"ყველამ ისწავლა ჩვენი დროშის­ დახატვა, სკანდირებდნენ "სა-ქარ-თვე-ლო" - კვირის პალიტრა

"ყველამ ისწავლა ჩვენი დროშის­ დახატვა, სკანდირებდნენ "სა-ქარ-თვე-ლო"

"პიტერი საოცარი ადამიანია, გამახარა მისმა გამარჯვებამ. 30-ს გადაცილებულია, მაგრამ ძალიან ბავშვურია. პირველად გავიდა მშობლიური ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მანამდე არც თვითმფრინავში მჯდარა და სხვადასხვა ეროვნების ხალხსაც პირველად შეხვდა"

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. ფინალი დუბაიში გაიმართა, კონკურსში 179 ქვეყნიდან 10 000 პედაგოგი მონაწილეობდა და ფინალში მხოლოდ 10 მათგანი გავიდა. ამ ათეულში საქართველოდან სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავაც მოხვდა.

- ათივე ფინალისტი გლობალური ჯილდოს ელჩები გავხდით. ჩვენ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა - ყველას სახელით მივმართავდი, ზოგიერთზე ვზრუნავდი კიდეც. მაგალითად, ინდოელ მასწავლებელს, სვარუპ რავას, სიარული უჭირდა და სულ გვერდში დავყვებოდი ხელჩაკიდებული.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელ პიტერ ტაბიჩს ერგო. საოცარი ადამიანია, გამახარა მისმა გამარჯვებამ. გაცნობიდანვე მომეკედლა. პიტერი 30-ს გადაცილებულია, მაგრამ ძალიან ბავშვურია. პირველად გავიდა მშობლიური ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მანამდე არც თვითმფრინავში მჯდარა და სხვადასხვა ეროვნების ხალხსაც პირველად შეხვდა.

ჩასვლისთანავე იმაზე დავიწყე ზრუნვა, რომ კონკურსანტი პედაგოგები გამოცდილების გასაზიარებლად ჩვენს ქვეყანაში ჩამომეყვანა. სიამოვნებით დამთანხმდნენ.

- მათი ჩამოყვანისათვის ფინანსების მოძიება იქნება საჭირო. - ჩემგან განსხვავებით, ყველას მაღალი ანაზღაურება აქვს და თავადაც შეუძლიათ ჩამოსვლა, მე კი ხანდახან თბილისში ჩამოსვლა მიჭირს.

ლადო აფხაზავა და პიტერ ტაბიჩი

- პიტერს სწავლების რა მეთოდი ჰქონდა? - ის თავის სკოლაში საოცარ რაღაცებს აკეთებს. 4 საგანს ასწავლის. კენიელებისთვის ის ნათელი წერტილია.

ძალიან დამაინტერესა ავსტრალიელმა პედაგოგმა იასოდაი სელვაკუმარანმა. მის სამშობლოში ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სახლობს და მისი სლოგანიც აქედან გამომდინარეობდა: "არა აქვს მნიშვნელობა, საიდან მოვდივართ, მნიშვნელოვანია, საით მივდივართ".

კონკურსის წევრები ვერ აუდიოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩემს სახელზე გამოგზავნილი წერილებისა და სიმბოლური საჩუქრების გადმოცემას. მაგალითად, პოლონელმა მომღერალმა თავისი 2 დისკი გამომიგზავნა, ინდოეთიდან პატარა სპილოები მისახსოვრეს. მწერდნენ, თქვენი ვიდეოფირი ვნახეთ, გვინდა, რომ გაიმარჯვოთ და თუ ხმის მიცემაა საჭირო, თქვენ გვერდით ვიქნებითო. ასეთი გამამხნევებელი საჩუქრები 27 ქვეყნიდან მივიღე. ორგანიზატორები მეკითხებოდნენ, ალბათ, ამ ქვეყნებში ნათესავები გყავსო. მერე წავაკითხე წერილები და მიხვდნენ, რომ არანაირი ნაცნობობა არ მაკავშირებდა მათ ავტორებთან. ახალი ზელანდიიდან მწერდნენ, შემთხვევით გადავაწყდი სოცქსელში თქვენს ვიდეოფირს, საქართველოში ჩამოვალ და აუცილებლად გაგიცნობთ. ეს რა ცეკვები გქონიათ, ან რა ძეგლებიო...

- კონკურსანტებს რა ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოზე? - ვინც კი საქართველოს გულშემატკივრობდა, ყველამ ისწავლა ჩვენი დროშის დახატვა. სკანდირებდნენ "სა-ქართ-ვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო". ჯორჯიის შტატიდან ჩამოსული მასწავლებლები მოდიოდნენ ჩემს გასაცნობად. ყველა მათგანი დამიმეგობრდა სოციალურ ქსელში.

ძალიან მინდა, ჩვენმა მასწავლებლებმაც მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა. გვერდში დავუდგები ყველას, ვინც შეავსებს აპლიკაციას მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად. ჩემზე რომ გააჩაღეს ანტიპიარი, არ მინდა, რომ ვინმემ იგივე განიცადოს.

- თქვენ არ მოინდომეთ, პასუხი გაგეცათ, სიტყვის თავისუფლებაა და რაც უნდათ, ის ილაპარაკონო. - არ მოვინდომე იმიტომ, რომ სისულელეებს წერდნენ. მაგალითად, მასწავლებლის დიპლომი არა აქვსო. დიახ, პედაგოგის დიპლომი არა მაქვს, მაგრამ მაქვს ეკონომისტის დიპლომი და დავამთავრე სასულიერო აკადემია.

- როდის ჩამოვლენ მსოფლიოს ათეულის პედაგოგები? - ალბათ, ოქტომბერში. ჯერ ადრეა, გურულივით არ უნდა ვიჩქარო. კონკურსზე ყველას ვასწავლე, რომ მე გურული ვარ და გურულებს სულ ეჩქარებათ. როცა წამოვხტებოდი და გავვარდებოდი, გურულო, გურულოო, მომაძახებდნენ!