"ზოგი ბელი უფრო მარტივად ეჩვევა უდედობას, გარინჩას კი ძალიან უჭირდა და გაუთავებლად ტიროდა..." - გარინჩა, ჩოფიკა და კოპალა - კვირის პალიტრა

"ზოგი ბელი უფრო მარტივად ეჩვევა უდედობას, გარინჩას კი ძალიან უჭირდა და გაუთავებლად ტიროდა..." - გარინჩა, ჩოფიკა და კოპალა

"გარინჩა ყველაზე პატარა იყო. ცაგერიდან ჩამოიყვანეს და ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ერთი ფეხით ისე კოჭლობდა, როგორც გარინჩა"

კვირა არ გავა, ზოოპარკში დაჭრილ-დასახიჩრებულ გარეულ ცხოველებსა თუ ფრინველებს არ უმკურნალონ და უკანვე, ბუნებაში არ გაუშვან. თუმცა ზოგიერთი ისეა დასახიჩრებული, ზოოპარკის სამუდამო მკვიდრი ხდება.

ალბათ, ზოოპარკის ყველა თანამშრომელია მოწმე, როგორ ერთნაირად უფართხალებთ გულები აქ მოყვანილ პაწია ბარტყებსა თუ დათვის ბელებს, - ობოლი ყველა ასეა, უდედოდ ყოფნა ყველას გულს ატკივებს. ასე უცემდა გული სამი თვის გარინჩასაც, პატარა თათებს იფარებდა თვალებზე და ტიროდა, - ეგონა, ასე სამუდამოდ დაემალებოდა ადამიანებს! თუმცაღა ობოლი ბელების ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს კარგი, ზუსტად ისევე, როგორც ზოოპარკში მუშაობს ბევრი კარგი ადამიანი.

ახალგაზრდა მეცნიერმა ხატია ბასილაშვილმა დიდხანს იშრომა, რომ ობოლი ბელების სარეაბილიტაციო პროექტი შეექმნა. ამჟამად ბრაზილიელი ფეხბურთელის მოსახელე გარინჩაც მისი "პაციენტია" და ტყეში გასამგზავრებლად ემზადება.

- როგორ ხვდებიან ზოოპარკში ბელები? - რომელიმე ბრაკონიერი დედას მოუკლავს, ბელები კი გასართობად შინ მიჰყავს. სანამ პატარები არიან, გალიაში გამომწყვდეულებს ეთამაშებიან ან სულაც გამუდმებით ხელში ჰყავთ და აწვალებენ; მერე კი, როცა გაიზრდებიან, ზოგი რესტორანს მიჰყიდის, ზოგი კიდევ ცდილობს სხვა გზით მოიშოროს. საბოლოოდ ბელი გარემოს დაცვის სამსახურის ხელში ხვდება, მათ კი ჩვენთან მოჰყავთ. ასე მოიყვანეს გარინჩა, ჩოფიკა და კოპალა.

გარინჩა ყველაზე პატარა იყო. ცაგერიდან ჩამოიყვანეს და ასე იმიტომ დაარქვეს, რომ ერთი ფეხით ისე კოჭლობდა, როგორც გარინჩა. სამივე ძალიან შეშინებული იყო. გარინჩა გაუთავებლად ტიროდა, არაფერი აინტერესებდა. ზოგი ბელი უფრო მარტივად ეჩვევა უდედობას, გარინჩას კი ძალიან უჭირდა. დათვებმა საოცარი შეჩვევა იციან. ზოგიერთი დედის რძის წოვას იმდენად არის მიჩვეული, როცა ძუძუს მოაცილებენ, ამ ჩვევას ვერ ივიწყებს და გაუთავებლად წოვს რაც მოხვდება, თათს, ხის ნაჭერს თუ ღობის ნაწილს. ის დათვებიც, რომლებიც ადამიანთან იზრდებიან, რაც უნდა ძნელი და მძიმე იყოს, თავის გარემოს ეჩვევიან.

ბევრი დათვი ისეა შეჩვეული გალიაში ცხოვრებას, როცა ზოოპარკში მოიყვანენ, კარგა ხანს ისე იქცევიან, თითქოს ისევ გალიაში არიან.

ჩვენ გვყავს გორიდან ჩამოყვანილი დათვი, რომელსაც ძალიან პატარა გალიაში აცხოვრებდნენ, ზოოპარკმა კი უშველებელი სივრცე მისცა, დათუჩა ბოლოს კი გალაღდა, მაგრამ ამ სივრცეშიც აირჩია პირობითი ვიწრო კვადრატი, სადაც დღეში ერთხელ ბოლთას სცემს. მეორე დათვი ბელიაშვილის ქუჩიდან მოგვიყვანეს. იქ მშენებლებს ჰყოლიათ გალიაში. მშენებლების გარდა, ალბათ, ქუჩიდანაც მიდიოდნენ და აწვალებდნენ, ის კი გალიის კუთხეში იყუჟებოდა. ამიტომაც ზოოპარკის ბუჩქებში იმალებოდა საათობით. საკვებისთვისაც არ გამოდიოდა, ბოლოს ძლივს შევაჩვიეთ ჩვენი ხელიდან ჭამას. ზოოპარკში ცხოვრობდა რესტორნიდან მოყვანილი დათვი, რომელსაც, როგორც ჩანს, სასმელს ასმევდნენ და მერე ერთობოდნენ. ეს დათვი იმდენად დამოკიდებული აღმოჩნდა ალკოჰოლზე, რომ მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

- გარინჩა როგორ მიიჩვიეთ? - ხან რას ვაკეთებდით და ხან რას, რომ შეგვჩვეოდა. კოპალასა და ჩოფიკასთან ერთად ვასმევდით რძეს, ვცდილობდით, გარინჩას მათთან ეთამაშა. ბოლოს ჰამაკივით გავუჭიმეთ ფარდაგი და ერთხელაც მასზე წამოგორებული რომ დაგვხვდა, სიხარულისაგან არ ვიცოდით რა გვექნა. ახლა გარინჩა მეტად ცელქი და მოუსვენარი ვინმეა და მალე კოპალასა და ჩოფიკასთან ერთად ბუნებაში გავუშვებთ.

- ამბობენ, ადამიანებთან ნაცხოვრებ დათვებს დამოუკიდებლად ცხოვრება უჭირთო. - თბილისის ზოოპარკი ცდილობს ეს ბარიერი გადალახოს. ბრაკონიერებმა დათვებსაც ისე შეუტიეს, რომ შველა და გამრავლება მათაც სჭირდებათ. ამიტომაც გადაწყვიტა ზოოპარკის დირექციამ დათვების რეაბილიტაციის პროგრამის დაწყება. ვცდილობთ დათუჩები ადამიანებისაგან შორს გვყავდეს, მათი სადგომი ბუნებრივ გარემოს იყოს მიმსგავსებული. ბოლოს ტყეში გასასვლელად მოვამზადებთ და თან საყელურსაც გავუკეთებთ, რათა ფოტოხაფანგით დავაკვირდეთ, იქ როგორ იცხოვრებენ.