ქართული ეროვნული სამოსის ევროპული ბენეფისი - კვირის პალიტრა

ქართული ეროვნული სამოსის ევროპული ბენეფისი

"ჩვენი მიზანი იყო, ეროვნულ და საბჭოთა საზღვრებში ჩამალული ქართული ეროვნული სამოსი მსოფლიოს ენახა"

გახდება თუ არა მსოფლიო დიზაინერების შთაგონების წყარო ქართული ეროვნული სამოსი? - ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, უახლოესი კოლექციების ჩვენებისას მივიღებთ, ამ ეტაპზე კი ევროპელი საუკეთესო მენეჯერების შერჩევით, ცნობილი იტალიელი ნამუშევრების გვერდით, პირველად Europeana -ზე ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია განთავსდა.

Europeana  კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილესი დიგიტალური პლატფორმაა, რომელზეც მთელი ევროპის მასშტაბით 3 ათასი ინსტიტუციაა გაწევრებული და საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. შედეგად, ქართული ულამაზესი და უძველესი დიზაინის სამოსი მსოფლიომ გაიცნო. პორტალზე განთავსებულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული კოლექცია.

თეონა ჯაყელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსი: - ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა და საქართველოს, ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, ამ ინიციატივაში ოფიციალურად ჩართვის პატივი ერგო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, მას დაქვემდებარებულ ინსტიტუციებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ გამოფენები, კონფერენციები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გამართა, რითაც საქართველო შთამბეჭდავად გამოჩნდა ევროპის მემკვიდრეობის რუკაზე. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ეროვნული კოორდინატორი, ევროკომისიის რეკომენდაციით, Europeana -ს დირექტორ ჰარი ვერვაიენს დავუკავშირდი და შევთავაზე პორტალზე ქართული ეროვნული სამოსის კოლექციის განთავსება. რატომ მაინცდამაინც ამ კოლექციის? იმიტომ, რომ ეს არის ეთნოგრაფიული, თეატრალური, სასცენო და კინოკოსტიუმების უნიკალური კოლექცია, რომელიც წლის შემეცნებითი კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და მის შესახებ სტუდენტებმა კლიპიც მოამზადეს. ვერვაიენი სიამოვნებით დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე.

Europeana  2008 წელს დაფუძნდა და დღეისთვის მის ციფრულ ბიბლიოთეკაში 58 მილიონზე მეტი არტეფაქტი აღირიცხება. ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინსივრცეში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ წარმოჩენა, მით უმეტეს, ისეთ გავლენიან და მზარდ პლატფორმაზე, როგორიც არის Europeana .

ინსტიტუცია განაგრძობს ჩვენთან თანამშრომლობას და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განთავსდება.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: - Europeana -ზე წარდგენილი კოლექცია ხელოვნების სასახლეში 2009 წლიდან გროვდება და ქართული ისტორიული და ეთნოგრაფიული, თეატრალური, ქორეოგრაფიული, საოპერო და კინოკოსტიუმებისგან შედგება.

ევროპული მემკვიდრეობის პორტალზე განთავსდა ფილმის "ქეთო და კოტე" კოსტიუმები, ფარნა ლაპიაშვილისა და იოსებ სუმბათაშვილის საუცხოო ნამუშევრები, ქეთოს ცნობილი კაბა და თავადი ლევანის სამოსი. ამაოდ ვშიშობდით, რომ Europeana -ზე წარმოდგენილი ევროპული სამოსი ჩვენს ქართულ-ევროპულ კაბას დაჩრდილავდა და მის გამოფენაზე უარს იტყოდნენ.

პორტალზე ასევე გამოიფინა სოლიკო ვირსალაძისეული დიდი ქორეოგრაფიული კოლექცია, სუხიშვილების ანსამბლის სამოსი, ერისთავების არაჩვეულებრივი კოლექცია და ქართველი მამლუქების ისტორიული და მხატვრული სამოსი. ჩვენი მიზანი იყო ეროვნულ და საბჭოთა საზღვრებში ჩამალული ქართული ეროვნული სამოსი მსოფლიოს ენახა და არა მხოლოდ დიზაინერების, მხატვრების, კინოხელოვანთა, საზოგადოდ, ხელოვნების მსახურთა შთაგონების წყარო გამხდარიყო. მჯერა, შედეგს მალე ვნახავთ.

ჩვენი კოლექცია უკლებლივ განათავსეს პორტალზე. არადა, გამოცხრილვა ჩვეულებრივი მოვლენაა. მეტიც, ოფიციალურად განაცხადეს, რომ კომისია აღფრთოვანებულია და სიამოვნებით ითანამშრომლებს საქართველოსთან.

ეკა ლომიძე