ნაზარბაევი წავიდა!.. გაუმარჯოს ნაზარბაევას?! - კვირის პალიტრა

ნაზარბაევი წავიდა!.. გაუმარჯოს ნაზარბაევას?!

19 მარტს, თითქმის 30-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, ნურსულთან ნაზარბაევმა გადადგომის თაობაზე ყაზახეთის მოსახლეობას ტელემიმართვით აცნობა და პირდაპირ ეთერშივე მოაწერა განკარგულებას ხელი. "ელბასი", ანუ "ერის მამა", როგორც მას ყაზახეთში მოიხსენიებენ, წავიდა, მაგრამ არც ისე შორს...

"ვრჩები უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად, მმართველი პარტიის "ნურ ოთანის" თავმჯდომარედ და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად. ასევე ვრჩები თქვენთან, როგორც ქვეყნის ერთი მოქალაქე", - განაცხადა მან ტელემიმართვისას.

როგორც ამბობენ, ის კვლავაც ქვეყნის რეალური მმართველი იქნება და ეს პოლიტიკური ნაბიჯი ემსახურება ძალაუფლების მისი ქალიშვილისთვის, დარიგა ნაზარბაევასთვის ხავერდოვნად გადაბარებას.

მან მამის გადაწყვეტილების კვალდაკვალ დაიკავა ყაზახეთის პარლამენტის ზემო პალატის სენატის თავმჯდომარის პოსტი, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

საინტერესოა, რომ ტოკაევის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება შეეხო ყაზახეთის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას - კონსტიტუციური ცვლილების თანახმად, ექსპრეზიდენტის პატივსაცემად ასთანას ნურ-სულთანი დაერქვა. ნურსულთან ნაზარბაევის სახელი მიენიჭა ასევე ყველა დიდი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა არ გამორიცხავენ ვადაზე ადრე გამართვასაც. სავარაუდოდ, სწორედ ამ არჩევნებზე წარადგენენ დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას. ის 55 წლისაა და 2016 წლიდან სენატის წევრია, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

30-წლიანი მმართველობის შუქჩრდილები

ნურსულთან ნაზარბაევი 1990 წლის აპრილში ჯერ კიდევ ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, მანამდე კი წარმატებული პარტიული კარიერა ჰქონდა - ჯერ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, შემდგომ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე იყო, განვითარებული მოვლენების გამო 1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ, რის შედეგადაც ნურსულთან ნაზარბაევი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა.

1995 წელს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც მას პრეზიდენტის უფლებამოსილება 2000 წლამდე გაუგრძელეს, 2000 წლიდან კი ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში ნაზარბაევი იმარჯვებდა 80%-იანი და მეტი მხარდაჭერით.

მიუხედავად იმისა, რომ ის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებდნენ ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებების შელახვაში, ბევრს წერდნენ მისი პიროვნების კულტზე, ფაქტია, რომ ის იქცა განვითარების გზაზე მდგარი ახალი სახელმწიფოს არქიტექტორად, რომელიც უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა ცენტრალურ აზიაში.

პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილსა და მის სავარაუდო პოლიტიკურ მემკვიდრე დარიგა ნაზარბაევასთან, და კარგად იცნობს მის გარემოცვას, ამბობს, რომ ნურსულთან ნაზარბაევის ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა შემთხვევითი არ ყოფილა:

"ის იყო გონიერი მმართველი, რომელიც ცდილობდა ქვეყნის მართვისას დაებალანსებინა ურთიერთობები როგორც საგარეო ასპარეზზე, ისე ქვეყანაში იმგვარად, რომ მორგებოდა ადგილობრივ ტრადიციებსაც და მცირე დემოკრატიული ელემენტებიც შეეტანა. მის ერთ-ერთ საეტაპო გადაწყვეტილებად მიიჩნევა 1997 წელს დედაქალაქის ალმა-ათიდან ასთანაში (უკვე ნურ-სულთანი - ნ.დ.) გადატანა, რაც ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გახლდათ.

ის ზრუნავდა ყაზახთა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც. მოგეხსენებათ, ყაზახეთი მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც ყაზახი ერი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, თუმცა მისი მმართველობის დროს ეს უარყოფითი ბალანსი ნელ-ნელა დადებითი ტენდენციისკენ წავიდა. უმთავრესი კი, რასაც მას განსაკუთრებულად უფასებენ, იყო და არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, მაშინ, როდესაც ყაზახეთის მეზობლად, შუა აზიაში, თითქმის ყველგან, ომი და კონფლიქტები იყო".

მამა და ქალიშვილი

ნურსულთან ნაზარბაევს სამი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა მათგან მხოლოდ უფროსმა - დარიგამ მოისურვა პოლიტიკაში მოღვაწეობა. მიღებული განათლებისა და პოლიტიკური კარიერის გათვალისწინებით, მას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მიიჩნევდნენ მამის პოლიტიკურ მემკვიდრედ და პრეზიდენტის პოსტზე შემცვლელად, თუმცა მის მეუღლე რაჰიტ ალიევთან დაკავშირებულმა სკანდალმა მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა, მეტიც, 2007 წლიდან ის საერთოდ გაქრა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპარეზიდან და მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა, როდესაც პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს.

რაც შეეხება სკანდალს, 2007 წელს რაჰიტ ალიევი დაადანაშაულეს "ნურბანკის" ორი ტოპმენეჯერის გატაცებასა და მათთვის ფულის გამოძალვის ორგანიზებაში. მან მოახერხა ავსტრიაში გაქცევა, სადაც მანამდე ყაზახეთის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა და წარმოადგენდა ქვეყანას ეუთოშიც. თუმცა შემდგომ ნურსულთან ნაზარბაევის რადიკალურ ოპოზიციაში აღმოჩნდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დარიგა ნაზარბაევა თავდაპირველად ქმრის პოზიციას იცავდა, რის გამოც მამასთან დაპირისპირებამ მოუწია, თუმცა მოგვიანებით ქმარს ოფიციალურად გაშორდა. ავსტრიის სამართალდამცავებმა ალიევი 2011 წელს დააკავეს, თუმცა მის ყაზახეთში ექსტრადირებაზე უარი თქვეს. 2015 წელს ის საკანში გარდაცვლილი იპოვეს, ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო, თუმცა ამ საქმეზე კითხვები დღემდე არსებობს.

საინტერესოა დარიგა ნაზარბაევას ერთი გატაცებაც: ის წლების განმავლობაში იდგა სცენაზე როგორც მომღერალი და გამართული აქვს არაერთი საქველმოქმედო კონცერტი.

"დარიგა ქარიზმატული ადამიანია, ლიდერის თვისებებით, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება"

ბადრი ნაჭყებია და დარიგა ნაზარბაევა

ბადრი ნაჭყებია: "17 წლის განმავლობაში ვიყავი სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირის" ქართული ფილიალის დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი და სწორედ იმ პერიოდში მომიწია ნაზარბაევის გარემოცვასთან და უშუალოდ ქალბატონ დარიგასთან ურთიერთობამ.

ამ გარემოცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია გადილბეკ შალახმეტოვი, მწერალი, პუბლიცისტი და დრამატურგი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ნაზარბაევის პრესსამსახურს. 1993 წლიდან ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით და სწორედ შალახმეტოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია "მირი", რომლის დამფუძნებელიც 1995 წელს საქართველოც გახდა.

მე 1998 წლიდან ვმუშაობდი გადილბეკ შალახმეტოვთან. კომპანიაში ყაზახეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის სტატუსით დარიგა ნაზარბაევაც მუშაობდა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა 2003 წლამდე გაგრძელდა. დარიგა ენერგიული, აქტიური ქალია. არის არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწე, არამედ ძლიერი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსიც. გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, რომელშიც მნიშვნელოვანი ანალიზია მოცემული. არის მრავალმხრივ ნიჭიერი და ქარიზმატული ადამიანი, ლიდერის თვისებებით, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. ამასთანავე, უშუალო ადამიანია, მისგან არაერთი მნიშვნელოვანი რჩევა მიმიღია, რაც ძალიან გამომადგა "მირის" ქართული ფილიალის ხელმძღვანელობისას.

რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი, ამისთვის დარიგა ნაზარბაევას ყველა მონაცემი აქვს. ქვეყანაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ქმედითი და ეფექტიანი გუნდის შექმნის საოცრად კარგი უნარი აქვს.

მე ვიცნობ მასთან დაახლოებულ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის არის "მირის" ყაზახეთის ფილიალის ხელმძღვანელი ერლან ბეკხოჟინი, რომელიც საპრეზიდენტო ტელევიზიის ხელმძღვანელიცაა.

დარიგა ნაზარბაევა გუნდის ფორმირებისას ცდილობს დაიცვას თაობებს შორის პარიტეტი, რაც ესადაგება ყაზახურ მენტალიტეტს, პატივს სცემს ტრადიციებს. ის კარგად იცნობს ყაზახეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სწორედ ის იყრის პრეზიდენტობაზე კენჭს და საზოგადოებაც მხარს დაუჭერს".

იხილეთ ფოტოგალერეა