"ირაკლი ჩარკვიანის ზარმა გამაღვიძა - ხმა უკანკალებდა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ჩარკვიანის ზარმა გამაღვიძა - ხმა უკანკალებდა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო"

"ამას წინათ ერთად ვიყავით. თინა არასდროს ლაპარაკობს ამ თემაზე"

მათ დღეს ხან "ჯინსების თაობად" მოიხსენიებენ, ხანაც "თვითმფრინავის ბიჭებად". 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდამ: დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა - საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი"TY-134 გაიტაცეს. მათ თურქეთში გადასვლა სურდათ და... ხანმოკლე ფრენის შემდეგ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. რაც შეეხება გამტაცებლებს, გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორეც, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე. გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე 5,5 წლის შემდეგ დატოვა.

მუსიკოსი დათო ევგენიძე იმ ტრაგიკულ დღემდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

- ჩვენ უბრალოდ ვამბობდით, რომ ჩვენ თქვენ არ გგავართ. ჩვენი პროტესტი იყო ჩვენი შემოქმედება, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. მაშინ ღამის კლუბები არ იყო, ერთმანეთის სახლებში ვიკრიბებოდით, სადაც პოეზიის საღამოებს, კონცერტებსა და კინოჩვენებებს ვმართავდით...

განსაკუთრებული ხუთეული გვქონდა მე, გეგა კობახიძეს, ირაკლი ჩარკვიანს, ლევან კერესელიძესა და დათო გომართელს. ლევან აბაშიძე მოგვიანებით შემოგვიერთდა, ის ჩვენზე უმცროსი იყო. ჩვენი მეგობრობა სკოლიდან დაიწყო. შატალოებზე "მუზასთან" ვიკრიბებოდით, ჩანთებს იქვე, ურნის უკან ვმალავდით, მერე ჩავუყვებოდით გზას ალექსანდროვის ბაღისკენ, თან ნაყინს ვჭამდით. იქიდან ამოვუყვებოდით ჩემს სახლთან, მაშინ რუსთაველის 44-ში ვცხოვრობდით, იქვე ფოტოსალონი იყო, სადაც ალიკა და თამაზა გვიღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. მერე ფულს შევაგროვებდით და ლაღიძეში ჩავდიოდით. დათო ევგენიძე

- თავგადასავლებიც არ გაკლდათ... - 15-16 წლისები ვართ. ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც ლიკანში ისვენებდა. მე, გეგა და ირაკლი ჩარკვიანი წავედით. დილის 6 საათზე ჩავედით. არ ვიცოდით, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა. ველოდით, საიდან გამოვიდოდა. გავიხედე და დილის 7 საათზე ბაბუამისი, ცნობილი აკადემიკოსი, ვიღაც ბიჭთან ერთად გამოვიდა. ბიჭს ვკითხეთ, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა ჩემი შეყვარებული. პასუხად, შენ დათო ევგენიძე არა ხარ, სულ შენზე მელაპარაკებაო. მეც პირდაპირ კოტეჯში შევაკითხე, ეძინა, თავი წამოსწია და რომ დამინახა, შეუძლებელიაო, წაიბუტბუტა და ძილი განაგრძო, ეგონა, ვესიზმრებოდი. მერე დიდხანს ვისეირნეთ, ერთ ადგილას ხიდი უნდა გადაგვევლო, ფეხი აგვიცდა და ორივენი ტალახში ჩავცვივდით. მე მასთან დავსეირნობდი, ირაკლი და გეგა კი მოთმინებით მელოდებოდნენ. ასე დავყვებოდით ერთმანეთს. ხშირად ერთი გოგოც გვყვარებია, უფრო მეტად მე და ირაკლის.

- გეგა და მასთან დაკავშირებული ამბავი შეგიძლიათ გაიხსენოთ? - მე და ირაკლი გეგას ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. მე უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, გეგა და ირაკლი ყოველთვის აეროპორტში მხვდებოდნენ. ბოლოს მისი ქორწილისთვის ჩამოვედი. ირაკლი აეროპორტში მარტო რომ დამხვდა, გამიკვირდა. მერე იყო ქორწილი... მე და ირაკლის, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა, რატომ იყვნენ მეჯვარეები ის ბიჭები, რომლებსაც არ ვიცნობდით.

- ვინ ჰყავდა მეჯვარეებად? - ვინც მასთან ერთად თვითმფრინავში იყვნენ... ქორწილი"მსახიობთა სახლში გადაიხადეს, სოლოლაკში, ქვემოთ რესტორანი იყო. მახსოვს, მტრედები გაუშვეს. ერთ-ერთი ივერიელი სკამზე ავიდა, მტრედი აიყვანა ხელში და ისეთი იმიტაცია გააკეთა, თითქოს თავი მოაგლიჯა... ამან შემზარა... ქორწილშიც რაღაც მძიმე აურა იყო და მე და ირაკლი ადრევე წამოვედით. ჯერ შინ შევიარე, მერე ირაკლის გავუარე და დიდხანს ვიბოდიალეთ. ღამის 2 იყო დაწყებული, ნუცუბიძის ქუჩაზე წავედით და სახლის კართან წერილი დაგვხვდა: "ვიყავით, არ დაგვხვდი. გეგა, თინიკო და კომპანია".

იმხანად გეგა კანდელაკზე ცხოვრობდა. ირაკლის ვუთხარი, ეტყობა, ძალიან მოვენატრეთ, რადგან ქორწილიდან მოგვაკითხა-მეთქი. 3-ის წუთები იყო, რომ მივედით. პირველ სართულზე ცხოვრობდა და ფანჯარაზე მივუკაკუნეთ. გამოგვხედა, გაუხარდა. ჩემთან, ნუცუბიძეზე ავედით. მთელი ღამე ვმაიმუნობდით, ვიცინოდით. თინას ერთიც არ გაუღიმია. მერე მე და ირაკლი სამზარეულოში გავედით და ირაკლის გავუმხილე, ამ გოგოს ან ჩვენ არ მოვწონვართ, ან უჟმურია-მეთქი. რას წარმოვიდგენდით, რა ტრიალებდა მაშინ თინას გულში.

გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი

- გეგა როგორ იქცეოდა? - არაფერი შეგვიმჩნევია. დილის 8 საათისკენ სახლამდე მივაცილეთ. დაშორებისას ისე ჩამეხუტა, კაი, რა გჭირს, ერთ კვირაში არ ჩამოხვალთ ბათუმიდან-მეთქი? რომ მიდიოდა, მოტრიალდა, "ქემელის" კოლოფზე წარწერას "თურქიშ ბრენდ" თითი გაუსვა და გვესროლა. როგორც ჩანს, რაღაც გზავნილი მოგვცა. კოლოფში 8 ღერი იყო, 4 ირაკლის მივეცი, 4 დავიტოვე. შემდეგ სახლებისკენ წავედით, ირაკლის სახლთან ცოტა ხანს ვილაპარაკეთ, სიგარეტი მოვწიეთ და ირაკლის ვუთხარი, გეგა როგორ უცებ გაგვიქრა, აი, ამ 4 ღერსაც მოვწევთ და შეიძლება სამუდამოდ გაქრეს მეგობრობიდან-მეთქი. რას წარმოვიდგენდი იმას, რაც შემდეგ მოხდა. შინ რომ მივედი, დავიძინე, შუადღისას კი ირაკლის ზარმა გამაღვიძა - ხმა უკანკალებდა, გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. ორივე გავცვივდით, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი იყო და მერე დაიწყო ის კოშმარი... მე მოსკოვში კონსერვატორიაში დაბრუნებამ მომიწია და სასამართლოს ვერ დავესწარი. დათუნა მაჭავარიანისგან გავიგე განაჩენი.

- თინას თუ შეხვდით მერე? - ამას წინათაც ერთად ვიყავით, მაგრამ არასდროს ლაპარაკობს ამ თემაზე.

- როდესაც რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა თვითმფრინავის ბიჭების შესახებ "მძევლები" გადაიღო, თქვენ უარი თქვით, რომ მუსიკა დაგეწერათ ფილმისთვის. - რაც უნდა დამეწერა, რეკვიემი, გოდება იქნებოდა. წარმოიდგინეთ, დამეწერა მუსიკა იმ ქორწილისთვის, რომელშიც მე ვიჯექი, მარჯვნივ ლევან აბაშიძე მეჯდა, მარცხნივ კი ირაკლი ჩარკვიანი... საკუთარი თავის საუნდტრეკი უნდა დამეწერა?!

იხილეთ ასევე: რა უპასუხა შევარდნაძემ "თვითმფრინავის ბიჭების" საქმეზე დასმულ უმწვავეს კითხვებს - ექსპრეზიდენტის დაკითხვის აქამდე გასაიდუმლოებული ოქმი