გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდი მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვოდა ნათამაშები როლების სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა.

მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

იხილეთ ბატონი ნოდარის ერთ-ერთი ბოლო ბლიც-ინტერვიუ: "ვნანობ, რომ დიდხანს ვცხოვრობ. არ შეიძლება. იმ დროს უნდა გარდაიცვალო, რომ ადამიანებს დაენანო"