ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის ქალის მკურნალ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა? - რას ამბობენ აქციის მონაწილეები? - კვირის პალიტრა

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის ქალის მკურნალ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა? - რას ამბობენ აქციის მონაწილეები?

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის მკურნალ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაშლა გადაწყვიტეს.

„როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, მკურნალ ექიმს ეკა ფუტკარაძეს უფლებამოსილება შეუჩერდა. ჯანდაცვის მინისტრს დაველაპარაკებით და თუ ეკა ფუტკარაძეს უფლებამოსილება მართლა შეუჩერდა, ვიშლებით, თუ არადა, აქციებს გავაგრძელებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მას გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "მელანო ექიმებმა მოგვიკლეს..."

"ინტერპრესნიუსი"