"პლასტმასის მოგრძო ნაჭერზე ბაწრით დავაბი და 3 კილომეტრი ზურგით ვათრიე" - როგორ აღმოჩნდა გიგანტური კუ ფოთში
"პლასტმასის მოგრძო ნაჭერზე ბაწრით დავაბი და 3 კილომეტრი ზურგით ვათრიე" - როგორ აღმოჩნდა გიგანტური კუ ფოთში
"ეს გიგანტური კუ დაუძლურებული ქვიშაში ნახევრად ჩამარხული ვიპოვე. ქვიშისგან გავასუფთავე და წყალში შევიყვანე, იქნებ გაცუროს-მეთქი, მაგრამ ტალღებმა ისევ უკან გამოაგდო. პლასტმასის მოგრძო ნაჭერზე დავაბი და დაახლოებით 3 კილომეტრი ზურგით ვათრიე. მერე ურიკა ვინათხოვრე და იმით მოვიყვანე სახლამდე"

ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა - თავკომბალა კუ, ანუ კარეტა შემოვიდა. ის ლაშა ხოჯავამ იპოვა.

- ფოთელი ვარ, 3 შვილის მამა. სულ ახლახან ჩემი 8 თვის ნაბოლარა
ქუთაისის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მივიყვანეთ. ორივე ფილტვის პნევმონია, კუჭ-ნაწლავის ინფექცია და გულზე პრობლემები ჰქონდა. შვილი ექიმმა მაკა ლევიძემ გადამირჩინა. როგორც კი ბავშვი გამოჯანმრთელდა და შინ მოვიყვანე, სანაპიროზე გამორიყული შეშის მოსაგროვებლად გავედი და გიგანტურ კუს წავაწყდი. დაუძლურებული ნახევრად ჩამარხულიყო ქვიშაში. ვიფიქრე, გავასუფთავებ და წყალში შევიყვან, ეგება
გაცუროს-მეთქი, მაგრამ ტალღებმა ისევ უკან გამოაგდო. პლასტმასის მოგრძო ნაჭერი ვიპოვე, ზედ ბაწრით დავაბი და დაახლოებით 3 კილომეტრი ზურგით ვათრიე. მერე ურიკა ვინათხოვრე და სახლამდე მოვიყვანე. აბაზანაში რომ ჩავსვი, სული მოითქვა და ამოძრავდა. მეზობლები გარს ეხვეოდნენ, ყველას აინტერესებდა მისი ნახვა. უმუშევარი ვარ, ჰოდა, მირჩიეს, დარეკე ბათუმის დელფინარიუმში, წაიყვანენ, უექიმებენ და გადარჩენისთვის იქნებ ერთი-ორი კაპიკი მოგცენო.

- იცოდით, რომ ეს კუ გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობაა?
- ძალიან მიყვარს ბუნებაზე გადაცემები და ვიცოდი, რომ ეს სახეობა აქ არ ბინადრობს.
დელფინარიუმს რომ დავუკავშირდი, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გამოგზავნეს. მათ ამიხსნეს, რომ არანაირი დახმარება არ არის გათვალისწინებული რომელიმე უნიკალური ჯიშის ცხოველისა თუ ქვეწარმავლის პოვნისთვის და დასძინეს, კუს დატყვევების უფლება არ გქონდათო.

პირველადი დათვალიერებისთანავე თქვეს, რომ კუ ასაკით 100 წელს აღემატება. ეს სახეობა წითელ წიგნში ყოფილა შეტანილი. ჰოდა, წაიყვანეს, დამშვიდობებისას კი მითხრეს, ყველას ვუამბობთ, ასეთი უნიკალური სახეობის ქვეწარმავალი რომ იპოვეთო, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში ჩემზე სიტყვა არ დაუძრავთ. გული დამწყდა. მხოლოდ ინტერნეტით მოედო ეს ამბავი ქვეყანას.

მართალია, მეგონა ამ კუს პოვნით ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდებოდა, თუმცა მისი პოვნის­ პირველივე წუთებში რომ მცოდნოდა, რომ არაფერს გადამიხდიდნენ, მაინც ისევე მოვიქცეოდი - კუს გადავარჩენდი.

P.S. გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაგვიდასტურეს, რომ ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ მართლაც შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტებმა კი განაცხადეს, კუ დაუყოვნებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, მაგრამ საამისო პირობები არც ბათუმის დელფინარიუმშია და არც აკვარიუმში, ამიტომ­ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო "პარაგრაფი აკვარიუმს" მიმართეს და კარეტაც სარეაბილიტაციო კურსს იქაურ საკარანტინო აუზში გაივლის, შემდეგ კი თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ.

ფისო
11 აპრილი 2019 17:34
გული არ გაიტეხო კარგო ადამიანი, ამ კუს გადარჩენისთვის, ნახავ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორ შეიცვლება!
სიკეთე უკვალოდ არასდროს არ ჩაივლის. შენს პატარას მალე გამოჯანმრთელება!
სიკვდილა
11 აპრილი 2019 16:05
არავინ არ დააბრუნებს, მოძებნიან კერძო პირს ვისაც საკუთარი ზოოპარკი აქვს და მიყიდიან 50 000 დოლარად, ამ ბიჭს კი მადლობა არ უთხრეს.
ნანა
11 აპრილი 2019 14:38
ამ კარგ ღარიბ ადამიანს, რომელსაც შვილი ავად ყავს, არ შეიძლება მთავრობას რამე დახმარება ან ჯილდო გადაეცა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები