"ნოდარ მგალობლიშვილი არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა" - როგორ იხსენებენ კოლეგები დიდ მსახიობს? - კვირის პალიტრა

"ნოდარ მგალობლიშვილი არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა" - როგორ იხსენებენ კოლეგები დიდ მსახიობს?

"უზომოდ უყვარდა თავის საქმე, თავის თეატრი, მაგრამ მისთვის უპირველესი ღირსება და სამშობლო იყო! ის არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული და აღიარება იყო! ის რომ ევროპაში დაბადებულიყო, მსოფლიო მასშტაბის უმაღლესი რანგის არტისტი იქნებოდა..." - ასე ეხმაურებიან ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალებას მისი თანამედროვე თუ ახალგაზრდა კოლეგები, რომლებსაც ჩვენ გამორჩეულ არტისტზე სასაუბროდ დავუკავშირდით...

თენგიზ არჩვაძე, მსახიობი:

- დღეს დილით შევიტყვე ეს ამბავი და დამუნჯებული ვარ... რაღა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც ქართველმა ხალხმა თქვა ნოდარზე და შეიყვარა იგი! ჩვენ ერთად გაზრდილები ვიყავით და მაპატიეთ არაფრის თქმის თავი და ნერვები რომ აღარ მაქვს! მადლობა რომ დამირეკეთ და მომისამძიმრეთ...

კახი კავსაძე, მსახიობი: - თავზარდაცემული ვარ, ამ ადამიანთან ლამის ასწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა... სიცოცხლით სავსე და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი კაცი იყო! ამავე დროს მტკიცე და შეუვალი! კარგი ქეიფი, სიმღერა უყვარდა და ვინ მოთვლის რამდენი რამ მაქვს მასზე საუკეთესო მოსაგონარი! რა გითხრათ იმაზე მეტი, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ძალიან ღირსეული კაცი და დიდებული მსახიობი!

ელდარ შენგელაია, რეჟისორი: - გამორჩეული მსახიობი იყო, შესანიშნავი სახეები შექმნა სპექტაკლებში "ჯაყოს ხიზნები" - ჯაყო, იაგო, ჰაკი და კიდევ ბევრი სხვა... როგორც ნოდარი თამაშობდა, ისე თამაში მხოლოდ მას შეეძლო! მისი საკუთარი ხელწერა ჰქონდა! გამორჩეული სახეები შექმნა კინოშიც, დაუვიწყარი! მან წარუშლელი კვალი დატოვა...

გოჩა კაპანაძე, მსახიობი და რჟისორი:

- ნოდარ მგალობლიშვილი უკომპრომისო პიროვნება იყო, თავის პოზიციის დამცველი! მისთვის ყველაზე მთავარი, როგორც მსახიობისთვის თუ პიროვნებისთვის – ღირსება იყო! არცერთი მთავრობის ხელქვეითი არ ყოფილა! ის იყო ღრმად ერუდირებული, უმაღლესი პროფესიონალი და ძალიან დიდი არტისტი, რომლის შემოქმედებაზეც თაობები გავიზარდეთ! რამდენიმე არტისტი იყო, რომლის გამოც მივედით თეატრში, ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ნოდარ მგალობლიშვილი იყო! ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბუხუტი ზაქარიაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ არჩვაძე მქონდა პატივი გიზო ჟორდანიას სპექტაკლში "სამგროშიანი ოპერა" ნოდარ მგალობლიშვილის დუბლიორი ვყოფილიყავი... ბატონმა ნოდარმა მოითხოვა დუბლი დაენიშნათ და თვითონვე შესთავაზა ჩემი კანდიდატურა გიზო ჟორდანიას. მე მაშინ მარჯანიშვილის თეატრში არ ვიყავი და როდესაც მიმიწვიეს, სასტიკ უარზე დავდექი, ვერ ვბედავდი მის დუბლიორობას... ბატონმა ნოდარმა დაჟინებით მთხოვა რეპეტიციების გავლა დამეწყო... შემდეგ შეუძლოდ გახდა და უფრო ხშირად მე მიწევდა რეპეტიციების გავლა. იგი გენერალურ რეპეტიციაზე ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად მოვიდა, ნახა სპექტაკლი და საჯაროდ ისეთი რამ თქვა, გამეორება მიჭირს - რასაც ეს ახალგაზრდა კაცი, ჩემი კოლეგა მსახიობი აკეთებს, მე ვერ გავაკეთებო...ისეთი როლი იყო, სადაც ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო და ალბათ ამანაც გადაწყვიტა რომ დამითმო როლი, რაც გავაპროტესტე, თუმცა მითხრა, გოჩა ასეთ შანსს ნუ გაუშვებ ხელიდანო...

პრემიერაზეც მომილოცა და მითხრა, სწორი არჩევანი გავაკეთეო! დიდი მადლობა, მინდა, ვუთხრა ნოდარ მგალობლიშვილის სულს ყველაფრისთვის.

ნოდარ მგალობლიშვილი პაუზის დიდოსტატი იყო. ბრწყინვალე პარტნიორობას უწევდა უდიდეს კორიფეებს.

უზომოდ უყვარდა თავის საქმე, თავის თეატრი, მაგრამ მისთვის უპირველესი ღირსება და სამშობლო იყო! ის არანაირ ჯილდოზე არ გაყიდულა, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული და აღიარება იყო! ის რომ ევროპაში დაბადებულიყო, მსოფლიო მასშტაბის უმაღლესი რანგის არტისტი იქნებოდა, ქართულ სინამდვილეში კი ის ყოველთვის ვარსკვლავი იყო და ძალიან ნიშანდობლივია უარი რომ თქვა, ვარსკვლავის გახსნაზე...

იხილეთ ასევე: "დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის მონაკვეთი, რასაც წამება ჰქვია" - ნოდარ მგალობლიშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ არქივიდან

(სპეციალურად საიტისთვის)