"მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია, ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს" - კვირის პალიტრა

"მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია, ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს"

33 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

24 მარტს, ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის თამარ ლომიძე შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალს დაზიანებები დანით ქმარმა მიაყენა, რომელსაც ორი კვირის წინ დაშორდა. სავარაუდოდ, ის თამარ ლომიძეს შერიგებას სთხოვდა. ახალგაზრდა ქალი ხაშურიდან ქირურგიის ეროვნული ცენტრში გადიყვანეს და კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

თამარ ლომიძე

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე.

მამაკაცის ახლობლებლის ინფორმაციით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ იყო იშვიათი, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებმდე საქმე არასდროს მისულა. თავად ბრალდებული შმაგი დოლიძე კი დუმს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

მომხდარის მოტივზე დაზარალებულის ახლობლები კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, თუმცა, ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად ხაშურში ეჭვიანობას ასახელებენ.

"სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ეს უბედურება, თუმცა თამუნა უკარგესი და ძალიან პატიოსანი გოგოა და ქმარს ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში კონფლიქტურ გარემოში უწევდა ოჯახში ცხოვრება. არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. შმაგი ხშირად თვრებოდა, ნარკოტიკების მომხმარებელიც იყო და როგორც ვიცი, ახლაც მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა, ამის საშუალებას არ აძლევდა და ეს შემზარავი ფაქტიც მოხდა. ხაშურის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, სალონში იყო მისული, სადაც თამუნა მუშაობდა, როგორც ამბობენ კოსმეტოლოგის კაბინეტში გაიყვანა სალაპარაკოდ, სადაც ასე გაიმეტა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" დაზარალებულის ერთ-ერთმა ნაცნობმა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოუხმაურა ნანუკა გულუა, რომელიც "ჩცდ"- ს მსახიობია და ყველასათვის ცნობილია, როგორც სერიალის პერსონაჟი დოჩი.

"რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი ხელმოწერა შევაგროვოთ, სად დავდგეთ, ვისთან ვიყვიროთ , რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ ყველას , ვინც ქალზე აწევს ხელს, დაემუქრება, დაიმონებს! გთხოვთ "ცოტა მომითაქუნა რა უჭირს კაცო" -ს თქმა არ გაბედოთ, პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია, ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გადმოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში! ცალკე ციხე აუშენეთ სამარცხვინო, მოძალადე კაცებს, "სამარადისო სავანე" დააწერეთ და ეყარონ იქ!"- წერს მსახიობი.