"ოპოზიციამ ყველაფრის სურვილი გამიქრო"
11-10-2010
"მაგიჟებს მიშისტების მოქმედება - საშინელი მედროვეები არიან"

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი დათო ხურცილავა, იგივე "ჯაპანა" აქამდე ხელისუფლების მოქმედებით იყო აღშფოთებული, მაგრამ ახლა ოპოზიციის უუნარობაც აღშფოთებს.

"აქამდე საშუალება არ მქონია, საჯაროდ გამეკრიტიკებინა ოპოზიცია, რას ჰგავს მათი საქციელი?! ვის დასცინიან და ვის იგდებენ აბუჩად?!" - იმედგაცრუებულია ბატონი დათო, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ოპტიმისტია და სწამს, ყველაფერი კარგად იქნება...

- რეჟისორი ლევან წულაძე ბოკაჩოს "დეკამერონის" მიხედვით სპექტაკლს დგამს. დარწმუნებული ვარ,
მაყურებელი აღფრთოვანდება. მე ერთ-ერთ ნოველაში სასულიერო პირს ვთამაშობ, სხვათა შორის, "დეკამერონში" ყველაზე მეტად ეს ნოველა მომწონს. პრემიერა ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

- ფილმში გადაღებას არ გთავაზობენ?

- ბოლო ხანს მწირი ბიუჯეტის გამო კინოში გადაღებას უჰონორაროდ მთავაზობენ. თუ საინტერესო რეჟისორი შემომთავაზებს საინტერესო ფილმში თამაშს, ანაზღაურების გარეშეც დავთანხმდები.
მაგრამ როდესაც რეჟისორი საინტერესო არ არის და უფულოდ მეპატიჟება, უარს ვეუბნები. იმ ასაკში აღარ ვარ, ეკრანზე გამოჩენა მიხაროდეს.

- განახლებული ქართული კინოსტუდიის ხელმძღვანელობა ამბობს, ძალიან მალე სერიოზულად ავმუშავდებითო...
- ღმერთმა ქნას! ოღონდ ეს მოხდეს და ძალიან გამიხარდება. მომავალ თაობას მაინც ეღირსოს კინოსტუდია. ჩემი ვაჟი გიორგი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

როგორც კი პირველი კურსი დახურა, მსახიობობა მოისურვა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა, მართალია, თეატრში გავიზარდე, მამაჩემი დირიჟორი იყო, ჩემი უფროსი და კი - თეატრმცოდნე და სულ მათ წრეში ვტრიალებდი, მაგრამ მამაჩემის რჩევით, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. მამა მეუბნებოდა, კარგია, ქარხნის დირექტორი გახდები და ბევრი ფული გექნებაო.

მაგრამ ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, მაგიდას ხელი დავარტყი და ვთქვი, არ მინდა თქვენი "გემო-კვება", სამსახიობოზე ვაბარებ-მეთქი და ჩავაბარე კიდეც. არადა, მანამდე არც ლექსებს ვკითხულობდი და არც თეატრში დავდიოდი. ჩემს შვილსაც ზუსტად ასე დაემართა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ორივე რვათვიანები ვართ (იცინის).

- დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ვისაუბროთ.
- რასაც ვხედავ, რაც მტკივა, ხმამაღლა რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.  მაგიჟებს მიშისტების მოქმედება. საშინელი მედროვეები არიან. არ გეგონოთ, მიშაზე გიჟდებიან. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი მიშა იქნება თუ გრიშა. ხვალ გრიშისტები გახდებიან და ა.შ. მაგრამ ოპოზიციამაც ძალიან მატკინა გული. უბედურება არის ის, რომ ყველაზე დიდი მედროვეები ოპოზიციის უმრავლესობაში აღმოჩნდნენ.

ბევრ ოპოზიციონერში შემეპარა ეჭვი. მეც რომ მედროვე ვყოფილიყავი, უკეთესად ვიცხოვრებდი, ახლა უსახლკაროდ არ ვიქნებოდი. თუმცა, ხელახლა რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც არაფერს შევცვლიდი. ქართული პოლიტიკა ისეთი ბინძურია, რომ მისკენ გახედვაც არ მსურს. რამის გაპროტესტების, ხმის ამოღების სურვილიც აღარ მაქვს. ოპოზიციამ ყველაფრის სურვილი გამიქრო. მეგონა, ყველაფერს გულწრფელად აკეთებდნენ, თურმე სად ვბანაობ... ეს ყველაფერი თამაში ყოფილა.

- ბევრი ტელემაყურებლის მოწონება დაიმსახურა თქვენმა პენალტმა, მოეწონა, როდესაც სააკაშვილს გამოაჯავრეთ პროექტ "საკანი #5"-ში...
- არ იცის სააკაშვილმა პენალტის დარტყმა, საერთოდ, ფეხბურთი არ აქვს ნათამაშები... სხვათა შორის, გადაცემა "საკანი #5" არ უნდა დახურულიყო, მით უმეტეს, რომ "უცნობმა" თქვა, ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებიდან არ წავა, საკანში ვიჯდებიო. რატომ გავიდა საკნიდან?

ღმერთო ნუ მიწყენ და, როდესაც ხალხი წმინდა გიორგის გადარებს, ხელში აყვანილი მიჰყავხარ, ლამის მახვილიც დაგაჭერინოს ხელში, ამ ყველაფრის შემდეგ, საკნის მიტოვების უფლება აღარ გაქვს. "უცნობი" საკნიდან გავიდა, გოგა ხაინდრავა ესპანეთში მიდის, თურმე მისი ადგილი საქართველოში არ არის, ვეღარ აგვიტანა... სულ კარგად ბრძანდებოდეთ! ერთი რამ ცხადად დავინახე, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს და თავიანთ როლებს ყველა კარგად თამაშობს.

- ბოლო ხანს ტელეეკრანზე აღარ ჩანხართ...
- არ არსებობდა საახალწლო გადაცემა,  ტელევიზიებს არ მივეწვიე. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, გადაწყვიტეს, რომ ტელეეკრანებზე აღარ უნდა გამოვჩნდე. არც არის პრობლემა. მადლობა ღმერთს, თეატრში ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ტელევიზია კი ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის ნაწილი იყო.

- მთელი მსოფლიო ფილმ "ჯორჯიას" პრემიერას ელის, სადაც სააკაშვილის როლი მსახიობმა ენდი გარსიამ ითამაშა...
- არ მგონია, ეს ფილმი ცუდი გამოვიდეს, რადგან დიდძალი ფული დაიხარჯა. ენდის რომ თავი დავანებოთ, არაჩვეულებრივი ქართველი მსახიობებიც თამაშობენ. ერთი ამბავი მახსენდება... როდესაც რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმ "1001 რეცეპტში" სათამაშოდ ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი ჩამოიყვანეს, უზარმაზარი ჰონორარი გადაუხადეს. ყოველ შესვენებაზე კი გულუხვად უმასპინძლდებოდნენ...

ამ ფილმში რამაზ ჩხიკვაძე და კახი კავსაძეც თამაშობენ. რიშარს მათზე ათჯერ მეტი ჰონორარი გადაუხადეს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რიშარი კახი კავსაძეზე კარგი მსახიობია, აღარაფერს ვამბობ რამაზ ჩხიკვაძეზე. ფილმ "ჯორჯიაშიც" იგივე განმეორდა. ამ ფილმში ერთ-ერთ როლზე მსახიობი გოგა პიპინაშვილიც დაამტკიცეს. მან დღეში 1.000 დოლარი მოითხოვა, რეჟისორმა კი დღეში 400 დოლარი შესთავაზა, რაზეც პიპინაშვილმა უარი განაცხადა. მიშა გომიაშვილი კი დასთანხმდა...

- ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა განაცხადა, საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული მსახიობი ვარო...
-  შორენას გადაეცით, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ საქართველოში ასეც იყოს, მაგრამ მსახიობობა იმით არ იზომება, რა თანხას გადაგიხდიან. ფულს სხვა პროფესიის ქალებსაც უხდიან, მაგრამ რა მერე?! აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოიდებს თავს შორენა ბეგაშვილი და ნუ იტყვის, ყველაზე მაგარი ვარო.

ახლა ვერიკო ანჯაფარიძის საგრიმიორის გვერდით ვსხედვართ (ინტერვიუ მარჯანიშვილის თეატრში ჩავწერეთ (ნ.მ.) და ცოტა მეუხერხულება შორენა ბეგაშვილზე საუბარი... ბევრი ნიჭიერი მსახიობი მინახავს თავისსავე ამბიციებში ჩამხრჩვალი. მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ. საერთოდ, მსახიობობა რთული პროფესიაა, ყოველთვის სხვებზე ვართ დამოკიდებული. ამაზე ლევან წულაძემ კარგად თქვა, სამსახიობო ფაკულტეტიდან იმიტომ გადავედი სარეჟისოროზე, დარბაზში სიგარეტი რომ მომეწიაო.

- საქართველო გადარჩება?
- ოპტიმისტი ვარ და მწამს, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, საქართველოც იქნება. ისიც ვიცი, დროსთან ერთად მედროვეებიც იარსებენ.

ნინო მაისურაძე

გაზეთი ”ყველა სიახლე” #40

melo
17 ოქტომბერი 2010 19:00
ჯაპან! ვინმე მაინც აირჩიე ოპოზიციიდან, ზოგიერთები დარჩნენ და არც გაყიდულან! კაი კაცი ხარ შენ! :D

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები