"ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ..."

ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება.

"ძალიან ხშირად აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მოხდა ყაჩაღობა, მკვლელობა, ძარცვა და საუბარი აღარ გრძელდება, რა რეაგირება მოჰყვა ამას პოლიციისგან. ის ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხდება, რა თქმა უნდა, ხდება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შს სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება დანაშაულის ზრდის სტატისტიკას, მინისტრის მოადგილის თქმით, ციფრებში დანაშაულის ზრდა არის, მაგრამ ამის მიზეზი მრავალია.

"ციფრებში ზრდა გვაქვს, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება",- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ბოლო დროის სტატისტიკა საფუძველი არ უნდა გახდეს იმის, რომ ყველა დანაშაულთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდეს.

"ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე და გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას",- განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"