"საოცარია, დღესაც როგორ იბრძვიან ფერეიდნელები ქართველობის შესანარჩუნებლად" - კვირის პალიტრა

"საოცარია, დღესაც როგორ იბრძვიან ფერეიდნელები ქართველობის შესანარჩუნებლად"

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" - ამ ქართულენოვანი აბრით ეგებებიან ფერეიდნელები სტუმრებს. ვნახე, როგორ უფრთხილდებიან ისინი საკუთარ წარმომავლობას ზოგიერთი ჩვენი თანამემამულისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რამდენს ცდილობენ, როგორ იბრძვიან ქართველობის შესანარჩუნებლად", - გვიყვება ექსპერტი, კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე, რომელიც ახლახან ირანიდან დაბრუნდა.

- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გახლავართ, სწორედ ჩვენი ცენტრის სახელით მიმიწვიეს ირანში, ქალაქ ყუმში არსებულ ისლამურ უნივერსიტეტში, სადაც მმასპინძლობდა სასულიერო პირი, ფერეიდნელი ქართველი აქბარ მოყადასი, რომლის ქართული გვარი ზუბიტაშვილია.

ირანის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი მოვიარე, უმაღლესი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ისპაჰანის საერო და თეირანის რელიგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. თეირანში შევხვდი ჩემი დარგის სპეციალისტებსაც, კავკასიოლოგებს. კარგად ვიცნობ ისლამურ სამყაროს, მაგრამ ასეთ პირად კონტაქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ყველაზე ემოციური ფერეიდანში ჩასვლა იყო. ამ მხარის მთავარ ქალაქს ოფიციალურად ფერეიდუნშაჰრი ჰქვია, თუმცა იქაურები დღემდე მარტყოფს ეძახიან. ძალიან საინტერესო ქალაქია, მაღალ მთებში, და მოწყვეტილია დანარჩენ ირანულ სივრცეს. ვფიქრობ, ამანაც განაპირობა ის, რომ ადგილობრივმა ქართველებმა ენა ასე კარგად შეინარჩუნეს. შევხვდი იქაურ ყაფლანიშვილებს, ონიკაშვილებს, იოსელიანებსა და ა.შ.

ქალაქში აბრებზე ბევრ ადგილას ქართული წარწერებია. დემონსტრაციულად აკრავენ ამ აბრებს, რათა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინონ თავიანთი ქართველობა.

კარგია, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ უშლის. ადრე ირანში ეთნიკური კუთვნილების წინააღმდეგ დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული, ბოლო 20 წელიწადია, რაც ამ ხალხს თვითგამოხატვის საშუალება მიეცა.

ქართველებს ოჯახებში საკვირაო პატარა სასწავლებლები აქვთ მოწყობილი, სადაც მომავალ თაობას ქართულ ენას ასწავლიან. ეს გავითვალისწინეთ და საჩუქრად წავიღეთ "პალიტრა L-"ის გამოცემული საბავშვო წიგნები, რომლებიც "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობამ გაგვატანა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

იქაურები საჩუქრით ძალიან გავახარეთ. ასევე ჩავიტანეთ ბატონი ზურაბ ცინცქილაძის გატანებული "დედა ენა", რომელიც თურქეთში იმ ქართველი ბავშვებისთვის დაიბეჭდა, რომლებიც უცხოეთში იზრდებიან. იქაურებმა ის წიგნები დამათვალიერებინეს, რომლებითაც შვილებს ასწავლიან ქართულს. მათთვის ნებისმიერ ასეთ ვიზიტსა და საჩუქარს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, უპირველესად კი უმნიშვნელოვანესია ყურადღება. საოცარია, როგორ უფრთხილდებიან ფერეიდნელები საკუთარ წარმომავლობას, როგორ იბრძვიან ქართველობის შესანარჩუნებლად დღესაც.

ისინი ახლა სიხარულით ელიან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ირანში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის პერსონის მიმართ დიდი ინტერესია ირანის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებშიც. შეიძლება ითქვას, საკუთარი სივრცის ნაწილადაც კი აღიქვამენ მას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი შვილების, გვარად გორჯისტანების, მამა სწორედ ირანში დაბადებული ქართველია.