან თუ "არას". თუ რამეს სთხოვ, უარს არ გეუბნებიან, თუმცა ან შეგისრულებენ, ან - არა. ცეკვისას სხეულით გელაპარაკებიან, ჩვენც გვიხსნიდნენ, რომელი­ მოძრაობა რას ნიშნავს. სამზარეულო გემრიელი აქვთ, მაგრამ ყველაფერს ცხარეს მიირთმევენ. ინდოეთი მდიდარია რელიგიური მიმდინარეობებითაც.

ერთ ღამეს ხრაშახრუშის ხმა მოგ­ვესმა. ავანთეთ სინათლე და რას ვხედავთ, ჩასუქებული ვირთხა რაღაცას ჭამს. მაშინვე დავრეკეთ ადმინისტრატორთან, თუმცა კაციშვ­ილმა არ მოგვხედა. მხოლოდ განმეორებითი ზარის შემდეგ შემოვიდა რამდენიმე კაცი და ვირთხა დიდი პატივით წააბრძანეს. თურმე­ წმინდა ცხოველი ყოფილა.­ ტაძრები სავსეა ვირთხებით. პარლამენტთანაც­ მათთვის საჭმელი იყო ჩარიგებული.
მაჰათმა განდის სახლ-მუზეუმში ჭერიდან მაიმუნები დაგვყურებდნენ. გაგვაფრთხილეს­, ტელეფონები უყვართ და ნუ დაანახებთ, თორემ წაგართმევენო.
ყველას მომზადებული გვქონდა პრეზენტაცია ჩვენ-ჩვენს ქვეყნებზე... ყველაფერი ჩავტიეთ ჩვენს მოხსენებაში. სხვათა შორის, დაიბნენ, თქვენთან ევროპული სტანდარტები ყოფილაო, აღმოხდა ერთ ინდოელს.

პარლამენტის შენობა დიდებულია. შიგნით ფოტოებს არ გაღებინებენ. შესვლა-გასვლაზე 3 საგუშაგოს გადიხარ შესამოწმებლად. ფრთხილობენ, რადგან წლების წინ ინდოეთის პარლამენტში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. სხვათა შორის, მეტროში ჩასვლის წინაც გამოწმებენ. დელის მეტრო სუფთა და უზარმაზარია.

დაბალი ფენის წარმომადგ­ენ­ლებიდან ყველა გვთხოვდა, შეგეხებითო.­ ზოოპარკში რომ წავედით, ხან ერთმა დაგვაჭერინა თავისი პატარა ხელში, ხან მეორემ. სჯერათ, თუ თეთრკანიანი აიყვანს ხელში, ბედნიერი ცხოვრება ექნება. ფოტოების გადასაღებად გვაჩერებდნენ და ერთს თუ უარს არ ეტყოდი, რიგი დგებოდა.

- რა მოგცა ინდოეთში გატარებულმა ერთმა თვემ?
- ბევრი საინტერესო რამ გავიგე ინდოეთისა და სხვა ქვეყნების შესახებაც. იყო ქვეყნები, რომელთაც რამდენიმეკაციანი პარლამენტი ჰყავთ, მაგალითად, გრენადა ამერიკის კონტინენტზე,­ რომელსაც პარლამენტში მხოლოდ 20 კაცი ჰყავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?