"რუსეთში მეგობარები მყავს. თუ შევამჩნიე, რომ ისინიც იჭრებიან ჩემი ქვეყნის უფლებებში, მათ წინააღმდეგაც წავალ" - ქართველი ხელოვანები რუსული საფრთხის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"რუსეთში მეგობარები მყავს. თუ შევამჩნიე, რომ ისინიც იჭრებიან ჩემი ქვეყნის უფლებებში, მათ წინააღმდეგაც წავალ" - ქართველი ხელოვანები რუსული საფრთხის წინააღმდეგ

"არა ინტელექტის ოკუპაციას!"

გასულ კვირას ინტერნეტში ვიდეოების სერია გამოჩნდა ერთი გზავნილით - "არა ინტელექტის ოკუპაციას". ნახევარწუთიან ვიდეოებში ცნობილი მომღერლები, მუსიკოსები თუ კომპოზიტორები ინტელექტის ოკუპაციას აპროტესტებენ. როგორც გავარკვიეთ, ვიდეოები ინტერნეტში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ფეისბუკგვერდის საშუალებით ვრცელდება და ნაწილია იმ დიდი კამპანიისა, რომელიც ასოციაციამ დაიწყო და ინტელექტის რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში განმარტავენ, მათ სურთ ფართო საზოგადოებას დაანახონ ის საფრთხე, რომელიც რუსეთისგან მოდის. ასოციაციის წარმომადგენლები და ხელოვანებიც აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა და ჰონორარის მიღება-განაწილება მოწესრიგდა, ეს კი რუსეთს არ მოსწონს და სურს თვითონ გააკონტროლოს სიტუაცია.

სწორედ ამ მიზნით სთხოვდნენ ქართულ ასოციაციას რუსეთის შექმნილ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციაში გაერთიანებას, რაზეც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისგან უარი მიიღეს. ზემოხსენებული კავშირი 2017 წელს შეიქმნა და მასში გაერთიანებული არიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი. როგორც GCA-ში განმარტავენ, რუსეთმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრიც, რომლის საშუალებითაც ჩამოთვლილ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარისა და მის მფლობელთა შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აკონტროლებს. ამ ეტაპზე საქართველო ჰონორარის შეგროვებით რეგიონის ლიდერი ქვეყანაა.

"საფრთხე, რომელზეც ჩვენ და ხელოვანები აპროტესტებენ, რეალურია. 2013 წელს რუსეთმა რეგიონის ლიდერ ქვეყანაში, უკრაინაში, შექმნა ჯერ 2, შემდეგ კი 17 ორგანიზაცია, რომლებმაც ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები საავტორო უფლებების გამოყენებაზე, შედეგად შეგროვებული ჰონორარი 10-ჯერ შემცირდა. ამ ეტაპზე უკრაინა ჰონორარის მოგროვებით ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა. თუ რუსეთმა მიზანს მიაღწია, საქართველოშიც იგივე მოხდება", - განმარტავს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

კამპანიაში მონაწილე მუსიკოსებსა და მომღერლებს კითხვით მივმართეთ, რას აპროტესტებენ კამპანიით "არა ინტელექტის ოკუპაციას".

კახა ცაბაძე, კომპოზიტორი: "მე დიდი ხანია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი ვარ, ისევე როგორც მამაჩემი იყო. ახალი ალტერნატივის შექმნის წინააღმდეგი უპირველესად იმიტომ ვარ, რომ ის რუსეთის სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული. არ მჯერა, რომ რუსეთს საქართველოსა და ქართველების კეთილდღეობა უნდა. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომელიც ძალიან რეალურია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც სიმღერის ავტორი სხვა ორგანიზაციაშია გაერთიანებული, ხოლო შემსრულებელი - სხვაში. ამ შემთხვევაში საკონცერტო დარბაზმა ვის უნდა ჩაურიცხოს თანხა? ხშირად ამის დადგენა ეზარებათ და რომელიმეს ურიცხავენ. მერე ეს ყველაფერი სასამართლოში გასარკვევი ხდება. ყველაფერი ერთი საზოგადოების ხელში უნდა იყოს, სადაც ყველაფერი ჩაირიცხება და დარეგულირდება. მეორე მხრივ, ძალიან მომწონს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა. ის საავტორო უფლებათა ასოციაციების მსოფლიო კავშირის, CISAC-ის წევრია, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ასოციაცია აკონტროლებს უცხოელი ავტორების საავტორო უფლებებსაც. მისი პროფესიონალური მუშაობის დამსახურებაა, რომ უცხოელებს პრეტენზია არც ერთხელ არ გამოუთქვამთ. სისტემა გამართულად მუშაობს და რატომ უნდა დაინგრეს, გაუგებარია.

ჰონორარის მომატების ამბავი არარეალურია. არსებობს ფიქსირებული ტარიფები საკონცერტო დარბაზებისთვის, კინოთეატრებისთვის თუ დისკებისთვის და ხომ წარმოუდგენელი და აბსურდულია, რომ ვინმე ავტორს მეტს გადაუხდის?"."

ირმა სოხაძე, მომღერალი: "ჩვენი საავტორო უფლებათა ასოციაცია მსოფლიო გაერთიანების წევრია. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ გვიცნობენ როგორც ამ საქმის პროფესიონალებს. ახლა გამოჩნდა რამდენიმე პირი, რომლებიც RAO-ს (რუს ავტორთა საზოგადოება) ფრთის ქვეშ შექმნილ ორგანიზაციაში გაერთიანებას გვთხოვენ. რატომ უნდა შევიდეთ ევრაზიულ კავშირში, მაშინ, როდესაც ვართ საერთაშორისო კავშირის წევრი და 200-ზე მეტ ანალოგიურ ასოციაციასთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული? მე არ მინდა ევრაზიული კავშირის წევრობა. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია უფრო უკეთესად იმუშავებს. ამის თქმის საშუალებას გასული წლების შედეგები მაძლევს. მინდა ყველას ვურჩიო, კარგად დაფიქრდნენ, სანამ რომელიმე ორგანიზაციაში გაერთიანდებიან. ახალი ორგანიზაციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ რუსეთში ჩვენს სახელზე დიდი ოდენობით ჰონორარია დაგროვებული. არა მგონია, ასე იყოს და თუ მაინც ასეა, მაშინ გადმოურიცხონ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. ამისთვის რა საჭიროა ევრაზიულ კავშირში გაერთიანება? რას ნიშნავს, ჯერ გაერთიანდი და მერე ჩაგირიცხავო? ახლა არ გვირიცხავენ და რომ გავერთიანდებით, მერე ვის გავახსენდებით?!"

მანანა მენაბდე, მუსიკოსი: "ვაპროტესტებ ყველანაირ ოკუპაციას, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაა მომართული. სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს. თუ შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრებიც იჭრებიან ჩემი ქვეყნის უფლებებში, მათ წინააღმდეგაც წავალ.

ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იმ ხალხასაც მინდა ვუთხრა, დაფიქრდნენ: დღეს აიღებენ განსაზღვრულ თანხას, მაგრამ ხვალ აღარაფერი ექნებათ და ღირსებასაც დაკარგავენ, ღირსებას კი ყველაზე მეტად უნდა გაუფრთხილდე".

ნეკა სებისკვერაძე, მომღერალი: "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ნულიდან დაიწყო მუშაობა და მოკლე ხანში ძალიან კარგ შედეგს მიაღწია. მე ყოველთვის ვუგულშემატკივრებ ყველაფერ ქართულს და არასდროს მომინდება იმ ქვეყნის ინსტიტუციის მხარდაჭერა, რომელიც ჩემი ქვეყნის ოკუპანტია".

ნანიკო მღებრიშვილი