"10 მილიარდის ბრუნვა ჰქონიათ აზარტული თამაშის კომპანიებს, თაობების მოწამვლის ნაცვლად, ამხელა ფულით ქვეყანაში უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება" - კვირის პალიტრა

"10 მილიარდის ბრუნვა ჰქონიათ აზარტული თამაშის კომპანიებს, თაობების მოწამვლის ნაცვლად, ამხელა ფულით ქვეყანაში უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება"

"ახალგაზრდები გვეღუპება, მე არ მესმის რა სიკეთეს ნახულობს ქვეყანა ამით"

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია და შეიძლება ითქვას, გაურკვეველი ვადით შეჩერებულიც კი. სტატისტიკა კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს, მაგალითად, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამასთანავე, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორების ბრუნვამ 2018 წელს შესაძლოა, 10 მლრდ ლარს გადააჭარბოს. (იხილეთ ვრცლად)

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი:

"სიმართლე გითხრათ, ბარბაროსობად მიმაჩნია აქამდე რომ არ არის, ეს თემა მოწესრიგებული. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის დამოკიდებულების ისეთი ფორმა, როგორიც არის, მაგალითად, ნარკოტიკზე, სხვა ტიპის გასართობ საშუალებაზე, ალკოჰოლზე, თამბაქოზე. მე როგორც დედა, მხარს ვუჭერშეზღუდვებს. არასრულწლოვნებს უპრობლემოდ მიუწვდებათ ხელი აზარტულ თამაშებზე, განსაკუთრებით, ონლაინკაზინობზე. როდესაც მოზარდი უყურებს, მაგალითად, თავის საყვარელ ფეხბურთს და მის თამაშს, ამ დროს კი გამოჩნდება რომელიმე კაზინოს რეკლამა, ეს საშინელებაა. დიდი ხანია ცივილიზებულ სამყაროში უარი თქვეს ამ სფეროს რეკლამირებაზე, ზოგან ფეხბურთის გუნდების სპონსორობაც კი აუკრძალეს. ეს არის დაავადება და როდესაც მას არეკლამებ, გამოდის, რომ მომავალი თაობის დაავადებას... ამის შედეგად კი, ჩვენს ღარიბ ქვეყანაში ინგრევა და უბედურდება ოჯახები. ეს სფერო პირდაპირ აუბედურებს ოჯახებს. მერე ახალგაზრდები ბინებს ყიდიან და ათას უბედურ დანაშაულში ებმებიან, ეს ყველაფერი კვლევებითაა დადასტურებული.

ახლა საკითხი ასე დგას - რამდენად შეძლებს "ქართული ოცნება" წინააღმდეგობა გაუწიოს ლობისტურ ჯგუფებს, რადგან ეს არ არის იდეოლოგიურად შეკრული პარტია, ღმერთმა იცის, ვინ საიდან არის იქ მოხვედრილი, ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს. ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივა ჩერდება იმიტომ, რომ ამ ბიზნესს "კრიშავენ" სერიოზული ლობისტური ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან "ოცნებასთან". საკითხავია, აქვს თუ არა უნარი "ოცნებას" გაუწიოს წინააღმდეგობა ამ ჯგუფებს, რომლებიც, რეგულაციებს ბლოკავენ...

თამრიკო ჭოხონელიძე, მომღერალი:

"ამ მიმართულებით ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა, ეს არის კატასტროფა, უფსკრულისკენ მივექანებით და არც ყურადღების მიმქცევია ვინმე... ალბათ ესეც თაობათა პრობლემაა, რომელსაც იმედი მაქვს, გამოსწორება უწერია. ონლაინკაზინოების და ზოგადად აზარტული თამაშების მსგავს პრობლემად მიმაჩნია გახშირებული ქურდობა ახალგაზრდების მონაწილეობით. ახლა ინდაურის ქურდი არ უნდა გამოვამწყვდიოთ საკანში, მაგრამ ხომ უნდა იყოს მეტი სიმკაცრე, რომ თუ რამეს დააშავებს ადამიანი, დაისაჯოს, რომ შემდეგში იგივე არ გაიმეოროს.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ რეგულაციების დაწესებას და კანონის გამკაცრებას მოვითხოვ".

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"ხანდახან ვიცი თავის შეკავება, მაგრამ ეს ის საკითხია, რაზეც თავს ვერ შევიკავებ. აზარტული თამაშების მომხმარებელი ახალგაზრდების 99% დაღუპულია. ონლაინთამაშები ხომ საშინელებაა, სახლიდან გასვლაც კი აღარ სჭირდებათ. ჩემი აზრით, სტაციონარული კაზინოებიც კი არ უნდა იყოს ქალაქში, როგორ შეიძლება საპატრიარქოს გვერდით ამხელა კაზინო იდგეს? რა უბედურებაა, ახალგაზრდები გვეღუპება, არ მესმის რა სიკეთეს ნახულობს ქვეყანა ამით? როგორც მითხრეს, ბევრსაც არაფერს იხდიან ბიუჯეტში, განსაკუთრებით ონლაინკაზინოები. რა თქმა უნდა, აუცილებელია რეგულაციის დაწესება, საშინლად აღშფოთებული ვარ...

ეს რა მითხარით, 10 მილიარდის ბრუნვა ჰქონიათ აზარტული თამაშების კომპანიებს, ეს ხომ უდიდესი ფულია, რომლითაც ქვეყანაში უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება მომავალი თაობის მოწამვლის ნაცვლად. ზოგიერთი ქართველი თამაშის გამო მშობლებსაც გაყიდის, ჩვენ არ გვაქვს იმდენი განათლება, რომ გავიგოთ ეს რა არის, ამიტომ მე თუ მკითხავთ, საერთოდ ასაკრძალია".

იხილეთ ასევე: "ონლაინთამაშისთვის რეგულაციები დასაწესებელია, მაგრამ..." - რას ფიქრობენ უმრავლესობაში პარლამენტში "გაჭედილ" კანონპროექტზე?

(სპეციალურად საიტისთვის)