რატომ ატანდნენ საყვარელ ადამიანებს ცხოველთა სკულპტურებს სამარხებში? - რას გვიამბობენ ათასწლოვანი ღვთაებები - კვირის პალიტრა

რატომ ატანდნენ საყვარელ ადამიანებს ცხოველთა სკულპტურებს სამარხებში? - რას გვიამბობენ ათასწლოვანი ღვთაებები

ნეკრესის ტაძარი, ალბათ, ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში, რომელსაც დღესაც ღორებს სწირავენ. თუ რატომ, კახელები ამას ყიზილბაშობასთან დაკავშირებული ლეგენდით ხსნიან. ამბობენ, როდესაც ყიზილბაშები ნეკრესს ასაოხრებლად შეესივნენ, ტყიდან ტახების ჯოგი გამოვარდა და მომხდურებს დაერია, ზოგი ტახებმა დაფლითა, ზოგმა კი თავს გაქცევით უშველაო. ლეგენდა ხშირად არც ტყუის. თუმცა მეცნიერული მტკიცებულებანიც არსებობს: უძველესი არტეფაქტების მიხედვით, ტახი ქართველური ტომების ღვთაება ყოფილა, რომლის ქანდაკებებს საყვარელ ადამიანებს იმ ქვეყნადაც ატანდნენ. ფრანგმა მეცნიერებმა უახლესი რადიოკარბონული მეთოდებით სწორედ ახლახან დაადასტურეს, რომ წიწამურის სამარხში აღმოჩენილი ღორის ქანდაკება ქრისტემდე დაახლოებით 22-21 საუკუნით ადრეა გაკეთებული, თანაც ეგვიპტის ფაიანსით!

არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი ქეთევან რამიშვილი სწორედ ის მეცნიერია, რომელმაც წიწამურიდან ნეკრესამდე უძველესი ქართული ტომების ამ საკულტო ღვთაების მრავალი სკულპტურა შეისწავლა.

- უძველეს ქართველურ სამარხებში აღმოჩენილ ხარის საკულტო ქანდაკებებზე ხშირად ყოფილა საუბარი, - ხარი ხომ მიწათმოქმედებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ტახიც ქართველური ტომების საკულტო ღვთაება იყო?

- როდესაც უძველეს სამარხში რომელიმე ცხოველის ფიგურა გხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ცხოველი საკულტო ღვთაებაა და ხალხი მას აღმერთებდა, რელიგიურ რიტუალებში სცემდა თაყვანს. საყვარელ ადამიანებსაც მხოლოდ იმ განზრახვით ატანდნენ მსგავს სკულპტურებს სამარხებში, რომ ღვთაება მათ იმ ქვეყნად დახმარებოდა. არა მხოლოდ სამარხში ჩატანებულ სკულპტურებზე, ღორები დიადემებსა და ბეჭდებზეც არიან გამოსახული. ვანში მოპოვებულ საუცხოო საგანძურზე სწორედ ღორების გამოსახულებებია ამოტვიფრული, თანაც საოცარი ოსტატობით. ოქროს დიადემაზე გამოსახული ტახი ლომებსაც კი ერკინება. ვანის საგანძურშია მოპოვებული საუცხოო ვერცხლის ბეჭედი, რომლის შუაგულში მხოლოდ ღორის ფიგურაა ოქროს ზოლით გარშემორტყმული! სხვათა შორის, სწორედ ამ ოქროს შტრიხის გამო ვარაუდობენ, რომ ბეჭედი ჩვენს კოლხურ სახელოსნოშია დამზადებული.

- წიწამურის სამარხში აღმოჩენილი ტახის ეგვიპტური ფაიანსის სკულპტურა ხომ იმას ნიშნავს, რომ ქართველური ტომები იმ დროისთვის ისეთ საოცარ ქვეყანაშიც დადიოდნენ, როგორიც ფარაონების ეგვიპტე იყო. ან იქნებ პირიქით, თავად ეგვიპტელი ვაჭრები ჩამოდიოდნენ. - ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იმ დროისთვის აღმოსავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ტახის სკულპტურები მთელ საქართველოში გვხვდება. სხვათა შორის, სწორედ ნეკრესის ტაძართან, სოფელ შილდაშიც არის მოპოვებული ტახის უძველესი სკულპტურები, თანაც ისეთ ობიექტზე, სადაც მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი კულტურის შრეებია. მათ შორის არის უძველესი წარმართული სამლოცველოს ნაშთები, რომელზეც დაუშენებიათ სასანიდური ირანის დროინდელი სამლოცველო. ამავე სამარხში კიდევ ერთი მრავლისმეტყველი არქეოლოგიური არტეფაქტიც იყო - თასი, რომელზეც ერთდროულად არის გამოსახული ტახიც და ქრისტიანული ჯვარიც. ჯვარი იმას ნიშნავს, რომ ამ თასის პატრონი ქრისტიანი ყოფილა.

- რომლისთვისაც წარმართულ ღვთაება ტახს ჯერ კიდევ არ დაეკარგა მნიშვნელობა. - კულტურათა ერთმანეთში გადასვლას ასეთი ნიუანსები ხშირად ახლდა. თუმცა ზოგიერთი წეს-ჩვეულება საოცრად მყარად რჩებოდა. ის, რომ ჩვენს დროში ნეკრესის ტაძარს ღორებს სწირავენ, იმ უძველესი ცნობიერებიდანაც მოდის, როცა ტახს საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. ასე იყო სხვაგანაც. მაგალითად, მარტვილის სოფელ მუხურჩაში იპოვეს ღორის სკულპტურა, რომელიც ქრისტემდე VIII-VII საუკუნეებში ჩამოუსხამთ.

ტახების უძველესი სკულპტურებიდან ზოგიერთი წელში შეზნექილი და გახვრეტილია. მაგალითად, ასეთია ნარეკვავის VI-V საუკუნეების ტახი. სავარაუდოდ, მას შეზნექილი მუცლით რომელიმე სარიტუალო ნივთზე ამაგრებდნენ.

ძალიან მიყვარს სიტყვა "მემკვიდრეობითობა", რომელიც მიუთითებს, რომ უძველესი ისტორიიდან ამა თუ იმ ხალხს მემკვიდრეობით ზოგი რამ გადაეცემა და არსებობას საუკუნეების განმავლობაში არ წყვეტს, ჩვენ კი ძლიერი და ხელოვანი ხალხის მემკვიდრეები ვართ, რომლმაც ბევრი კულტურა და ომი გამოიარა და დღემდე მოვიდა.