"როცა წერს, მტრისას!.." - დიდოსტატის იუბილე
26-03-2019
"როცა წერს, მტრისას!.." - დიდოსტატის იუბილე
ფოტო:გურამ დოჩანაშვილი
2019 წელი ორმაგად გურამ დოჩანაშვილის წელიწადია - 80 წლის იუბილე და ნათელა სეფიაშვილთან თანაცხოვრების 55-ე წლისთავი!

თანამედროვეობის ერთ-ერთ გამო­რ­ჩეულ­ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს 26 მარტს 80 წელი შეუსრლდა და ამიტომაც­ თამამად ვიტყვი - 2019 წელი გურამ დოჩანაშვილის წელიწადია. "კვირის პალიტ­რა"­ დაბადების დღეს გილოცავთ, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ, საკუთარ თავს კი - ულევად თქვენს შემოქმედებას!

კარგად იცით, რომ მასთან ტრადიციული­ ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი სტატიაც - მისი საიუბილეო­ მოსიყვარულება-მოფერება კვლავ ჩვენეულ-ტრადიციული
იქნება - ბატონი გურამისა­ და ქალბატონი ნათელა სეფიაშვილის, მწერლის უსაზღვროდ მზრუნველი მეუღლის გზადაგზა ნაამბობიდან ამოკრებილი.

"რა გგონიათ, მხოლოდ მაქებ­ენ?"


ერთხელ საუბარს ღიმილით მოაყოლა: მწერალი არ დაბადებულა ისე, თავისით, მით უფრო, მე როგორ დავიბადებოდი? არ არსებობს მწერალი, კომპოზიტორი, მხატვარი:­ მწერალი არის გადამწერი,­ კომპოზიტორი
- გადამმღერებელი, მხატვარი­ - გადამხატავი, მთავარი კი შენ უნდა ამოიცნო - ყველაფრის შემოქმედიო.

პირველად მოთხრობა რომ მიუტანია­ დასაბეჭდად, მავანს უთქვამს, სხვა საქმეს მოჰკიდე ხელიო. გაბრაზებულს მისი სახელის პირველი ასო ამოუკაწრავს კედელზე­ და ყოველდღე იმეორებდა, ეს როგორ მითხრაო.
გურამ დოჩანაშვილი მეუღლესთან ერთად
- რა გგონიათ, მხოლოდ მაქებ­ენ? - საუბარმა მოიტანა და მითხრა. - მახსოვს­, 1971 წელი იქნებოდა, ჩემი მეოთხე­ თუ მეხუთე წიგნი რომ გამოვიდა, საჩუქრად დავარიგე, მაგრამ ბებიაჩემის მკვიდრი დეიდაშვილი, კატუტა ბებია გამომრჩა. მაშინ იაფი იყო და იოლად ყიდულობდა ხალხი წიგნს, ამიტომ ჩემი პროზა 3 დღეში დახლებიდან გაქრა. ბებიამ დამტუქსა, შე უსინდისო, კაკუტა რავა გამოგრჩაო? რაღა მექნა? ერთმა კეთილმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ სამი მაღაზიაა, მესამესთან არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს და იქ ქართული წიგნები დიდხანს ძლებსო. ძლივს­ მივაკვლიე მაღაზიას, შევედი და ახალგაზ­რდა გამყიდველთან ჩემი წიგნი მოვიკითხე, თუმცა ვინაობა არ გამიმხელია. მოკლედ მომიჭრა, იყო და გათავდაო! რომ წარმოვიდგინე ბებიაჩემი კაკუტა და ისიც, რა მომელოდა, მოვიწყინე. გამყიდველმა ეს შენიშნა და მანუგეშა, რატომ მოიწყინეთ? მე ეგ წიგნი წავიკითხე და თავიდან ბოლ­ომდე სისულელეაო, - გულიანი სიცილით დამისრულა თხრობა.

ბავშვობის ოინები


არაჩვეულებრივი კაცი იყო ჩემი სკოლის­ მეგობარი ჯონდო მეტრეველი. დღედაღამ ერთად ვიყავით, - იხსენებს ბატონი გურამი­ განუყრელ მეგობარს.­
თურმე ბატონ გურამს ბებია ხან მეგობ­რებთან დაეძებდა, ხან ქუჩაში. ერთხელ ბატონი გურამი თანაკლასელ მერცია სულაქვ­ელიძეს გრძელი პალტოთი მისდგომია­ შინ. პალტოს შიგნიდან, საყელოსთან, თოფის­ ლულა მოუჩანდა. თუ იცით, რა მაქვს ამის ქვეშო? - უკითხავს მერციასა და მისი უმცროსი დისთვის. თოფიო, - მოკლედ მოუჭრია მერციას დას. როგორ მიხვდიო? - გაოცებულა და დაუყოლებია,­ - ეს კისტის თოფი ბაბუაჩემმა მიყიდა, იქნებ სახლში დაჯდეს და გაერთოსო. მე კიდევ ამიანად წამოვედიო, კვდებოდა თურმე სიცილით...
პატარა გურამი
ბატონ გურამს აბსოლუტური სმენა ჰქონია და ვიოლინოზეც არაჩვეულებრივად­ უკრავდა. ერთხელ ცნობილი დირიჟორი ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი ჩამოსულა და ბატონი გურამის ბებიას, ქალბატონ მერისა­ და ჯონდო მეტრეველის დედას ბიჭები ოპერაში "კარმენზე" წაუყვანიათ. მეგობრებს ძალიან ეზარებოდათ სპექტაკლზე დასწრება და გეგმა შეუმუშავებიათ: პირველი ანტ­რაქტის შემდეგ ვითომ დააგვიანეს­ დარბა­ზში, კარი დაკეტილი დახვდათ და გალი­ორკაზე ავიდნენ, არადა, მერციას მისდგომიან შინ, თან რადიო ჩაართვევინეს, ოპერიდან პირდაპირი ტრანსლაციისთვის რომ ესმინათ, ემანდ, რაიმე რომ მოხდეს, არ გავიყიდოთო, მესამე მოქმედებისთვის კი მიბრუნებულან ოპერაში...

მორზეს ანბანით გავრცელებული ხმა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ციხეში


- 31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ­ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი ვოვა სიხარულიძე ბაკურიანში ვიყავით, ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო­ კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით...

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა ორგანიზაცია "გორგასლიანი" ჩამოაყალიბეს და რუსთაველის პროსპექტზე­ პროკლამაციები გააკრეს. მათ მეგობარ გოგონებს მწარედ დაამახსოვრდათ ბიჭების სასამართლო პროცესი. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და, მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ იმ ჭუჭრუტანას აკრული. მაშინ გურამ დოჩანაშვილი­ ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი მოგვ­იანებით გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც ჯონდო მეტრეველისგან მოისმინეს. ეს უკანასკნელი ჰყვებოდა, ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ბატონი ჯონდო­ საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე, გამოთვლით, ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა,­ ზვიადის დაბადების დღეაო, დროც "უკარნახა" და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: "ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!"
ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი

"რა დრო გასულა?"


2019 წელი ორმაგად გურამ დოჩანაშვილის წელიწადია - ნათელა სეფიაშვილთან თანაცხოვრების 55-ე წლისთავი!

- გაინტერესებთ, როგორი იყო მასთან­ თანაცხოვრება? - მეკითხება ქალბატონი­ ნათელა და თავადვე განაგრძობს, - ძალ­იან რთული. გაცნობის დღიდან ჩვენი მთავარი შეხების წერტილი და ბრძოლის ველი ბოთლი იყო, სხვა პრობლემა არასდროს შეგვქმნია. სანამ ნაგვის ბუნკერი გვქონდა, სასმელს პირდაპირ ვუშვებდი­, ახლა ეზოში უნდა ჩავიტანო. ბოლოს, შტოფი რომ მოიტანეს, ავაყირავე და მეშვიდე სართუ­ლიდან პირველ სართულამდე ღვინის მდინარე ჩადიოდა. ამ ბრძოლაში ტომები დაიწერა. განა სმის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ წვეთიც რომ დაალევინონ, ვეღარ ჩერდება.

"სპილო დიდია ძაღლზე,/ მელა - მარდი­ და ფლიდი./ შენ ხარ პატარა თაგვი,/­ მე კი კატა დიდი და/ ბოლოს დაგიჭერ მაინც..." - ეს სახუმარო სტრიქონები­ გურამმა­ ჩვენი ურთიერთობის გარიჟრაჟზე­ დაწერა, 5 წელიწადის განმავლობაში მართლაც დაჭერობანა გვქონდა... ერთხელ ზემელზე გადამყიდველთან ნაყიდი ჰემინგუეის ტომებით უნივერსიტეტში გახარებული შევდიოდი, გურამს რომ დავუნახივარ, უფიქრია: მე მწერალი გამოვალ, ამას კი წიგნის კითხვა უყვარსო და ასე დამადგა თვალი.
გურამ დოჩანაშვილი და ნათელა სეფიაშვილი
პირველ კურსზე უცხო ენების ფაკულტეტზე გერმანულ ენას ვსწავლობდი და შილ­ერის საღამოზე ჟანა დ,არკს ვთამაშო­ბდი. ამიტომ პირველი კორპუსის ბაღში ხშირად შევრბოდი და გამოვრბოდი, ესენი­ კი: ზვიადი, მერაბი, გურამი, ვოვა, ნაციხარების შაიკა, ისხდნენ და მირევდნენ. სპექტ­აკლიდან ჩემი ერთი რეპლიკა­ რომ წამოიძახა ვოვამ, გურამმა თავში ჩაათხლიშა ხელი. კი გამიკვირდა, რატომ აეწვა კუჭი-მეთქი?

ჩვენი პირველი შვილი ქეთო და გურამის პირველი წიგნი ერთად გაჩნდა 1966 წელს, ჩვენი ვაჟის, ირაკლის დაბადება კი მის მწერალთა კავშირის წევრობას დაემ­თხვა 1968 წელს... რა დრო გასულა? 55 წელიწადია, გურამის ცოლი ვარ...
ჟურნალისტებს რომ გაურბის, სულ ვეუბნები, მკითხველს შეკითხვები უჩნდება და რა უფლება გაქვს, უარს რომ ეუბნები-მეთქი. მაგრამ როცა წერს, მტრისას! მთლიანად არის როლში შესული... ყველაზე მშვიდი პერიოდია, როცა ბეჭდავს.

დიდოსტატი


ერთხელ ბატონმა გურამმა მითხრა: 20-25 წლისას მკითხეს, როგორი უნდა იყოს ყოველი მიმართულების ხელოვანიო?­ მეგონა,­ კარგი რამ მოვიფიქრე და ვუპასუხე:­ მისი ყოველი ნაწარმოების მოსმენის, დანახვის ან წაკითხვის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის-მეთქი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მთელი ბიბლია სწორედ ამაზეა - ადამიანი­ გახდეს უკეთესი... გამოდიან ტელევიზი­ით და ილანძღებიან, ჰგონიათ, ამით ამაღლდ­ებიან. ეს დაღუპვაა: ის მტერი­ ისევ ისეთად­ რჩება და ესენი სხვისი ლანძღვით კიდევ უფრო ქვეითდებიან. ბავშვებს­ ვურჩევ, არასდროს დაიჯერონ მათი, ვისაც­ არაფერი მოსწონს. სხვისი კარგი ვისაც უხარია, ის არის გამართლებული და დიდი შემოქმედი, ხოლო ვინც ამბობს, ეს ვინ არისო, ის ხელმოცარულია... დღეს ყველას ლიდერობა სურს. თუ წაიკითხავთ წმინდანთა­ ცხოვრებას, ნახავთ, რომ ყველა მათგანი უარს ამბობდა წინამძღოლობაზე, ცოდვილებად მიაჩნდათ თავი და განდეგილობით თუ ნებისმიერი საქმით ცოდვების გამოსყიდვას ცდილობდნენ. დღეს გინახავთ, რომელიმე ლიდერობის მსურველს ეთქვას, შევცოდეო?..

ამ ძნელ დროში რას აჩვენებენ ბავშვებს? ჩვენს დროში ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნაწარმოებების მიხედვით გადაღე­ბულ მულტფილმებსა­ და "ფიფქია და შვიდ ჯუჯას", "ბემბის" ვუყურებდით, ახლა კი უჩვენებენ ნევრასთენიკ, გადარეულ ბატებს და ა.შ. აჩვევენ ბავშვებს­, რა ჩვეულებრივია­ მკვლელობა, მშობლები კი ამბობენ, რა უჭირს, ბავშვი თავისთვის­ არის და უყურე­ბსო. თავისთვის კი არ არის, იწამლება. უწმინდესი ხშირად იმეორებს: ბიბლია არის წიგნი, რომელიც შეიძ­ლება ყოველ ასაკში იკითხოო. მან თქვა: 3 თუ 4 წლის ბავშვს­ ჰკითხეს, ღმერთი რა არისო? ღმერთი ისეთი დიდია, ყველაფერს იტევს და თან ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო. ამიტომ ამ ბავშვების გულში რომ ღმერთია, უფროსებმაც და თავად ბავშვებმაც ის ღმერთი უნდა გაახარონ.

საფრანგეთში კარგი წესი აქვთ: ხელოვანი რომ გარდაიცვლება, 10 წლით ჩვეულ­ე­ბრივ სასაფლაოზე კრძალავენ,­ რადგან ზოგიერთი თავისი საქციელით იხვეჭს პოპულ­არობას და 10-15 წლის შემდეგ, როგორც ემახსოვრებათ, იმის მიხედვით დაკრძალავენ ჩვენი მთაწმინდის მსგავს საპატიო ადგილას.

ჯავახელი
03 აპრილი 2019 09:42
გილოცავთ ბატონო გურამ! მადლობა იმ ლამაზი წიგნებისთვის რომელიც ქართველ ერს აჩუქეთ! უფალმა დაგლოცოთ და დიდხანს ბედნიერად, ჯანმრთელად და ნაყოფიერად გაცოცხლოთ!!!
!!!!!!!!!!
31 მარტი 2019 17:49
შენ გენაცვალოს მთელი საქართველო,გილოცავთ ბატონო გურამ, დიდხანს სიცოცხლეს, და განმრთველობას გისურვებთ, დრო რა დაუნდობელია,სად მიდის ის ლამაზი გარეგნობა? ბოლოს უკვე ლამაზი სულის ადამიანი რჩები ფიზიკური კი იცვლება
დათო
26 მარტი 2019 17:07
მთელი გულით და სულით ვულოცავ ბატონ გურამს იუბილეს!!! ნამდვილი მამულიშვილი, ღირსეული ქართველი, ცოცხალი კლასიკოსი!!! თავდადებული მართმადიდებელი!!! სამაგალითო პიროვნება!!! ასეთი ადამიანებ საუკუნეში ერთხელ , შეიძლება არც, იბადებიან!!! ვუსურვებ მყარ ჯანმრთელობას!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?