"როგორც ყველა ქართველი, მეც "ფოკუსნიკი" ვარ" - კვირის პალიტრა

"როგორც ყველა ქართველი, მეც "ფოკუსნიკი" ვარ"

ქართველი მსახიობები კანადის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესოებად აღიარეს

კანადაში ახლახან გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Redline International Film გიორგი თავართქილაძის ფილმი "ცუდი ხალხი" 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი. საუკეთესო მსახიობად ვახო ჩაჩანიძე დასახელდა, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯანო იზორია დააჯილდოეს. "კვირის პალიტრა" ულოცავს ქართველ მსახიობებს ამ წარმატებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს ლევან კოღუაშვილის ფილმში "შემთხვევითი პაემნები" ვახო ჩაჩანიძე მეორეხარისხოვანი როლისთვის დაჯილდოვდა.

ვახო ჩაჩანიძე: - წარდგენილი ვიყავით 4 ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი და საუკეთესო სცენარი. ჩვენ ორ ნომინაციაში გავიმარჯვეთ!

- ელოდით წარმატებას? - ფილმი ძალიან მომწონს, მაგრამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი თუ ამხელა ყურადღებას მიიქცევდა, არ მეგონა. საერთაშორისო აღიარება ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი, ეს არის მთავარი, ყველაზე კრიტიკული სწორედ ქართველი მაყურებელია.

ფილმში 1991-92 წლების პრობლემებია ასახული, როცა პოლიტიკური შეხედულებების გამო საზოგადოება ისე გაიხლიჩა, რომ სასიკვდილოდაც გაიმეტეს ერთმანეთი.

- რატომ აირჩიეთ მსახიობის პროფესია?

- ბავშვობიდან თეატრში ვიყავი დაკავებული, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. გამოვიტანე საბუთები და სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. მას შემდეგ ამ პროფესიის ერთგული ვარ. ერთხანს ხანმოკლე პაუზა მქონდა, რადგან გერმანიაში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნებული პროფესიასაც დავუბრუნდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" აღარ გამოჩნდებით? - დიდი ხანია, ამ სერიალში აღარ მითამაშია, თუმცა სცენარში როდის რა შეიცვლება, არავინ იცის. შეიძლება კიდევ დამიძახონ.

alt

- ოჯახზეც მიამბეთ. - მყავს სამი შვილი: ნატალია, ნიკოლოზი და ილია. სამივე გერმანიაში დაიბადა. მათ ცხოვრებაში აქტიურად ვარ ჩართული. დატუქსვა არ სჭირდებათ, ახსნით გავდივართ ფონს და მიხარია, რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და არ ვიჩხუბოთ. ჩემს სპექტაკლებზე ხშირად დადიან. უფროსი, ნატალიკო, ჭკვიანი მყავს და ძალიან მახარებს. შუათანა ნიკოლოზი მოწესრიგებული და ბეჯითია. ბიჭები მორაგბეები არიან, თამაში მოსწონთ და მგონი, გამოსდით კიდეც. ნაბოლარა ილია გადარეულია, პატრიარქის ნათლულია და სახელიც მის პატივსაცემად დავარქვით.

- რომელიმეს მსახიობობა თუ სურს? - საბედნიეროდ, არა. გადახედეთ დღევანდელ მდგომარეობას, რა დღეში ვართ მსახიობები. დღეს არც ერთ მსახიობს არ გაუხარდება, მისმა შვილმა ეს პროფესია რომ აირჩიოს.

- ნანობთ, მსახიობი რომ გამოხვედით?

- არა! ვნანობ იმას, რომ ჩვენთან ძალიან დაუფასებელია ეს პროფესია. მინდა მომავალი თაობის მსახიობების მიმართ უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეთ.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, რა გიჭირთ, რა გილხინთ?

- რა გითხრათ, როგორც ყველა ქართველი, მეც "ფოკუსნიკი" ვარ. ბევრმა არც ვიცით, თვიდან თვემდე როგორ მიგვაქვს სული და ოჯახი. ასეა!

- ადევნებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს? - აპოლიტიკური ვარ. თვალს კი ვადევნებ და ჩვენს ქვეყანაზე ძალიან შემტკივა გული, თუმცა პოლიტიკა ჩემი თამაში არ არის.

- თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რას შეცვლიდით? - ქართველების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. არ მომწონს გამეფებული სიძულვილის ენა! ერთმანეთს პატივს არ ვცემთ, განსხვავებული აზრის გამო შეიძლება საზოგადოება გაიხლიჩოს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა! თუ ადამიანი ჩვენსავით არ ფიქრობს, ესე იგი, ვიღაცისტია. ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა, ისტორიულად მოგვყვება.

- როგორ აფასებთ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს? - მე არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს და რა - არა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანას განათლების პრობლემა აქვს! ცვლილებები აუცილებელია.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში? - ისევ და ისევ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში აღარ ვარ, მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალიან კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მთავარია, დამოკიდებულება ოჯახთან, ქვეყანასთან, ღმერთთან...