"მეთაურმა, მითხრა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, არსებულ მცირე რესურს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია კაცში დავხარჯოთო" - კვირის პალიტრა

"მეთაურმა, მითხრა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, არსებულ მცირე რესურს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია კაცში დავხარჯოთო"

"მიდგომა, რომ საქართველოს სამხედრო ძალები და ავიაცია არ სჭირდება, საშინელებაა. ეს არის სამშობლოს ღალატი და ქვეყნის დაქცევის ტოლფასი"

ეკატერინე ქვლივიძე 21 წლის იყო თავდაცვის სამინისტროში მუშაობა რომ დაიწყო. შეძლო იმჟამად არსებული სტერეოტიპების დანგრევა  და სამხედრო მფრინავი ქალის ტიტული ღირსეულად, ბევრი შრომის ფასად მოიპოვა. ხშირად ლაპარაკობდნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აიდგა ფეხი სამხედრო ავიაციაში ქალმა და მედიაშიც ხშირად იბეჭდებოდა მასზე სტატიები. 9 წლის წინ შევხვდი პირველად ამ ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე გოგონას და ვხედავდი როგორი მოტივირებული და ბედნიერი იყო არჩეული პროფესიით.

11 წელი და 4 თვე იმსახურა სამხედრო სამსახურში, საბოლოოდ ეკა იძულებული გახდა განცხადება დაეწერა, ფორმა გაეხადა და საყვარელი საქმე მიეტოვებინა. ახლა მას თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივის და 28 000 ლარის გადახდას სთხოვს. თავად ყოფილი მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მოითხოვს, სამინისტრომ კონტრაქტის შეწყვეტის გამო მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საქმე უკან გაითხოვოს. ეკატერინე ქვლივიძე ადასტურებს, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, 4 თვეში მან მართლაც შეწყვიტა კონტრაქტი, თუმცა მისი გადაწყვეტილება იძულებითი იყო.

რატომ თქვა უარი საყვარელ საქმეზე, რატომ მოუხდა კონტრაქტის დარღვევა მფრინავ ქალს და რა პრეტენზიები აქვს თავდაცვის სამინისტროსთან, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ეკა, დღემდე მახოვს როგორი ბედნიერი იყავით, როცა წლების წინ ჩავწერე თქვენთან ინტერვიუ. მაშინ ამბობდით, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინეთ და მაქსიმუმს გააკეთებდით, თუმცა, "ფეისბუკზე" დაწერილი თქვენი სტატუსი დამაფიქრებელია, სადაც ბევრ პრობლემაზე ლაპარაკობთ, იქნებ გვითხრათ, რატომ წამოხვედით სამსახურიდან?

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემს ცხოვრებაში თუ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც ჩემი ხელით გავიხდიდი ფორმას, რომელიც ძალიან მეამაყება დღესაც. ამიტომაც არის ჩემთვის ემოციურადაც რთული და შეურაცხმყოფელი ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს მარტო ერთი ადამიანის ტრაგედია არ არის, უკვე ქვეყნის ტრაგედიაა...

ჩემი წამოსვლის მიზეზები დაგროვდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავბრუნდი. ესკადრელიაში რომ დავბრუნდი, ჩემი საშტატო ერთეული დაწეული დამხვდა, პროფესიული ზრდის საშუალება არ მქონდა. მითხრეს, რომ არ ვიყავი გათვალისწინებული საფრენოსნო პროგრამაში. ყველასთვის ცნობილია, სამხედრო საჰაერო ძალების მიმართ არსებული მოსაზრება, რომ არ გვჭირდება სამხედრო საჰაერო ძალები და სწორედ ამიტომაც აქედან ინტენსიურად ხდებოდა კადრების გადინება. ვიდრე ჩემი წასვლის პატაკს ხელი მოეწერა, მანამდე 5-6 ჩემი თანამებრძოლი წავიდა სამსახურიდან. მითხრეს ფრენის საშუალება არ მექნებოდა, წოდებრივი ზრდის საშუალება არ მექნებოდა, ეს რომ გავიგე, ვითხოვე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მაინც მოეცათ. ჯიპაში ვსწავლობდი, აკადემიური მქონდა აღებული და ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას, მინდოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და ცოდნის გაღრმავებაც. მართალია კანონით მაქვს უფლება შვებულება ავიღო სწავლისთვის, თუნდაც გამოცდების, სესიების დროს ვალდებულები არიან გამანთავისუფლონ, მაგრამ მეთაურისგან ამაზეც უარი მივიღე.

- რა მოტივით? - მიჭირს დავასაბუთო. ჩემი ეჭვია, სრულად კვალიფიცირებული და განათლებული კადრი რომ არ სჭირდებოდათ ალბათ იმიტომ. მაშინ ავღანეთის მისიაში წასვლა ვითხოვე, ეს ჩემი საკარიერო წინსვლისთვის კარგი იქნებოდა. ამერიკაში მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალება მექნება-მეთქი, მითუმეტეს იქ ყველაფერი ინგლისურად ვისწავლე და კოორდინაციაში ადვილი იქნებოდა ყველაფერი გამომეყენებინა, ამაზეც უარი მითხრეს. ერთადერთი რასაც მთავაზობდნენ იყო მინისტრ იზორიას ბრძანებით დასაქმება, ანუ აბსოლუტურად ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ამერიკაში ექნებოდა კაპიტნის საკარიერო კურსი გავლილი, უნდა დავნიშნულიყავით ინსტრუქტორის პოზიციაზე და მომავალი მფრინავებისთვის გვესწავლებინა ის, რაც მე იქ ვისწავლე.

- ამაზე უარი თქვით? - არა, უარი არ მითქვამს, მაგრამ შტატი, სადაც მნიშნავდნენ არ იყო მფრინავის შტატი. ჩვეულებრივი ქვეითი ინსტრუქტორის სტატუსს მანიჭებდნენ და მერე არასოდეს მექნებოდა ფრენის საშუალება. ესკადრელიაში რომც დავბრუნებულიყავი, მომიწევდა ნულიდან სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა და არა გაგრძელება, რადგან შიდა სხვა პროცედურები ირღვეოდა. ვთხოვე თუ იყო შესაძლებელი მფრინავი ინსტრუქტორის შტატი დაეშვათ, რაც წლების წინ იყო და აქტიურად ვიყენებდით. ამერიკაში ჩემი ინსტრუქტორი მოქმედი მფრინავი იყო, გვასწავლიდა და პერიოდულად ფრენებზე დადიოდა. მომხრე ვიყავი ჩემი ცოდნის რეალიზება მომეხდინა ჩემს ქვეყანაში, მაგრამ არც ერთი მხრივ ამის საშუალება არ მომეცა. როცა გამოცდილების გაზიარების კითხვარი შევავსე, იქ ჩავუწერე კიდეც, ოღონდ ვინმე დაინტერესდეს იმით, რაც იქ ვისწავლე და მზად ვარ ყველა კითხვას პაუხი გავცე-მეთქი. 10 თვით ვიყავი წასული სასწავლებლად ამერიკაში და არც ის უკითხავთ საერთოდ ჩავედი ამერიკის აკადემიაში, როგორ ვისწავლე, ვესწრებოდი თუ არა საერთოდ ლექციებს, ჩავაბარე თუ არა გამოცდები, რომ ჩამოვედი იმითაც არ დაინტერესებულან, რა ისწავლე და ღირდა იქ შენი გაგზავნაო.

- მარტო თქვენ გაგიშვეს საასწავლებლად? - ჩემთან ერთად იყო მეორე სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ჩემზე ერთი თვით ადრე დაწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება და წავიდა. ჩემი ცოდნის რესურსის გამოყენების საშუალება არ მეძლეოდა, სრულიად ბლოკადაში ვიყავი და ამიტომ წამოვედი. ქრონიკული რეორგანიზაცია მიდის სულ. 10 თვეში ერთ ესკადრელიაში 4 მეთაური შეიცვალა. ეს კატასტროფაა.

- რა იყო ბოლო წვეთი, რის გამოც საყვარელ საქმეზე უარი თქვით? - პიროვნული შეურაცხყოფა მომაყენა მეთაურმა, მითხრა, იცით რა, პრაქტიკულ ფრენაში ვერ გაგითვალისწინებთ, იმიტომ რომ ამ კუთხით არსებულ მცირე რესურს ქალში ვერ დავხარჯავთ, უმჯობესია კაცში დავხარჯოთო. ამ სიტყვების გამო თავი ვერ შევიკავე და მეთაურის კაბინეტში ვიტირე, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ჩემს ცრემლებს მეთაური უყურებდა, რეაქციაც არ ჰქონია. 11 წელი ჩემი ქვეყნისთვის კარგს ვაკეთებდი, ყველგან ეკა ჩანდა და მეგონა საბოლოოდ დავანგრიე სტერეოტიპი, რომ მხოლოდ კაცს შეუძლია იყოს სამხედრო მფრინავი, წლების შემდეგ ისევ ამ პრობლემას დავუბრუნდი და ეს ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა. მივხვდი, ქალი მფრინავი არ სჭირდებოდათ.

- პატაკი წასვლაზე დაგიკმაყოფილეს? - პირველ პატაკში დავწერე, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინეთ, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად მივდივარ-მეთქი, რეალურად ასეც ვფიქრობდი, იქ ვისწავლიდი და თან გულს გადავაყოლებდი ამ მწარე რეალობის გამო. მეთაურმა განცხადება დამიწუნა, მიზეზის ახსნა არ არის საჭირო, მხოლოდ ის დაწერე რომ ოჯახური პირობების გამო ტოვებ სამსახურს, ეს არის სტანდარტული განცხადებაო. რომელი ოჯახური პირობები დამეწერა, როცა ოჯახი შექმნილი არ მაქვს. მან ბოლოს მაინც ის პაკატი დამიკმაყოფილა, სადაც ეს სიტყვები ეწერა. ვერ შევეწინააღმდებოდი, როცა ფორმა გაცვია, ბრძოლა უფლებებისთვის, პრეტენზიის გამოთქმა, რაიმე ინიციატივა, ყველაფერი მკაცრად ისჯება. ახლა ფორმა გავიხადე და მაქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ვთქვა. მკაცრად დისკრიმინირებული, სრულიად ბლოკირებული ვიყავი და ამიტომ წამოვედი. რეალურად ერთადერთი, რაც მევალებოდა და უპრეტენზიოდ უნდა შემესრულებინა ის იყო, რომ დილის 9 საათიდან 6 საათამდე უსაქმურად ვმჯდარიყავი სამსახურში, სხვა ფუნქცია მე არ მქონდა, ასე უსაქმურად ჯდომას სამშობლოს ღალატს დავარქმევ.

როცა ადამიანი ხედავ გაქვს დიდი რესურსი, შესაძლებლობები, გაქვს კარგი განათლება და შეგიძლია ეს ყველაფერი გამოიყენო და უსაქმურად ჯდომას დათანხმდები, ეს რთულია. მე ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი, ვერ შევძლებდი ამის კეთებას და ამის გამო წამოვედი. ამერიკიდან რაც ჩამოვედი, სულ ასე უფუნქციოდ ვიყავი.

- დღეს თავდაცვის სამინისტრო 28000 ლარის გადახდას ითხოვს თქვენგან, კონტრაქტს რომ არღვევდით ფიქრობდით, რომ დაგაჯარიმებდნენ? - სულ 11 წელი და 4 თვე ვიმსახურე, ამ პერიოდში 4 კონტრაქტი მაქვს შეცვლილი. არადა, ყველა კონტრაქტი ან 8-წლიანი ან 10-წლიანი იყო, რომ დაეცადა თავდაცვის სამინისტროს და ასე ინტენსიურად არ ეცვალა კონტრაქტი, ერთი კონტრაქტი მინიმუმ დასრულებული მექნებოდა, მაგრამ თვითონ ცვლიდნენ სულ კონტრაქტს, თვითონ არღვევდნენ წინ დადებულს და ადგენდნენ ახალს, სულ მათი მხრიდან იცვლებოდა. ახალ- ახალ კონტრაქტებს სულ მათი ვალდებულებები აკლდებოდა და ჩემი ემატებოდა. ბევრი წავიდა, მაგრამ აქამდე არავინ დაუჯარიმებიათ, შერჩევითობის პრინციპით ხდება იქ ყველაფერი. მოიკითხეთ, სანამ ჩემი პატაკი დაკმაყოფილდებოდა, მანამდე 6 თანამშრომელი წავიდა და არავისთვის მოუთხოვიათ ჯარიმის გადახდა, პირით შეთანხმებები შედგა სხვა შემთხვევებში და ზოგიერთს კონპენსაციაც იქით გადაუხადეს. მე აქეთ მედავება თავდაცვის სამინისტრო. ძალიან საინტერესო სტატისტიკაა. გამოითხოვეთ 2015 წლიდან დღემდე რამდენმა დატოვა საჰაერო ძალებიდან სამსახური და მიხვდებით რა ხდება იქ.

- თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თქვენს განათლებაში დიდი რესურსი და თანხები დაიხარჯა და ამიტომ გაჯარიმებენ, სხვები იყვნენ გადამზადებულები? - იმას ამტკიცებენ, რომ ეკა ქვლივიძე საჭირო და ძვირადღირებული კადრი იყო, ეს სასაცილოა. ისეთი მფრინავები რომ წავიდნენ, რომლებიც უკვე ინსტრუქტორები იყვნენ, რომლებსაც ათასობით საათი ჰქონდათ ნაფრენი, არაერთი კურსი ჰქონდათ გავლილი ამერიკაში და ისინი ჯარიმების გარეშე წავიდნენ, როგორ ისინი არაფერი დაუჯდა სახელმწიფოს და მარტო მე ვარ ძვირადღირებული? ეს ხომ ურთიერთგამომრიცხავია.

- ისინი რატომ წავიდნენ? - ანალოგიური პირობების გამო. წარმოგიდგენიათ ქირურგი, რომელსაც წლების განმავლობაში ოპერაცია არ ჩაუტარებია ის როგორი ქირურგია და მისი კვალიფიკაცია რა დონეზე იქნება. საფრენი აპარატის გარეშე მიწაზე მფრინავი მფრინავი არ არის, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს. მიდგომა, რომ საქართველოს სამხედრო ძალები და ავიაცია არ სჭირდება, საშინელებაა. ეს არის სამშობლოს ღალატი და ქვეყნის დაქცევის ტოლფასი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა რესურსი უნდა მიდიოდეს იმაზე, რომ რაც შეიძლება ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პროფესიონალები გვყავდეს და მეტად ვაფასებდეთ მათ. მათ მხრებზეა ასე მშვიდობიანად რომ ვსაუბრობთ და რით ვცემთ მათ პატივს? იმით რომ ჯარიმას ვაწესებთ და ამ გაჭირვებული სამხედრო მოსამსახურეებით გვინდა ბიუჯეტი შეივსოს? ეკატერინე ქვლივიძე პრესკონფერენციაზე

- არ აპირებთ ჯარიმის გადახდას? - არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი. 11 წელი რომ ვიმსახურე, ეს რაღაცად ხომ ღირდა. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მსახურობდა ჯარში, ძმა, დედა, ბიძა და მე. დედა ლოჯისტიკის უზრუნველყოფის განყოფილებში იყო. მისი ქვედანაყოფი გააუქმეს და დედასაც ის განცდა ჰქონდა, რომ არ სჭირდებოდა არავის და წავიდა ქვეყნიდანაც. მისი წასვლის მერე უფრო მძაფრი იყო ჩემი განცდა. ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ მე ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ეს ქვეყანას სჭირდებოდა, მაგრამ მეც დავფიქრებულვარ იმაზე, მგონი, მეც ვარ წასასვლელი ქვეყნიდან. სახელმწიფო თითოეული მოქალაქისგან შედგება და თუ ასე გაგრძელდება, აღმოვაჩენთ ერთ დღეს რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ვიდრე სასამართლო არ დამთავრდება, მე საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ მაქვს, თუმცა ბევრი კერძო კომპანიაა და მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და იმის იმედი რომ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ინტენსიურად გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ განვითარებას.

სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს დააჯარიმებს თუ არა მფრინავ სამხედრო ქალს. ეკატერინე ქვლივიძის ინტერესს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იცავს. მისი ადვოკატის, შალვა ღვთისავრიშვილის, თქმით, "ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინიტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ", სადაც ეკატერინე ქვლივიძის სამსახურის ვადად 8 წელია განსაზღვრული, კაბალურია და თანამშრომელს ყოველგვარი პრეტენზიის წარდგენის საშუალებას ართმევს. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ამ დავას მოიგებს სასამართლოში.

თავდაცვის სამინისტრო კი ასე პასუხობს ეკა ქვლივიძის ბრალდებებს:

"2017 წლის 30 მაისს თავდაცვის სამინისტროსა და ქალბატონ ეკატერინე ქვლივიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების პირობების თანახმად მივლინების ვადების ჩათვლით სამსახურის ვადა განისაზღვრა 8 წლით. აღნიშნულის საფუძველზე ქალბატონი ეკატერინე 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე იმყოფებოდა მივლინებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსზე. მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით. ამის მიუხედავად, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ 4 თვეში ქალბატონმა ეკატერინემ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალებიდან დათხოვნა (მოტივის მითითების გარეშე). თავდაცვის სამინისტრომ ქალბატონ ეკატერინეს წერილობით აცნობა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან დაადასტურა შესაბამის შეტყობინებაზე ხელმოწერით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და იგი კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც გააფრთხილებს პირს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ვალდებულია მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სანქციები. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ეკატერინეს სამსახურის პერიოდში არავითარი წერილობითი პრეტენზიით ხელმძღვანელობისათვის არ მიუმართავს, არც გენდერული დისკრიმინაციისა და არც სხვა რაიმე დარღვევის შესახებ. მან გარკვეული პრეტენზიები თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა, თუმცა არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და მტკიცებულება..."

ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო და შეძლებს თუ არა თავისი უფლებების დაცვას ახალგაზრდა ქალი.

(სპეციალურად საიტისთვის)