"მივმართავთ კულტურის სამინისტროს, დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - კვირის პალიტრა

"მივმართავთ კულტურის სამინისტროს, დაგვაბრუნონ ფილარმონიაში"

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ.

როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

"ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი. რატომ ფილარმონია? - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიმფონიური კოლექტივი, ფილარმონიული დარბაზის კოლექტივი ფილარმონიული დარბაზის რეზიდენტია. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიენულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა," - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ამასთანავე, როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში" განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შპს "ინტერნეიშენალ ივენთსთან" ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხდება იმ მიზეზების განხილვა, რის გამოც თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველმა კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ამასთან, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" "ინტერნეიშენალ ივენთი" გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა.

"ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს "ინტერნეიშენალ ივენთს"-ის მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სააგენტომ შპს "ინტერნეიშენალ ივენთსთან" ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული წერილით მოხდა შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" ინფორმირება-გაფრთხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" შორის, შპს "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,"- განმარტავენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს "ინთერნეიშენალ ივენთსს" გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"ინტერპესნიუსი"