"საქართველოში პირველი პოლი­ცი­ელი ქალი ვარ, რომელიც საერთ­აშორისო მისიაში მონაწილეობდა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში პირველი პოლი­ცი­ელი ქალი ვარ, რომელიც საერთ­აშორისო მისიაში მონაწილეობდა"

"ჩვენი ბაზის გენერალი, პორტუგალიელი ერმილიო მაილო ქართველებს მფარველ ანგელოზებს გვეძახდა"

"სამშობლოს სადარაჯოზე ვდგავარ და ჩემს ქვეყანასა და ხალხს ვემსახურები. დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ვასრულებ და ვიცი, ასე გაგრძელდება ჩემი ცხოვრება. ისიც ვიცი, რომ როგორც უნდა წავიწიო კარიერულ კიბეზე, ყოველთვის ვიქნები სამართლიანი და არასოდეს დავჩაგრავ სუსტს", - ეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, პოლიციის მაიორ თამარ კიკნაძის სიტყვებია. ახლახან დაბრუნდა ცენტრალური აფრიკიდან, სადაც ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო მისია EUTM RCA -ში მონაწილეობდა.

- მეთერთმეტე წელია, რაც საქართველოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია პატრულირებს. საქართველო, როგორც თანაბარი პარტნიორი, ევროკავშირის ცენტრალური აფრიკის სამხედრო მისიაში მონაწილეობს.

- საქართველომ ამ მისიებში 38 მებრძოლი დაკარგა, ასე რომ, როცა განვუცხადე ჩემს ხელმძღვანელს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს სერგო ძაგნიძეს ჩემი განზრახვის შესახებ, მაშინვე მიპასუხა, მერე დედაშენს რა ვუთხრაო...

- დედას, რომელმაც ერთი შვილი უკვე შესწირა სამშობლოს... - ჩემი ძმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლიციის აკადემიის 17 წლის კურსანტი გოგიტა კიკნაძე გმირულად დაეცა გაგრაში. დედა მთელი თხუთმეტი წელი ვერ იჯერებდა, რომ შვილი მოუკლეს, რადგან არ არსებობდა უტყუარი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. დღემდე არ ვიცით, აქვს თუ არა, ან სად არის ჩემი ძმის საფლავი. საფლავის ნაცვლად, გმირთა მოედანზე ჩვენი გმირი ბიჭების მემორიალთან მივდივართ და სანთელს ვანთებთ.

- დედათქვენი, ქალბატონი ელენე, წლების განმავლობაში ეძებდა შვილს. - ჯერ მამასთან ერთად დაეძებდა, შემდეგ ჩემი ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამა ხელიდან გამოგვეცალა უეცარი ინსულტით და დედამ მარტომ გააგრძელა ლოდინი. უამრავი გარეწარი ცდილობდა ჩვენი ოჯახის მწუხარებით ესარგებლა და რამე გამოეძალა. გამუდმებით მოდიოდა ცნობები გოგიტას ვითომ სამყოფლის შესახებ, ხან ცოცხალს და დასახიჩრებულს აღგვიწერდნენ, ხან დატყვევებულს. სად აღარ იყვნენ ჩემი მშობლები შვილის კვალის საძებნელად. ერთ-ერთმა ასეთმა "კეთილისმყოფელმა", ოსმა მუსტაფამ მთელი თვე მოანდომა მამაჩემის დარწმუნებას, რომ ცოცხალ შვილს დაუბრუნებდა. მერე დაღესტანში შვილის "ჩამოსაყვანად" ჩასულ მამას სოლიდური თანხა გამოსძალა და ტყეში მიატოვა... ერთ დღეს, 15 წლის შემდეგ, ჩვენმა ახლობელმა უთხრა დედაჩემს, დროა დაიჯერო, რომ შვილი აღარ გყავსო. ჰოდა, შეეგუა შვილის დაკარგვის ამბავს.

- თქვენი დაც სამხედროა. ეს ოჯახური ტრადიციაა? - არა, ერთადერთი, რაც ჩვენს ოჯახს ამ საქმესთან აკავშირებდა, ის იყო, რომ დედა უშიშროების პოლიკლინიკაში მსახურობდა. გოგიტა ბავშვობიდან ხშირად აკითხავდა დედას სამსახურში, რომ ფორმიანი კაცები ენახა. პატარა, თვალებანთებულ ბიჭს ისინიც ანებივრებდნენ ყურადღებით. ჩემი და, მაიკო, აგვისტოს ომის მონაწილეა, ვეტერანი... პატარა ვიყავი, როცა უკვე ვიცოდი, რომ სამხედრო გამომძიებელი გავხდებოდი. 11 წელი ვიმუშავე მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამომძიებლად, 2012 წლიდან თავდაცვის სამინისტროში გადავედი. ამასობაში გავთხოვდი და ვაჟი, ტარიელი შემეძინა, რომელსაც ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება. ჩვენს სკოლას, 182-ე საშუალო სკოლას, ჩემი ძმის სახელი მიანიჭეს, ჩვენი სახლის წინ, პატარა სკვერში, გოგიტას მემორიალი აღვმართეთ, სადაც ხალხს წყლის დალევა და დასვენება, დედაჩემს კი სანთლის ანთება და ჩამოჯდომა შეუძლია.

- 2016 წელს თქვენ პირველ, ყველაზე საპასუხისმგებლო NATO –ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩაერთეთ. - საქართველოში პირველი პოლიციელი ქალი ვარ, რომელიც საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა. ავღანეთში, ქაბულში, სამშვიდობო ბაზაში ქართულ გაძლიერებულ ასეულთან ერთად შვიდი თვე გავატარე... მისიაში რეალობას შეულამაზებლად ხედავ. მძიმეა ქართული ფსიქოტიპისთვის იმ გაჭირვების ყურება, რომელშიც იქაურები ცხოვრობენ. მოსახლეობასთან ჩვენი ურთიერთობა შეზღუდული იყო, მაგრამ, როცა ეს დასაშვები გახლდათ, ჩანდა, რომ ქართველების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი არიან. არასდროს დამავიწყდება მათი ბედნიერი თვალები, როდესაც ჩვენს წილ წყალს ვუნაწილებდით.

- ის შვიდი თვე ძალიან გაიჭიმა? - მთავარია, ოჯახთან კავშირი გქონდეს. რადგან ეს შესაძლებლობა გვქონდა, შედარებით მშვიდად ვიყავი, ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ დრო გაიჭიმა, იქ ყოფნა ჩემი კიდევ ერთი, ახალი სიცოცხლე იყო.

- პირდაპირი მნიშვნელობით, ხელახლა ბაგრამის შემდეგ დაიბადეთ. - ეს 2017 წელს მოხდა და ის დღე მთელმა საქართველომ იგლოვა. მაშინ ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაში 750 ქართველთან ერთად ვმსახურობდი. ყველაზე რთული ამ სამი მისიიდან 2017 წელი იყო, იმ პერიოდში ძალიან გახშირდა თავდასხმები. ექვს დღეში ტერორისტული აქტების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო, ოთხი მეომარი დაგვეჭრა, შემდეგ ხუთდღიანი ინტერვალით კიდევ ორჯერ დაესხნენ თავს ქართველ სამხედროებს. მაშინ დაიღუპა მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე კი დღემდე მკურნალობს ვაშინგტონში.

- ცენტრალური აფრიკის მისია, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დასრულდა. - იქ ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულთან ერთად ვიყავი. ბაზის გენერალი, პორტუგალიელი ერმილიო მაილო ქართველებს მფარველ ანგელოზებს გვეძახდა.

ბიჭების მხარდამხარ ყველაფერში ვმონაწილეობდი. იშვიათად თავისუფალი დროც გამომიჩნდებოდა და აფრიკელებს ქართულ სიმღერას, სიტყვებს ვასწავლიდი, ჩვენს ისტორიას ვუყვებოდი, ვაყურებინებდი ფირს საქართველოს შესახებ. აფრიკელები თამარიას მეძახდნენ. რაც შეეხება ქალებს, მე ახლა პორტუგალიელი, ფრანგი, ესპანელი, აფრიკელი სამხედრო მოსამსახურე ქალები მყავს დაქალებად.

- ამერიკელები უამრავ ფილმს იღებენ საკუთარ არმიაზე. ზოგჯერ დაუჯერებელსაც. აი, მიწიდან რომ ჩნდებიან ქვაკაცა თუ რკინაკაცა ჯარისკაცები, ჩვენებიც ასეთები არიან? - დიახ, ჩვენც ქვაკაცები და რკინის კაცები გვყავს არმიაში და ვჩნდებით იქ, სადაც დახმარებაა საჭირო.

- ასეთი მომზადებული სამხედროები რომ გვყოლოდა აფხაზეთში, ახლა სხვა სურათი გვექნებოდა? - ძლიერი არმია და მაღალი დონის შეიარაღება უნდა ჰქონდეს თუნდაც ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა. ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ ძალიან დიდად აღგვიქვამენ პარტნიორები, გვცემენ პატივს, მზად არიან თანამშრომლობისთვის.

- ამჟამად შვებულებაში ხართ? - 5 მარტს დავბრუნდი. აფრიკიდან წამოსვლამდე ბრიუსელიდან წვეული მაღალი რანგის სამხედროებისთვის შეხვედრა გავმართეთ, სადაც ყველა ქვეყანას თავისი სამზარეულოც უნდა წარედგინა. ცენტრალურ აფრიკაში გამოვაცხვეთ ხაჭაპური და ხინკალიც მოვახვიეთ. ქართული დროშებით, ატრიბუტიკით, საქართველოს ულამაზესი ფოტოებით მოვრთეთ ჩვენი კუთხე.

- უამრავი მედალი და ჯილდო გაქვთ. - ეს მედლები და ჯილდოები ჩემი ძმის გზის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ, იამაყებდა ჩემით.

დეა ცუცქირიძე